Sunday, May 25, 2014

And we mean to go on, and on and on..

  მადრიდის რეალი აგერ უკვე მე-14 წელია, მიყვარს. რაული-მორიენტესის დუეტით დაწყებული და კასილასის გუშინდელი უთავბოლო შეცდომებით დამთავრებული.
 
  რაც არ უნდა იყოს, ქვინის ის სიმღერა, დღეს მადრიდის რეალის გულშემატკივრებისთვის ჟღერს და ჩემპიონები ჩვენ ვართ, მეგობარო.
 




  ეს ვიდეო ბონუსად:




Thursday, May 22, 2014

Bon Appétit!

     პირველად როცა აღმოვაჩინე, რომ ყველა ადამიანი არ იღებდა სიამოვნებას ჭამისგან, დიდი ელდა მეცა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ვიღაცისთვის ჭამა მხოლოდ ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენდა. თურმე ასეთი ბევრი არსებობს და რა სამწუხაროა, რომ ისინი ვერასდროს გაიგებენ, რას ნიშნავს გემრიელი საჭმლის პირველი ლუკმისგან მიღებული სიამოვნება.


    ჩემი ერთ-ერთი ოცნება გაგიმხილოთ? მინდა, ერთხელ გემრიელი საღამო გავმართო, ჯულია ჩაილდის რეცეპტების მიხედვით მოვამზადო კერძები და მეგობრებს გავუმასპინძლდე. მივირთმევთ გემრიელ კერძებს, გვექნება წითელი ღვინო და ბევრს ვიცინებთ. დარწმუნებული ვარ, მსურველი ბევრი იქნება :)

 თქვენ გიყვართ გემრიელად ჭამა?


ფოტო: 1 2

Tuesday, May 13, 2014

Dead Man's Bones

  რაიან გოსლინგი და ზაკ შილდსი პირველად 2005 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ გოსლინგი მსახიობ რეიჩელ მაკადამსს ხვდებოდა, ზაკი - რეიჩელის დას. ერთ სახლში მოუწიათ ცხოვრება.

   "როდესაც ზაკს პირველად შევხვდი, მას მაღალ ქუსლებზე ეცვა.  გავიფიქრე - ვინ არის ეს ტიპი, რა უნდა ვაკეთო მასთან ერთად? მერე კი ვიფიქრე - ალბათ ბენდს შევქმნით." 


   თავიდან ერთმანეთი არ მოეწონათ. შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ორივეს უყვარდა საშინელებათა ფილმები და მოჩვენებები.  გადაწყვიტეს, შეექმნათ პროექტი, რომელსაც უწოდეს Dead Man's Bones და ჩაწერეს იგივე სახელწოდების კონცეპტუალური ალბომი, მოჩვენებებით და ზებუნებრივი ძალებით სავსე.

     სიმღერებში მონაწილეობა მიიღო  ლოს-ანჯელესის ბავშვთა გუნდმა, რაც ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება იყო და სიმღერებს განსაკუთრებული ჟღერადობა მიანიჭა.  ტურნეების დროს კი ადგილობრივ ბავშვებს არჩევენ. ისევე, როგორც როჯერ ვოტერსი - "The Wall"-ის ტურნეების დროს. 


    დუეტი რამდენიმე წესს განსაკუთრებულად იცავს.  მაგალითად, ისინი ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე თავად უკრავენ, იმის მიუხედავად, რომ მანამდე ამის მწირი გამოცდილება ჰქონდათ. სიმღერის ჩაწერისას, სამ ცდაზე მეტს არასდროს აკეთებენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად რეალური იყოს.

    სანამ ამ ჯგუფს გავეცნობოდი, მანამდე გოსლინგის სიმღერა Blue Valentine-ში მოვისმინე და ვიფიქრე, რომ მას სასაცილო ხმა ჰქონდა. ფილმში ასეც იყო.
  თუმცა, როცა ჩემს საყვარელ სიმღერას - Lose Your Soul ვუსმენ, არ ვიცი, სხვა ვისი ხმა შეიძლებოდა ყოფილიყო ასე მშვენივრად შერწყმული მუსიკასთან, რაიანის ხმის გარდა.

  მთელი ალბომი ზომბებით და მოჩვენებებითაა სავსე. მე კი არასდროს მეხატებოდა გულზე ზემოთქმული არსებები. მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, რომ ამ ალბომისგან სიამოვნება მივიღო. ბოლოს და ბოლოს, გოსლინგი თავის ხმის გამო შემიყვარდა, მის გარეგნობას რომ თავი დავანებოთ.

  გიტოვებთ ზევით ნახსენებ, ჩემს საყვარელ სიმღერას. მოუსმინეთ და ეცადეთ, სული არ დაკარგოთ.

 

ფოტოები: Inspirationist და Pitchfork

Monday, May 12, 2014

This Week's Favorites

     არ ვიცი, მიხსენებია თუ არა, ნიუ იორკერის ქავერებით როგორ ვარ აღფრთოვანებული. ყოველთვის ძალიან კარგ, მიმდინარე პერიოდის შესაბამის ქავერებს აკეთებენ, ძალიან კარგი ილუსტრაციებით.  შეგიძლიათ მომავალი კვირის ქავერს (და ასევე წინა, თემატურ ქავერებსაც) გაეცნოთ ამ ლინკზე.

   ამ კიბეების შემხედვარე, აუცილებლად იფიქრებთ, რამდენი სასწაულის შექმნა შეუძლია ადამიანის ხელს. ველოდები, როდის გამოუჩნდებიან მიმდევრები საქართველოში. 

  ალბათ გახსოვთ, როგორ მიყვარს სკანდინავიური სახლები. ერთ-ერთი ასეთი ამ კვირაშიც შემოგვთავაზა სკანდინავიურმა სახლმა.

   ამ ფოტოებზე კი ნამდვილი ზაფხულია, მცხუნვარე მზით და მოკლე-მოკლე შორტიანი გოგოებით :)

 და ბოლოს, ჩემი საყვარელის ბლოგერის, სოფის პოსტი, სწორედ მას ვუმადლი კვირის ფავორიტების შესახებ საუბრის წამოწყებას. ამ პოსტში, ის თავის ფავორიტებზე გვიყვება.


საირმე

  ჩემს პირად ჰაილაითს რაც შეეხება, წინა შაბათ-კვირას საირმეში ვიყავი, რა?სად?როდის? ტურნირზე.  საოცრად მომეწონა ბუნება, შერეული ტყე, სუფთა ჰაერი, სასტუმროს წინ მოჩუხჩუხე მდინარე.. თუმცა თავად სასტუმროს რაც შეეხება, ნომრები დიდი ვერაფერი, დამატებითი გასართობი არაფერი ჰქონდათ (წინ იყო ბილიარდი, ტირი და მსგავსი აქტივობანი, თუმცა ფასიანი). საჭმელი იყო ბევრი, მაგრამ უგემური. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენთვის წვრილმანი იყო, ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ დრო და დავიმუხტეთ დადებითი შთაბეჭდილებებით.


 კიდევ ერთხელ, წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ!

V for Victory


 This is what victory looks like.


  წარმატებულ კვირას გისურვებთ! 


ფოტო: ATP World Tour Page

Saturday, May 10, 2014

დაუნთაუნი - გაგრძელება

  მას შემდეგ, რაც წინა პოსტი გამოვაქვეყნე, ბლოგის პეიჯზე წერილი მომივიდა. დაუნთაუნის წარმომადგენელს, ანას, საუბარი და ამ პრობლემის დეტალური განხილვა სურდა. შემდეგ საღამოს ტელეფონზე ვისაუბრეთ კიდეც, მან ბოდიში მოიხადა, მითხრა, რომ შესაბამისი პერსონალი დაისჯებოდა და ასევე, ვაუჩერი მაჩუქა.

  სავარაუდოდ, ვაუჩერს არ გამოვიყენებ (გარკვეული მიზეზების გამო), თუმცა თავად ფაქტი ძალიან დასაფასებელია. საქართველოში, როგორც წესი, ცივილიზებული მეთოდებით შეცდომის გამოსწორება უცხო ხილია. ამიტომ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ამ ერთ პოსტს ყურადღება რომ  მიაქციეს და შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.

  იმედი მაქვს, მსგავსი შემთხვევების აღწერა აღარ მომიწევს პოსტებში და უფრო დადებით მხარეებზე მექნება ყურადღება გასამახვილებელი, ვინაიდან მომავალში აქტიურად ვგეგმავ სხვადასხვა საკვები დაწესებულებების შესახებ წერას :)

Wednesday, May 7, 2014

დაუნთაუნი

   დაუნთაუნში ქათამი ფრანგულად სუნთქვისშეკვრამდე გემრიელია, შოკოლადის ჩიზქეიქს ღვთაებრივი გემო აქვს, ყავაც მშვენიერი აქვთ. საჭმელს ნამდვილად ვერ დაუწუნებ - რაც გამისინჯავს, ყველაფრით კმაყოფილი დავრჩენილვარ.

  თუმცა, დღეიდან გადავწყვიტე, რომ მათთან აღარასდროს მივალ. აქამდე მე და ჩემს მეგობრებს მოთმინებით გვიწევდა ატანა, რომ მიმტანი ათასში ერთხელ შემოივლიდა და მუდმივად ლოდინი გვიწევდა მომსახურების მისაღებად. თუმცა ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით.

 დღეს საღამოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ დაუნთაუნში წავსულიყავით (კერძოდ, მოსაშვილზე). თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა - დროულად მოგვიტანეს მენიუ, მალევე მოვიდნენ შეკვეთის ჩასაწერად. მართალია, წვენები ყინულის გარეშე უნდა მოეტანათ და ყინულით მოიტანეს, მაგრამ მალევე გამოასწორეს ეს მცირე ხარვეზი. ასევე, მართალია, მე მხოლოდ ჩიზქეიქი და ამერიკანო შევუკვეთე და შემთხვევით ყური რომ არ მოეკრა, მიმტანი ნამცხვრის მოტანას ბოლოს აპირებდა, ძირითადი საჭმელების შემდეგ (რომელსაც მე არ ვჭამდი) და მომიწევდა მომეცადა, სხვები როდის შეჭამდნენ თავის კერძს და შემდეგ მივიღებდი ჩიზქეიქს, მაგრამ არც ამაზე გავამახვილეთ დიდი ყურადღება.

  მოგვიანებით ჩვენი მეგობარი შემოგვიერთდა, რომელმაც აარჩია რაც უნდოდა, მაგრამ მიმტანები ზურგით და შორს იდგნენ და ჩვენს ამაო ძახილზე არავინ გამოგვხმაურებია. ნუ, ზურგზე თვალებს ვერ მოსთხოვ ადამიანს. თუმცა, არც მას შემდეგ, რაც კარგად დაინახეს, რომ ვუხმობდით, აზრადაც არ მოსვლიათ, რაიმე სახის რეაგირება მოეხდინათ. რამდენიმე წუთში, კვლავ ვცადეთ ხელების ქნევით გვენიშნებინა, მოსულიყვნენ.  როგორც იქნა, ერთ-ერთი მათგანი მოვიდა, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე. 

 ამ პოსტს ამ წვრილმანების გამო არ დავწერდი, მხოლოდ ამით რომ ამოწურულიყო ყველაფერი.  ანგარიში რომ წაიღეს, ხურდა გვეკუთვნოდა, 4 ლარი. ძალიან დიდხანს ველოდეთ, როდის მოიტანდნენ, ვინაიდან ჩაის დატოვებას არ ვაპირებდით იმ მომსახურების გამო, რომელიც გაგვიწიეს. სხვა თუ არაფერი, ჩემი გადასწყვეტია, დავტოვებ თუ არა დამატებით თანხას მათთან, წესით ხურდა ბოლო თეთრამდე უნდა მოიტანონ და წინასწარ არ განსაზღვრონ, რას დაიტოვებენ. თუმცა სრულიად ამაო აღმოჩნდა ჩვენი ლოდინი. ბოლოს მოგვბეზრდა, ავდექით და წამოვედით.

  კი, იქვე უნდა დაგვეფიქსირებინა პრეტენზია. თუმცა რატომღაც, როგორც არ უნდა მოიქცნენ, სერვისის სფეროში მომუშავე ადამიანები ძალიან მეცოდებიან და არასდროს ვეუბნები რამეს. თუმცა, დღეიდან ალბათ შევიცვლი ამ დამოკიდებულებას და ყოველთვის ადგილზე დავაფიქსირებ პრობლემას.

  დაუნთაუნს კი დავემშვიდობები, როგორც არ უნდა გაუსაძლისი იყოს ეს ჩემთვის.