Thursday, June 26, 2014

ზაფხული

  კირსტენ დანსტის გარეგნობა არასდროს მომწონდა. მაგრამ W Magazine–ში მისი ბოლო ფოტოსესია ვნახე და ისეთი კარგია, შეიძლება აზრი შევიცვალო. ამ საქმეში სოფია კოპოლას ხელიც ურევია, ნომრის რედაქტირებაზე ისიც იყო სპეციალური მიწვევით.


   ფოტოებში ნამდვილი ზაფხული დგას, ცივ ლიმონათიანი, სწრაფად შეჭმული ნაყინებიანი და საღამოობით ჩახუთულ ჰაერიანი ზაფხული. რაც კირსტენის დამსახურებაცაა, თავის მაცდური ღიმილით და ნათელი თვალებით.





Sunday, June 22, 2014

კინო ზღვისპირა ქალაქში, ანუ ცოტა რამ ბათუმის კინოფესტივალის შესახებ

     ძალიან დიდი ხანია, არაფერი დამიწერია, მაგრამ ახლა ისეთი ამბავი მაქვს, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! განსაკუთრებით კი ბლოგერებს დაგაინტერესებთ.
 
   დღეს ბათუმის კინოფესტივალის პეიჯზე ბლოგერებისთვის საკონკურსო ფორმა განთავსდა. ამ ლინკზე თუ გადახვალთ, ყველა ბლოგერს შეგიძლიათ შეავსოთ და დაელოდოთ სექტემბერს.

შარშანდელი ბიაფის სტენდი

  ძალიან კარგი შესაძლებლობაა, მიიღოთ ახალი გამოცდილება, ნახოთ საინტერესო ფილმები, გაიცნოთ ამ ფილმების რეჟისორები (ყველა არა, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ერთი მათგანი მაინც ჩამოყავთ ორგანიზატორებს), ისიამოვნოთ სექტემბრის ბათუმით (რომელიც ამ პერიოდში ყველაზე ლამაზია), გაიცნოთ ახალი ადამიანები და ყოველი დღე დატვირთული გქონდეთ ათასი სასიამოვნო საქმიანობით.

   მათთვის, ვისაც არ სმენია ამ ღონისძიების შესახებ, ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომ ბათუმის კინოფესტივალი ყოველწლიურად, სექტემბერში იმართება, სადაც წარმოდგენილია შემდეგი კონკურსები:

  •  საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი
  • დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი
  •  მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი

  ასევე იმართება ვორკშოპები, მასტერკლასები და შეხვედრები კონკურსში მონაწილე ფილმების რეჟისორებთან.

   ვისაც ბლოგი არ გაქვთ, ასევე გირჩევთ, რომ ფესტივალზე წახვიდეთ. წინა წლებში დასწრება უფასო იყო, უბრალოდ წინასწარ ჩაწერაა საჭირო და საშუალება მოგეცემათ, ყველა სეანსს დაესწროთ. რაც უფრო ბევრი მაყურებელი იქნება, მით უფრო განვითარდება და გაიზრდება ფესტივალი.


   ამიტომ, თუ გსურთ, საკუთარი კანის ფესტივალი გვქონდეს და უფრო დიდი მასშტაბები დაიპყროს ბათუმის კინოფესტივალმა, აუცილებლად გაეშურეთ 14-21 სექტემბერს ბათუმში და გაატარეთ ძალიან საინტერესო ერთი კვირა.

   სიახლეებს შეგიძლიათ ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე მიადევნოთ თვალყური - BIAFF 2014, სადაც მოგვიანებით განთავსდება კონკურსში მონაწილე ფილმების სია და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.