Tuesday, May 13, 2014

Dead Man's Bones

  რაიან გოსლინგი და ზაკ შილდსი პირველად 2005 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ გოსლინგი მსახიობ რეიჩელ მაკადამსს ხვდებოდა, ზაკი - რეიჩელის დას. ერთ სახლში მოუწიათ ცხოვრება.

   "როდესაც ზაკს პირველად შევხვდი, მას მაღალ ქუსლებზე ეცვა.  გავიფიქრე - ვინ არის ეს ტიპი, რა უნდა ვაკეთო მასთან ერთად? მერე კი ვიფიქრე - ალბათ ბენდს შევქმნით." 


   თავიდან ერთმანეთი არ მოეწონათ. შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ორივეს უყვარდა საშინელებათა ფილმები და მოჩვენებები.  გადაწყვიტეს, შეექმნათ პროექტი, რომელსაც უწოდეს Dead Man's Bones და ჩაწერეს იგივე სახელწოდების კონცეპტუალური ალბომი, მოჩვენებებით და ზებუნებრივი ძალებით სავსე.

     სიმღერებში მონაწილეობა მიიღო  ლოს-ანჯელესის ბავშვთა გუნდმა, რაც ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება იყო და სიმღერებს განსაკუთრებული ჟღერადობა მიანიჭა.  ტურნეების დროს კი ადგილობრივ ბავშვებს არჩევენ. ისევე, როგორც როჯერ ვოტერსი - "The Wall"-ის ტურნეების დროს. 


    დუეტი რამდენიმე წესს განსაკუთრებულად იცავს.  მაგალითად, ისინი ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე თავად უკრავენ, იმის მიუხედავად, რომ მანამდე ამის მწირი გამოცდილება ჰქონდათ. სიმღერის ჩაწერისას, სამ ცდაზე მეტს არასდროს აკეთებენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად რეალური იყოს.

    სანამ ამ ჯგუფს გავეცნობოდი, მანამდე გოსლინგის სიმღერა Blue Valentine-ში მოვისმინე და ვიფიქრე, რომ მას სასაცილო ხმა ჰქონდა. ფილმში ასეც იყო.
  თუმცა, როცა ჩემს საყვარელ სიმღერას - Lose Your Soul ვუსმენ, არ ვიცი, სხვა ვისი ხმა შეიძლებოდა ყოფილიყო ასე მშვენივრად შერწყმული მუსიკასთან, რაიანის ხმის გარდა.

  მთელი ალბომი ზომბებით და მოჩვენებებითაა სავსე. მე კი არასდროს მეხატებოდა გულზე ზემოთქმული არსებები. მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, რომ ამ ალბომისგან სიამოვნება მივიღო. ბოლოს და ბოლოს, გოსლინგი თავის ხმის გამო შემიყვარდა, მის გარეგნობას რომ თავი დავანებოთ.

  გიტოვებთ ზევით ნახსენებ, ჩემს საყვარელ სიმღერას. მოუსმინეთ და ეცადეთ, სული არ დაკარგოთ.

 

ფოტოები: Inspirationist და Pitchfork

3 comments:

  1. სულიც არ დამიკარგავს, მაგრამ საინტერესო ნამუშევარი კი არის ნამდვილად...დიდი ალბათობით ამომეჩემება.

    ReplyDelete
  2. კი არადა ამოვიჩემე უკვე, თან სხვა სიმღერებიც :D

    ReplyDelete