Wednesday, May 7, 2014

დაუნთაუნი

   დაუნთაუნში ქათამი ფრანგულად სუნთქვისშეკვრამდე გემრიელია, შოკოლადის ჩიზქეიქს ღვთაებრივი გემო აქვს, ყავაც მშვენიერი აქვთ. საჭმელს ნამდვილად ვერ დაუწუნებ - რაც გამისინჯავს, ყველაფრით კმაყოფილი დავრჩენილვარ.

  თუმცა, დღეიდან გადავწყვიტე, რომ მათთან აღარასდროს მივალ. აქამდე მე და ჩემს მეგობრებს მოთმინებით გვიწევდა ატანა, რომ მიმტანი ათასში ერთხელ შემოივლიდა და მუდმივად ლოდინი გვიწევდა მომსახურების მისაღებად. თუმცა ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით.

 დღეს საღამოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ დაუნთაუნში წავსულიყავით (კერძოდ, მოსაშვილზე). თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა - დროულად მოგვიტანეს მენიუ, მალევე მოვიდნენ შეკვეთის ჩასაწერად. მართალია, წვენები ყინულის გარეშე უნდა მოეტანათ და ყინულით მოიტანეს, მაგრამ მალევე გამოასწორეს ეს მცირე ხარვეზი. ასევე, მართალია, მე მხოლოდ ჩიზქეიქი და ამერიკანო შევუკვეთე და შემთხვევით ყური რომ არ მოეკრა, მიმტანი ნამცხვრის მოტანას ბოლოს აპირებდა, ძირითადი საჭმელების შემდეგ (რომელსაც მე არ ვჭამდი) და მომიწევდა მომეცადა, სხვები როდის შეჭამდნენ თავის კერძს და შემდეგ მივიღებდი ჩიზქეიქს, მაგრამ არც ამაზე გავამახვილეთ დიდი ყურადღება.

  მოგვიანებით ჩვენი მეგობარი შემოგვიერთდა, რომელმაც აარჩია რაც უნდოდა, მაგრამ მიმტანები ზურგით და შორს იდგნენ და ჩვენს ამაო ძახილზე არავინ გამოგვხმაურებია. ნუ, ზურგზე თვალებს ვერ მოსთხოვ ადამიანს. თუმცა, არც მას შემდეგ, რაც კარგად დაინახეს, რომ ვუხმობდით, აზრადაც არ მოსვლიათ, რაიმე სახის რეაგირება მოეხდინათ. რამდენიმე წუთში, კვლავ ვცადეთ ხელების ქნევით გვენიშნებინა, მოსულიყვნენ.  როგორც იქნა, ერთ-ერთი მათგანი მოვიდა, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე. 

 ამ პოსტს ამ წვრილმანების გამო არ დავწერდი, მხოლოდ ამით რომ ამოწურულიყო ყველაფერი.  ანგარიში რომ წაიღეს, ხურდა გვეკუთვნოდა, 4 ლარი. ძალიან დიდხანს ველოდეთ, როდის მოიტანდნენ, ვინაიდან ჩაის დატოვებას არ ვაპირებდით იმ მომსახურების გამო, რომელიც გაგვიწიეს. სხვა თუ არაფერი, ჩემი გადასწყვეტია, დავტოვებ თუ არა დამატებით თანხას მათთან, წესით ხურდა ბოლო თეთრამდე უნდა მოიტანონ და წინასწარ არ განსაზღვრონ, რას დაიტოვებენ. თუმცა სრულიად ამაო აღმოჩნდა ჩვენი ლოდინი. ბოლოს მოგვბეზრდა, ავდექით და წამოვედით.

  კი, იქვე უნდა დაგვეფიქსირებინა პრეტენზია. თუმცა რატომღაც, როგორც არ უნდა მოიქცნენ, სერვისის სფეროში მომუშავე ადამიანები ძალიან მეცოდებიან და არასდროს ვეუბნები რამეს. თუმცა, დღეიდან ალბათ შევიცვლი ამ დამოკიდებულებას და ყოველთვის ადგილზე დავაფიქსირებ პრობლემას.

  დაუნთაუნს კი დავემშვიდობები, როგორც არ უნდა გაუსაძლისი იყოს ეს ჩემთვის.

No comments:

Post a Comment