Sunday, March 10, 2019

Kuyashii

გუშინ Chef's Table-ის მორიგ ეპიზოდს ვუყურებდი, იაპონელ ქალ შეფ-მზარეულზე, ნიკი ნაკაიამაზე. დასაწყისში მასზე საუბრისას, ერთმა იაპონელმა შეფმა (კაცმა) განაცხადა, პირველად რომ დავინახე, ვიფიქრე რომ ასეთი პატარა (ტანით) გოგო ჩვენს სამზარეულოში ვერ იმუშავებდა და დავცინე კიდეც, ვუთხარი, რომ მზარეულს თამაშობდაო. ამაზე ძალიან გაბრაზდა და მითხრა, რომ ეს თამაში არ არის, მე სერიოზულად ვუდგები საქმესო - იცინოდა ეს კაცი.

ამ დროს კადრი შეიცვალა და თავად ნიკის ინტერვიუ დაიწყო, სადაც ამბობს:

“In Japanese there’s this word called Kuyashii, which is when somebody puts you down or says you can’t do something and you have this burning desire to prove them wrong. Earlier in my career I felt a lot of motivation from that.”

ეს ისეთი შთამაგონებელი იყო! მან თავის მამოძრავებელ ძალად გამოიყენა ის, რასაც დღესდღეობით ვებრძვით, მიზოგინია იქნება თუ სექსიზმი. ეს სიტყვებიც ხომ გამაღიზიანებლად იქცა საზოგადოების ნაწილისთვის, თითქოს, რაღაც იარლიყი გახდა, რომელსაც რაღაცას დაარტყამ და მორჩა, ყველა ისტორია ერთმანეთს ემსგავსება, ყველა ქალის, რომლებიც დაიჩაგრნენ და საბოლოოდ ამ სიტყვებამდე "ჩაგრულ ქალებამდე" დავიდნენ, მათი ამბავი კი მიღმა რჩება.
ნიკიზე მოყვნენ, რომ ერთხელ ერთმა სახელოვანმა ფუდკრიტიკმა, მისი კერძები გასინჯა და აღფრთოვანდა, შეფის სახელი რომ იკითხა და გაიგო, ქალია, patronizing ტონით დაიწყო - აჰ, რა საყვარლობაა ეს საჭმელი, არა?
ასეა, ქალებისგან ელიან რომ საყვარელი არსებები უნდა იყვნენ, რაღაც მოცემულობებში ტირილი დაიწყონ და მშვენიერი თვალები ცრემლებმა დაუნამოთ, სხვა მომენტებში საყვარლად გადაიკისკისონ. კი, ამ კადრების ყურება მართლაც მშვენიერია, რა სჯობს ლამაზი ქალის სიცილის მოსმენას, არა? მაგრამ ქალი რაღაც პერსონაჟი არაა, იმისთვის შექმნილი, რომ სხვების ცხოვრება სასიამოვნო გახადოს და რაღაც ყალიბში ჩაჯდეს.

ახალს არაფერს ვამბობ, ვიცი. უბრალოდ, ხანდახან, ისეთი გამაცოფებელია, როდესაც  ყოველდღიურად ეჯახები პატარ-პატარა მომენტებს თავს დამცირებულად გრძნობ. როცა სალაროსთან დგახარ და ვიღაც შუახნის კაცი მოდის და ზედაც კი არ გიყურებს, ისე დადგება შენ წინ და მოლარე პირველი მას გაუტარებს პროდუქტებს. მერე მოდიხარ სახლისკენ, სიბრაზე გახრჩობს რომ იქ არაფერი თქვი, მაგრამ თან ფიქრობ, როდემდე, როდემდე უნდა იბრძოლო და იჩხუბო? იმ და სხვა შუახნის კაცებს ალბათ ერთხელაც კი არ გაუფიქრიათ ცხოვრებაში, რომ პატარა გოგოები მზარეულობანას და მეცნიერობანას არ ვთამაშობთ, სალაროსთან უჩინმაჩინის მოსასხამებით არ ვდაგავართ და უბრალოდ, ამდენი ბრძოლით დავიღალეთ

"კაპიტანი მარველი" გამოვიდა 8 მარტს კინოთეატრებში. ვიღაცებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მიზეზები იცით რა არის? არც საყვარლად გადაიკისკისა, არც ვიღაც მამაკაცს მიუძღვნა გული და ტრაკი არ აქვს საკმარისად აწეული. მათ ტვინში ჩასმულ კოდებში არ მოიძებნა ქალი სუპერგმირის ეს ყალიბი, რომელიც სექსუალურად არ გამოიყურება.

აქამდე სახელი არ დამირქმევია, მაგრამ ჩემი ცხოვრებაში kuyashii იყო ჩემი მამოძრავებელი ძალა მუდამ. მის უკან იდგნენ ის ქალები თუ გოგონები, რომლებთანაც ვაიდენტიფიცირებდი თავს. პეპი იმიტომ მიყვარდა, რომ ფიზიკურად ძლიერი იყო და ყველას აოცებდა, მულანმა მოინდომა და მამაკაცებს გაუთანასწორდა ფიზიკურად, ბელი ჭკვიანი იყო და ბევრს კითხულობდა. მაშინ არც ფემინიზმი ვიცოდი, არც პატრიარქალური სამყაროს არსი მესმოდა. უბრალოდ ჩემი გონებით ვხვდებოდი, რომ რადგან ის გოგონები არსებობდნენ, მეც შემეძლო მათნაირი ვყოფილიყავი, დამემტკიცებინა, რომ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე ჩემგან მოელიან.

ამიტომ, მადლობა ყველა კაცს, რომლებიც პატარას და უმწეოს გვეძახიან და საყვარელ არსებებად აღგვიქვავენ. მადლობა, რომ გგონიათ ვერაფერს მივაღწევთ. თქვენს არსებობასაც ჰქონია რაღაც დანიშნულება - ჩვენს kuyiashii-ს საწვავი ჭირდება.



პ.ს გუშინ კაპიტან მარველზე პოსტის კომენტარებს ვკითხულობდი. ერთი ქალი წერდა, ჩემმა შვილმა, პატარა გოგონამ, ფილმის ნახვის შემდეგ მთხოვა კაპიტანი მარველის ფორმა, ფიგურა მიყიდეო, შემდეგ კვირაში კი მეორედ მივდივართ სანახავადო. ამ კომენტარის წაკითხვისას დავრწმუნდი, რომ მიუხედავად საზოგადოების რაღაც ნაწილის ამ ფილმის მიმართ დიდი სიძულვილისა, ფილმმა თავისი საქმე უკვე გააკეთა - გოგონებს კიდევ ერთი, ახალი გმირი გაუჩინა, ვის ნახვისასაც იფიქრებენ, მეც გადავდგამ მთებს, თუ მოვინდომებო.

Sunday, August 19, 2018

საუზმის კლუბი - გაგრძელება

“In Wilson's scale of evaluations breakfast rated just after life itself and ahead of the chance of immortality.”
― Robert A. Heinlein, By His Bootstraps


4 წლის წინ, საუზმეებზე პოსტის დაწერა გადავწყვიტე. ჩემს მეგობრებს ვთხოვე, მათი რომელიმე საუზმის ფოტო გამოეგზავნათ. რამდენიმემ ფოტოს მოკლე ისტორიაც მოაყოლა. პოსტი, მოულოდნელად, იმაზე საინტერესო გამოვიდა, ვიდრე ვგეგმავდი. ეს არ იყო მხოლოდ დღის პირველი საჭმლის ფოტოები, მათ უკან განსაკუთრებული ისტორიები იდგა. მას შემდეგ, ამ პოსტს ხშირად ვკითხულობ და ჩემს ერთგვარ კომფორტ-პოსტად იქცა.

ვიფიქრე, რომ საკმარისი დრო გავიდა და ბევრი საუზმის ისტორია დაგროვდა. ამიტომ კიდევ ერთხელ დავიწყე ძიება. მიღებული ამბების მთელი თავგადასავალი აღმოჩნდა. თითქოს კარგად დაწერილი წიგნი გიჭირავს ხელში და  კითხულობ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლებოდა მწერლები, ან თუნდაც პერსონაჟები ყოფილიყვნენ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ საუზმის კლუბის მეორე ნაწილს! 

____________________________________________________



ია ვეკუა

იმ დროიდან, როდესაც მე და ჩემი ძმა სკოლაში დავდიოდით, დედა კი მუშაობდა, ყველაზე მეტად საბნებისა და ლეიბების სათავსოს სუნი მახსოვს - სუნი, რომელსაც წიწიბურას სურნელი ერთვოდა. სამსახურში წასვლამდე დედა სწორედ აქ ფუთნიდა წიწიბურიან ქვაბს, რათა სკოლიდან დაბრუნებულებს თბილი და კიდევ უფრო აფუებული დაგვხვედროდა. ჩემი ბავშვობის სუნი სწორედ ესაა - საბნებსა და ლეიბებში ჩამარხული წიწიბურას სურნელი. საუზმეზე ამაზე კარგი რამ ალბათ არ არსებობს. დილის ყავა კი სულ სხვა ისტორიაა, სწორედ ის, რომელიც სხვას არ უნდა მოუყვე.


____________________________________________________



სოფი ოგბაიძე

პირველ რიგში, წარმოუდგენელია საუზმე კარგი ყავის გარეშე ❤ ბავშვობიდან მივეჩვიე, რომ საუზმის გარეშე სახლიდან არ უნდა გავიდე, შესაბამისად როგორც არ უნდა მეჩქარებოდეს, კვერცხის მოხარშვას მაინც ყოველთვის ვასწრებ. საუკეთესო საუზმე ჩემთვის კვერცხის და შებოლილი ორაგულის კომბინაციაა, ყავასთან ერთად რა თქმა უნდა ^^ ხშირად ვიკეთებ დილით სხვადასხვა ფაფას, ვჭამ ვაშლს და თხილს. თუმცა განსაკუთრებით მიყვარს სასტუმროში საუზმობა, როცა არაფერი არ გაქვს გასაკეთებელი და შეგიძლია აირჩიო, რა გინდა მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან ❤



____________________________________________________




დემბო ლომიძე

ტიმოთესუბანში ვისვენებდით მე და თათა და იმან საჭმლის კეთება არ იცის, ეგ ტვირთი მე ავიღე ჩემს თავზე, სამაგიეროდ ჭურჭლის დარეცხვა იმას გადავაბარე. ხოდა დილით სანამ თათას ეძინა ხოლმე, ვდგებოდი და მაღაზიაში ნაყიდი მცირე სახეობის პროდუქტებიდან ვცდილობდი რამე გამეკეთებინა. ნუ ერთ-ერთი ესაა, ბეკონი მოუხდებოდა, მაგრამ არ გვქონდა, არც ტოსტერი, ასე რომ პურიც ტაფაზე გავხუხე. ჰაერზე საუზმე კიდე overrated არის, როცა ხედად წინ აშვერილი მთა და ეზოში ჩადგმული სხვა კოტეჯი გაქვს მარტო -_-


____________________________________________________

სოფი ყიფიანი

გამარჯობა მზიანი ლიშბოადან! საუზმე ჩემთვის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ნაწილია, სწორედ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა დილას 8 საათზე უნდა გავიდე სახლიდან თუ უფრო გვიან - საუზმეს ყოველთვის აქვს თავისი დრო განკუთვნილი ჩემს დღის განრიგში. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც გრძელი და გვიანი საუზმეები მიყვარს, როცა შეგიძლია ორი საათი იჯდე, აუღელვებლად მიირთვა, დესერტი დააყოლო, წიგნი წაიკითხო და მუსიკას მოუსმინო. ზუსტად მორიგი ასეთი დღე გამითენდა პორტუგალიაში და გიზიარებთ ❤️
არ დავივიწყოთ - “People who love to eat are always the best people”. - Julia Child


Fun fact: როდესაც სოფუნას საუზმის ფოტოსთვის მივწერე, ზუსტად იმ დროს საუზმობდა და ეს ფოტოც სწორედ იმ ეპიზოდისაა :)

____________________________________________________




ნინო ფერაძე

მოკლედ, საუზმე დღის ყველაზე საყვარელი ნაწილია, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც ვახერხებ, ვარჯიშსა და სამსახურს შორის მოვიტოვო დრო და მშვიდად ვჭამო. მართალია, დარბაზის კაფეში არჩევანი მწირია, მაგრამ კარგი ყავა და ფორთოხლის ფრეში აკომპენსირებს ქათმის სალათს, რომელსაც გულის სიღრმეში პიცას ან მაჭკატებს ვამჯობინებდი.

____________________________________________________



თამუნა მესხი

გაღვიძების მერე ვსვამ წყალს. ბებიაჩემმა მითხრა 15 წლის წინ, დილით უზმოზე წყალი კარგიაო და იმის მერე სულ ვსვამ. 15 წუთის მერე ვჭამ ვაშლს. იოგას მასწავლებლის შეგონებაა და ნახევარი საათის მერე ვაყოლებ იმას, რაც სახლში აღმომაჩნდება. დღეს ეს აღმოჩნდა ცეხვილი პური და ყველი და ზაფხულში ცივი, უშაქრო ყავა. სხვა სეზონებზე - ცხელი უშაქრო ყავა.

____________________________________________________

 მაკუნა ჩინჩალაძე

ბავშვობაში ყველაზე მეტად, სტუმრის მოსვლის მეშინოდა, რადგან მაგიდის გაშლისას, დამატებით ფიცარს იღებდნენ მაგიდის შიდა მხრიდან, საიდანაც ჩემი გადამამლული საუზმეები ცვიოდა - გამხმარი კარაქიანი პურები, დაობებული ყველები, პინკ-პონკის ბურთად გადაქცეული მოხარშული კვერცხის გულები და ა.შ 🙂 იმ დროიდან არაფერი შეცვლილა, დილით ჭამა კვლავ არ შემიძლია. უბრალოდ, საკუთარი ორგანიზმის და სხეულის მოსმენა ვისწავლე. გარემო იმდენად სტრესულია, გადავწყვიტე, ისე მოვექცე ჩემს ორგანიზმს, როგორც მას სურს. შიმშილის გრძნობას, სადღაც, შუადღის ორის ნახევრისთვის ვგრძნობ - ამიტომ მაშინ ვიკვებები პირველად. დილით, გაღვიძებისთანავე კი წინა ღამით დაყენებულ თაფლიან წყალს ვსვამ. ბოლო წელია დაბლენდერებული ხილისა და ბოსტნეულის, ე.წ “სმუზის” აქტიური მომხმარებელი გავხდი. ვაბლენდერებ ყველაფერს, ჟოლოდან დაწყებული, ჭარხლით და ისპანახის ფოთლებით დამთავრებულს.
ვურევ სხავადახვა სახეობის თესლებს - ჩიას, სელის თესლს, ქატოს. მოკლედ ყველაფერს, რაც სასარგებლოა, კარგია, მაგრამ მათი დამოუკიდებლად მიღება რთულია. ზაფხულში ამ ყველაფერს, ნაყინის სახეს ვაძლევ (გაყინულ ხილს და ბოსტნეულს ვაბლენდერებ). მერწმუნეთ, ასეთი გემრიელი, სასარგებლო და ნოყიერი, არაფერი გამისინჯავს მე. რაც მთავარია, ენერგიის დიდი წყაროა ჩემთვის. ყველაზე დიდ წინააღმდეგობას საკუთარ თავთან, კი მაშინ წავაწყდი, როდესაც ჩემი შვილი გავაღვიძე სკოლის პირველ დღეს, სკოლაში წასასვლელად, დავსი მაგიდასთან, დავუდგი წინ საუზმე, მან ამომხედა ზუსტად ჩემი თვალებით, მე შევხედე მაგიდას და აღმოვაჩინე, რომ ჩვენი სასადილო მაგიდა არ იშლება 😉 ან ის იყო განწირული საუზმის საჭმელად, ან მე - ხელუხლებელი საუზმის ასალაგებლად. პირველი ერთი წელი, სულ მე ვიყავი განწირული 🙂

____________________________________________________



მარიამ თადუმაძე

გადავწყვიტე ჩემი საუზმის მეგობარზე მომეყოლა. ეს პატარა კაფე მონმარტრის ტერიტორიაზეა მაგრამ არც ისე ტურისტული. ჩემმა ახლადშეძენილმა პარიზელმა მეგობარმა წამიყვანა. იმ დილით პირველად შევხვდით. ვჭამდი ორაგულის, ანანასის და კვერცხის უცნაურ კომბინაციას, ვუყურებდი პიჯაკებში გამოწყობილ ველოსიპედებზე მოკალათებულ ადამიანებს, რომლებიც სამსახურებში მიიჩქაროდნენ, ჩემსავით დაბნეულ ტურისტებს, მეც რომ ეჭვის თვალით მიყურებდნენ და ჩემს ახლადშეძენილ მეგობარს. ამ საუზმემ კიდევ ისე დაგვაახლოვა, შემდეგი საერთო საუზმე თბილისში-ლოლიტაში გვქონდა. 

"ლოლიტას" საუზმე

____________________________________________________


თამთა ჩხაიძე

ასეთი ფაფებით იწყებოდა ხოლმე ჩემი საუზმე ზაფხულის არდადეგებზე გურიაში. დილის 10-ის ნახევარზე ბებიას გამყინავი ხმა ჩაგვესმოდა, ბაღნებო, ადექით, გაცივდება დილას მისაღებიო, და ვიწყებდით ზლაზვნით ადგომას და ნახევრად თვალდახუჭულები ვჭამდით ცხელ ქაშს. მაშინ ამას ვაპროტესტებდი, ძილი მინდოდა, თამაში მინდოდა, შუაღამით კითხვა მიყვარდა და თვალებს ვეხვეწებოდი, სანამ ბებო ჩემს საძინებლამდე მიაღწევდა, როგორმე გახელილიყო. შარშან ჩემით გამეღვიძა და დედამ დამახვედრა ეს საუზმე აივანზე გამოტანილ პატარა მაგიდაზე და პირველი "კოვზი" რომ წავიღე პირისკენ, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მაკლდა. ბებიის მზერა, სიყვარულით სავსე და კმაყოფილებით, მისი შვილიშვილები რომ ნაყრდებოდნენ გემრიელად და ჯანსაღი პროდუქტით. და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ უკვე დიდი გოგო ვარ. და ბებიის მაშინდელი გამყინავი ხმა საშინლად მენატრებოდა ხოლმე, საუზმის გამზადებას რომ გვამცნობდა. ხოდა თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე ჩემს წინ მჯდომი მისი მზერა და არც გამიაზრებია, ისე შევჭამე ერთი ღრმა თეფში, მაშინ როცა, ბავშვობაში კოვზს ვერტიკალურად ვაყენებდი და ისე ვზომავდი თუ რამდენი იყო დარჩენილი თეფშზე.


____________________________________________________



ლაშა პერტახია

ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, მაგრამ გარემო მაცდურია და გემრიელ "ნაგავზე" უარის თქმა მიჭირს, ამიტომ გადავწყვიტე, რადგან ჩემ განკარგულებაშია, საუზმე მაინც ისეთი იყოს, როგორსაც ბრიტანელი მეცნიერები გვირჩევენ.

____________________________________________________
 

ელენე დარჯანია 

ბოლო 1 წლის განმავლობაში 9 სხვადასხვა ქვეყანაში ვისაუზმე. ძირითადად, განსაკუთრებულ ადგილებში, განსაკუთრებულ ადამიანებთან ერთად. ჯერ ვიფიქრე, რომ, ალბათ, ყველაზე მეტად, ჩემს დასთან, ბერლინის ადრეული ზაფხულის მზიანი დილას მირთმეულ საუზმეზე დავწერდი. მერე ვიფიქრე, ალბათ, აბელთან ერთად, მისი სახლის შიდა ეზოსკენ მიმავალ კიბეზე ნეაპოლიტანური ყავა და პორტუგალიური ნუშის ნამცხვრებია მოსაყოლად საუკეთესო საუზმე. ან როდესაც მშივრები დავრჩით დუბროვნიკში, იმიტომ რომ ავტობუსზე ვაგვიანებდით, ან სუში დილის მატარებელში ბრიუსელიდან კიოლნში. ან ჩვენი ბოლო საუზმე სტამბოლში, როდესაც ჯერ კიდევ ერთმანეთს ვპარავდით საჭმელებს და არ ვიცოდით რომ ეს ჩვენი ბოლო დღეა ერთად. ან ის საუზმე, როდესაც, საუკეთესო მეგობართან ერთად, პროექტის დასასრულებლად მთელი ღამე მუშაობის შემდეგ, კატლეტების საჭმელად წავედით? ან როდესაც მარიმ გუშინ დილით ყავა მომიდუღა, იმიტომ რომ “კაროჩე რა”? ან დედაჩემის ბლინები და მამაჩემის შერჩეული მურაბა? ან ჩემი ძმის გამომცხვარი მჭადები? ან თანამშრომლების გამოყოლილი ყავა და მაფინი, იმიტომ რომ იციან დილით როგორ მშია და ისევ დედლაინი გვაქვს? ჰოდა ვზივარ და ვიღიმი ყველაფერ ამას რომ ვიხსენებ ახლა. მარტო ვარ. დანკინ დონატში. we could be heroes უკრავს, depeche mode-ის შესრულებით. ვსაუზმობ. ცუდი ყავა და ბოსტონ კრემის დონატი. ბოსტონ კრემი - იმიტომ რომ მენატრება კემბრიჯი. იქაური მეგობარი მწერს ახლა. სექტემბერში ათენში წასვლას ვფიქრობთ ერთად. არაბი ბიჭია, რომელიც ჰარვარდში, დილის ყავის რიგში გავიცანი და შემოგვესაუზმა.

 ____________________________________________________

გოგა საფარაშვილი

ჩემთვის საუზმე ბავშვიბასთან ასოცირდება. სკოლაში წასვლამდე მე და ჩემს დას აუცილებლად უნდა დაგველია ჩაი, და კარაქიანი და თაფლიანი პური გვეჭამა. ზამთარში განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ხოლმე ეგ პროცესი, პიტნის ჩაი, ღუმელზე გახუხული შოთის პური, ზედ გამდნარი კარაქი და არომატული თაფლი. ახლა ყოველთვის ვეღარ ვახერხებ საუზმეს. და ძირითადად იმას მივირთმევ დილაობით, რაც მაცივარში მხვდება, მაგრამ ყიყლიყო და სოსისი მაინც მირჩევნია ყველაფერს.


დღევანდელი საუზმეა. კარაქწასმული პურების ტოსტი, ყველით და ლორით. უკეთესად იბრაწება კარაქით.

__________________________________________________


                                                          თამთა ჯაფარიძე

ჩემი აზრით, ეს პოსტი ბევრად ლამაზ ფოტოს იმსახურებს, მაგრამ იმ უგემრიელეს საუზმეებს შორის, რომლებიც მქონია, ყველაზე კარგად მაინც ეს მახსენდება. პატარა შესავალი - პეპი გრძელიწინდა რომ წავიკითხე პირველად, იმის მერე ვოცნებობდი, რომ მარტო მეცხოვრა. რა თქმა უნდა, ვერც პეპის ასაკში და ვერც მერე ვილა ყიყლიყოსნაირი სახლი ვერ ვიშოვე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ავდექი და პატარა ბინა ვიქირავე. ხოდა, ეს ფოტო უბრალოდ მეგობრებისთვის მქონდა გაგზავნილი ჩემი პირველი საუზმის აღსანიშნავად. არაფერი განსაკუთრებული, იმასაც ვერ ვიხსენებ მარცხენა კუთხეში რა მოჩანს (ალბათ, პური და ყველი?), მაგრამ ის შეგრძნება მახსოვს, რომ ძაან ამაყი და ბედნიერი ვიყავი.





_________________________________________________



სალომე ადამია

ამასწინათ მეგობართან საუბრისას მორიგი „ჭეშმარიტება“ წამომცდა, რომ ცხოვრებაში მთავარია გემრიელი საუზმეები, ღამის საუბრები და მხრები - იშვიათად თავის ჩამოსადებად.

და პირველად იყო საუზმე.

მე თუ მკითხავთ, ადამიანები ათვლას საუზმით უნდა ვიწყებდეთ. ყველაზე მეტად ის დილები მიყვარს, როცა თავქუდმოგლეჯილი გაქცევა არ მიწევს და გაღვიძებიდან ორი საათი მაინც მაქვს, საკუთარ თავს დავემარტოხელო სუფთა, დასვენებული და გამოძინებული გონებით. ეს ინტერაქცია რიტუალივითაა, რომელსაც აუცილებლად უშაქრო ქაფქაფა ყავა, ფილა შოკოლადი და შვრიის ფაფა მაწვნითა და სეზონური ხილით ამშვენებს. ამ დროს ვგრძნობ რა მარტივია ბედნიერება, როცა ყავის მძაფრი სუნით გაბრუებული ჰარმონიაში ხარ საკუთარ ფიქრებთან და შეგიძლია, დილის პრესას გაეცნო საყვარელი მუსიკის თანხლებით. ეს უკანასკნელი კი ხშირად ზაფხულის ამოჩემება აღმოჩდება - რიუიჩი საკამოტოს ბოლო ალბომი „async“.
ცხადია, იყო დრო, როცა მეც საუზმეს ძილს ვამჯობინებდი, მაგრამ გერმანული განთიადისადმი ერთგულება და მეგობრების შეგონება დამეხმარა, სულ სხვა მუღამი დამეჭირა დილეულს. მას შემდეგ ბევრი დასამახსოვრებელი საუზმე მქონია სისხამს თერმოსით გუდიაშვილის სკვერში, ალაზნის ველის შემყურეს, ზღვაზე მზის ამოსვლისას თუ ჩემი ფანჯრის რაფაზე მოკალათებულს, მაგრამ ვაღიარებ ეს ზაფხული საინტერესო ხალხთან მსუყე რიჟრაჟებით დახუნძლული გამოდგა. თუ ბერლინში გერმანურლი საუზმის ფონზე საერთაშორისო პოლიტიკას განვიხილავდით, ბუდაპეშტ-ამსტერდამში ეულად მომიწია კაპუჩინოს სმა, მაგრამ ჰააგაში მშვიდობის სასახლის ვერანდაზე ესპრესოსა და ნამცხვრის მირთმევა, რომელიც 1934 წლიდან ერთი რეცეპტით მზადდება, ცოტა მისტიკური იყო. მერე ვენაში მეგობრის სამზარეულოში გვიანი საუზმეებით ვიჯერე გული და კიევის ტყეში ცხელ ყავასა და ჟანგბადს ხარბად დავეწაფე.
ამიტომ მინდა გთხოვოთ, არ წაართვათ საკუთარ თავს დილის სიამოვნება.

__________________________________________________



ნაინო ქაშიბაძე

ჩემი ყოველდღიური საუზმე, ალბათ გაგიკვირდება და, არ შეესაბამება ჩემს მჭამელ იმიჯს. მაგრამ ეს მხოლოდ ვიზუალურად და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ვისაც არ უყვარს შვრიის, ე.წ. ჰერკულესის ფაფა. დილით ვერასოდეს ვასწრებ გრძელი საუზმის რიტუალს, ადრე ვერც უბრალო წახემსებას ვასწრებდი. მაგრამ რამდენიმე წელია ვცდილობ სამუშაო დღეებში, როცა უფრო ადრე ვდგები ყოველთვის ვისაუზმო და ძირითადად ყოველთვის სამსახურში ვსაუზმობ. ჰერკულესი ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა ჩემს რუტინაში. ძალიან მიყვარს პუტკუნა, ყველაზე სქელი ფანტელიანი ჰერკულესი, მოხარშვის მერე ტექსტურა რო იგრძნობა, შვრიის არომატიც შენარჩუნებული რომ აქვს. ჩემი მსუნაგობის დასაკმაყოფილებლად, როცა ჩვეულებრივი ფაფა მბეზრდება ყველის დამატება მიყვარს. თუმცა უბრალოდ მარილიანი და ზეთმოსხმული ჰერკულესიც ძალიან გემრიელია, თუ გემრიელად მოხარშავთ. ბებიაჩემმა მიმაჩვია ფაფების ჭამას, ჰერკულესი უყვარდა და სახლში სულ გვქონდა. მასაც მახსენებს ხოლმე ჩემი დილის შვრიის რიტუალი, თითქოს ისევ ერთად ვსაუზმობთ ❤


____________________________________________________



ლიკა კახაძე

როდესაც დავიწყე ფიქრი განსაკუთრებულად გემრიელ საუზმეზე, რომელიც კი ოდესმე დამიგემოვნებია, უპირობოდ ეს დილა გამახსენდა... და გამახსენდა პირველ რიგში გემოების გამო. სხვაგან არასდროს მინახავს ყველაფერი ასე თანაბრად და წარმოუდგენლად გემრიელი ყოფილიყო. აი, თითქოს, ხომ არაფერი სჩანს განსაკუთრებული, მაგრამ დღემდე ძალიან მკვეთრად მახსოვს თითოეული არომატი. ფოტოს რომ შეხედავთ, ალბათ, იფიქრებთ, რომ საუზმისთვის ცოტა ბევრი მომივიდა, მაგრამ ოდესმე თუ ლვოვში მოხდებით, გპირდებით, ერთადერთი, რაც ჩეკების დანახვისას გაგაკვირვებით, მასზე გამოსახული რიცხვების სიმცირე იქნება :))
აა და ფოტო გადაღებულია 2017 წელს, უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, სექტემბერში.


____________________________________________________



მალინა საჯაია

ბავშვობის ზამთრებში, დილაობით, ახალგამომცხვარი ლავაშის სუნი მაღვიძებდა. პიჟამოთი წამოვხტებოდი, დიდი სისწრაფით ჩავუქროლებდი გაყინულ ოთახებს და “სტალაოში” შევდიოდი, სადაც თბილოდა და შეშის ღუმელში იბრაწებოდა პური, რომელსაც მოგვიანებით ბაბუაჩემის დაკრეფილ-დაყენებულ ჩაისთან ვსვამდით. იყო დღეები, როცა ბაბუა დედას ეტყოდა, “ქიგიოჭვე თი სქან ბლინეფი”/“დააცხვე ის შენი ბლინები” და დედა აცხობდა კრეპებს, რომლებსაც ეგრევე ვჭამდით. დადებდა თეფშზე 1 ცალს, წკაპ და აღარ იყო. ეს დილები ჩემი ბავშვობის სიხარულებია. ახლა, ერთი ანეკდოტისა არ იყოს, დილით ისევ მინდება, დედამ ბლინები დამახვედროს, მერე მახსენდება, რომ მე თვითონ ვარ დედა, ვდგები და ხანდახან ვამზადებ მაჭკატებს (ფანქეიქებს) შვილთან ერთად, რომელსაც ძალიან უყვარს ეს პროცესი. ბლინები ყველა ცდაზე ჩამიფლავდა. ჯერჯერობით. საუზმე სასარგებლოა და მიანიჭეთ საკუთარ თავს ეს სიამოვნება 😊

                 ____________________________________________________


 ჩემს საუზმეებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ახლახან დამკვიდრებული ტრადიცია მახსენდება. მე და ჩემი მეგობრები, ანა და ნატა, ვცდილობთ, შაბათობით სადმე გავიდეთ და ერთად ვისაუზმოთ. ცხადია, ეს ყოველ შაბათს ვერ ხერხდება (ვერც ყოველ მეორე ან მესამე შაბათს), მაგრამ მაინც, ამ გვიანმა, ზანტმა საუზმეებმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ვსაუბრობთ ყველაფერზე - ბავშვების აღზრდიდან დაწყებული, ტომ ჰიდლსტონის სილამაზით დამთავრებული. გეფიცებით, ასეთი ძალდაუტანებელი და გულწრფელი საუბრები ყველაზე დიდი სიმშვიდის მომტანია. ალბათ, საუზმეებს ყველაზე მეტად ეს ხდის იდეალურს, როცა შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ჯდომა და განუსაზღვრელ თემებზე ლაქლაქი შეგიძლია.
სწორედ ერთ-ერთი ამ საუზმის ფოტოს წარმოგიდგენთ:


საუზმე "ხურმაში"




ასევე ძალიან მინდოდა გამეხსენებინა ჩემი ეული საუზმე მექსიკაში. დროის სხვაობის გამო, როგორც წესი, დილაადრიან, 4-5 საათისკენ მეღვიძებოდა და ვეღარ ვიძინებდი. ერთ-ერთ ასეთ დილას, სხვებს ჯერ კიდევ ეძინათ, მე ჩვეულ დროს, ადრიანად გამეღვიძა. დიდხანს ვიცადე, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მარტო ავედი ვერანდაზე სასაუზმოდ. ქინდლი ავიტანე და ჰარი პოტერს ვკითხულობდი.  ახალამოსული მზის სხივები შენობებს ჯერ წითლად ეფინებოდა, მერე კი ოქროსფერი გახდა. ყავას ნელა ვსვამდი და ახალგამომცხვარ ვაფლს ვაყოლებდი და ვგრძნობდი, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყო, აქ და ახლა.
მარცხენა  ფოტო იმ დღესაა გადაღებული, მზის ამოსვლამდე, ქვედა კი - მზის ამოსვლისას.






Friday, June 1, 2018

როგორ გავხდე ტოროლა

წინა პოსტის გადაკითხვისას შევნიშნე, თუ როგორ დავცინი საკუთარ თავს, დილის პერსონა ანუ ტოროლა რომ არ ვარ.
თვითირონია კარგია, მაგრამ საქმეს არ შველის.

ყოველთვის მინდოდა, დილით ადრე გაღვიძება ზედმეტი ძალდატანების და ტანჯვის გარეშე შემძლებოდა. რაც ასაკი მემატება და ძილი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, უფრო მეტად მინდა, ტოროლა ვიყო. ჩემი ორგანიზმი ღამის რეჟიმის დარღვევას უბრალოდ ვეღარ უძლებს. წავიდა ის დრო, როცა ღამისთევები შემეძლო, დილით კი ლექციაზე გავრბოდი. ახლა, თუ ძილი 2 საათით დამაკლდა, მომდევნო დღეს თავის ტკივილები მკლავს, ისე, რომ გამოძინების გარდა არაფერი მშველის.

გადავწყვიტე, ამ ყველაფერს ბოლო მოეღოს!

ბოლო პერიოდში შევნიშნე, რომ ზოგჯერ დილით 7 საათისკენ თავისით მეღვიძება. მაღვიძებს გულისრევის შეგრძნება. საწოლში ვტრიალებ, მაგრამ ჩაძინებას ვეღარ ვახერხებ, რამდენიმე წუთში კი თავს სრულიად გამოფხიზლებულად ვგრძნობ. ვდგები, მცირედით ვსაუზმობ და ყავას ვიდუღებ. სამზარეულოდან ქუჩას გავყურებ, მანქანები კანტიკუნტად დადიან, მზე ჯერ კიდევ არ ჩანს (თუ ზამთარია) ან ახლა ამოდის, შეიძლება სტადიონზე ერთი მოხალისე დარბოდეს კიდეც. ასეთი დილები ყველაზე მეტად მიყვარს - me time რომ მაქვს, გარშემო ყველას ძინავს და ქალაქიც ახლა იღვიძებს (რას ვიზამთ, თბილისია, ზოზინა ქალაქი, 7-ზე ჯერ კიდევ ძინავს).
თუმცა, თუ თავისით არ მოხდა ეს დილის 7 საათზე გაღვიძება, ჩემით ძალიან მიჭირს, უფრო ზუსტად კი, არაფრით არ გამომდის.


ამიტომ ვეძებ მეთოდებს, რა დამეხმარება, რომ ტოროლა გავხდე?

1. რეჟიმში ჩადგომა - დილით ადრე გაღვიძება ორგანიზმს გარკვეულ რეჟიმში აქცევს, ღამითაც ერთსა და იმავე დროს დაძინება კი გვიანობამდე ფხიზლად შემორჩენას ამარიდებს თავიდან.
2. მხნედ ყოფნა - გამოძინებულზე ადრე გაღვიძება უზრუნველყოფს მთელი დღე ენერგიულად იყო და უფრო მეტი მოასწრო. ამიტომ, დილით საყვარელი სერიალის ერთით მეტი სერიისთვის გაღვიძებაც კარგი სტიმული შეიძლება გახდეს (თუ გაინტერესებთ, ამჟამად დილაობით Clone Wars-ს ვუყურებ ხოლმე).
3. უძილობის პრობლემის მოგვარება - წინა პოსტშიც აღვნიშნე, ხანდახან ჩაძინება მიჭირს, ღამით ხშირად მეღვიძება, რის გამოც დილით უკვე დაღლილი ვიღვიძებ და მთელი დღე გაღიზიანებული ვარ.
4. ზანტი საუზმე - ეს შეიძლება მთავარი მიზეზი იყოს, რის გამოც დილით ადრე გაღვიძება მენდომება! მარტო ჭამა არ მიყვარს და ამის გამო კაფეშიც არ დავდივარ მარტო, მაგრამ ეს არ ეხება საუზმეს - ვაღმერთებ! ამ დროს შემიძლია ნელ-ნელა ვჭამო, შიგადაშიგ ყავა მოვსვა, თუ სადმე ვარ, გარშემო ხალხი ვათვალიერო, ტელეფონი ვსქროლო, ვიკითხო ან უბრალოდ ერთ წერტილს მიშტერებული ვიჯდე.
5. და ბოლოს, ზემოთნახსენები me time - დილის მარტოობა განსხვავდება ღამის მარტოობისგან. ღამით ყველას რომ ძინავს და შენ - არა, რაღაცნაირად სევდიანია და მარტოსულობის განცდას იწვევ. დილა კი სულ სხვა საქმეა - ყველას ძინავს, შენ კი უკვე გამოფხიზლებული ხარ, ანუ ახალი დღე სხვებზე ადრე დაიწყე!



ვეცდები, ბლოგი კიდევ ერთხელ არ მივატოვო და ტოროლობისკენ სწრაფვის სიახლეები გაგიზიაროთ (თუ ვინმე შემოდიხართ აქ, რა თქმა უნდა).


Thursday, December 7, 2017

My morning routine



დილას ადრიანად ვახელ თვალს, გავიღიმებ, ვიზმორები და საწოლიდან წამოვხტები. წინა დღით გამზადებულ ფორმას და ბოტასებს ვიცვამ და სარბენად მივდივარ. შემდეგ ენერგიით სავსე ვბრუნდები, შხაპს ვიღებ, ვსაუზმობ, ასევე წინა დღით გამზადებულ მოწესრიგებულ ტანსაცმელს ვიცვამ და სამსახურში მივდივარ.

აჰ, მოიცადეთ, ეს ჩემი ოცნების დილა აღვწერე, რომელიც არასდროს მომხდარა (თუ არ ჩავთვლით ზაფხულში ერთი-ორჯერ სარბენად იპოდრომზე წასვლას, სიცხეში ლამის თავი რომ ამეხადა და სახლამდე ტაქსით წამოვედი).

სინამდვილეში, დილით მაღვიძარას 4-5-ჯერ ვსნუზავ. გაღვიძებისას, ჯერ ტელეფონში სოც.ქსელებს ვამოწმებ, თან ამ დროს გამოფხიზლებასაც ვცდილობ. რამდენიმე წუთში ვდგები, საუზმეს ვიმზადებ და პარალელურად ლეპტოპში რამე სერიალს (ამ ეტაპზე Sex and the city) ვრთავ. ამ დროს ისეთ სერიალებს ვუყურებ, რაც უკვე ნანახი მაქვს. საუზმის მერე ვსვამ ყავას, ნელა და სვენებ-სვენებით. ყავას და ერთ სერიას რომ დავამთავრებ, აბაზანის დროა.
როგორც წესი, ტანსაცმელს წინა დღით არასდროს ვიმზადებ, ამიტომ დილით მიწევს უცებ მოფიქრება, რა უნდა ჩავიცვა. თუ სამუშაო დღეა, ვცდილობ ზედმეტად კომფორტულად არ გამოვეწყო და სამსახურში სახლის ფორმაში არ მივიდე (თუმცა ზოგჯერ არ გამომდის). სხვა დღეებში კი, ტანსაცმლის შერჩევისას პრიორიტეტი კომფორტს ენიჭება.

ჩაცმის პარალელურად კვლავ რომელიმე სერიალი მაქვს ჩართული (ამ პოსტის წერა დიდი ხნის წინ დავიწყე და ამიტომ ამჟამად Sex and the City-ს ნაცვლად Friends-ის დილები მაქვს).
ბოლო პერიოდში სმარტფონი თვალებს ძალიან მტკენს, შორს დანახვა მიჭირს ხოლმე და ამიტომ დილაობით ტელეფონში ინტერნეტს აღარ ვრთავ, ლეპტოპში ვსქროლავ ცოტ-ცოტას, თან მეილებს ვამოწმებ და ყავას ვსვამ.

ამ ბოლო დროს  ჩაძინების პრობლემა მაქვს, საკმაოდ დიდი ხანი მჭირდება (ხანდახან საათზე მეტიც) და ამიტომ დილაობით გაღვიძებაც ძალიან მიძნელდება. ამისათვის ვცდილობ, ძილის წინ ციფრულ ეკრანებს მოვერიდო. ლეპტოპს 10 საათისკენ ვთიშავ და ძილის წინ ვკითხულობ (ამჟამად - The Lord of the Rings-ს). ამ წესს მხოლოდ ეს კვირაა, რაც მივდევ და ჯერჯერობით შესამჩნევი შედეგი არ ჩანს, მაგრამ იმედია, მალე მეშველება.

თქვენი დილა როგორია?

Wednesday, October 4, 2017

კულინარიული სნობიზმის ტიპები

კულინარია საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჯერ კიდევ 5 წლის წინ, მზარეულობა არც ისე სასახელო საქმიანობად ითვლებოდა, დღესდღეობით კი  ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესიაა. კვების უამრავი ობიექტის გახსნასთან ერთად, არჩევანიც გაიზარდა და შესაბამისად, კვების კულტურა  გამოგვიმუშავდა. უფრო და უფრო რთული ხდება გადაწყვიტო "რა ჭამო" და "სად ჭამო".

ამ ყველაფერმა კი კულინარიული სნობების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. რომლებიც ხანდახან აუტანლებიც კი ხდებიან თავიანთი სპეციფიკური კულინარიული ხასიათის გამო. შესაძლოა, ქვემოთ მოყვანილ რომელიმე ტიპში საკუთარი თავი ამოიცნოთ, ან სულაც - რამდენიმე კატეგორიაში ერთად აღმოჩნდეთ (მე ნამდვილად ასე ვარ).



 1. "მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია" - ყოველგვარი ახალი კერძის თუ გემოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, რომლებისთვისაც სიახლე ძალიან რთულად მისაღები, ან საერთოდ მიუღებელია. ქათამი ანანასით? ანუ ტკბილი ქათამი? როგორ შეიძლება ეგ მოგეწონოს? რად მინდა ტკბილი ქათამი, როცა შქმერული გვაქვს, ჰეჰეჰე.

2. მოდის ხმას აყოლილები -  ისინი მუდმივად აღმოაჩენენ რაღაც ახალ პროდუქტს, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც წესი, ეს პროდუქტი ყველაზე სასარგებლო რამ არის და უამრავ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელია. მოდის ხმას აყოლილები ყოველ დილით კინოათი საუზმობენ და თითოეული საუზმე სადღაც 20 ლარი უჯდებათ.

3. Viva la evolucion - ეს ადამიანები არა მარტო ჭამას, არამედ ყველაფერს ევოლუციის კუთხით უდგებიან. "ადამიანი დასაბამიდან უმ ხორცს ჭამდა, მარილს არ მოიხმარდა,  ორგანიზმისთვის ესაა ნორმალური, ამგვარ საკვები უნდა მიიღოს და არა სანელებლებით გატენილი რაღაც. დამატებითი ინგრედიენტები საერთოდ არ ჭირდება ორგანიზმს". ისინი ოდნავ მოხარშულ, ოდნავ შემწვარ, უმარილო ხორცს მირთმევენ და ამაყობენ, რომ ევოლუციურად სწორად იკვებებიან. მაშინ, როცა, ევოლუციის შედეგი 10 და 20 წელში არ გამოჩნდება, ანუ მათ კონკრეტულ ცხოვრებაში  ვერაფერ ცვლილებას დანახავენ. მაგრამ მაინც, მომავალი კაცობრიობისთვის კარგ საქმეს აკეთებენ.

4. სინდისის ხმა - ისინი ძირითადად ვეგანები ან ვეგეტარიანელები არიან და მაშინ, როცა ჩანგალზე წამოცმულ სტეიკის ნაჭერს პირისკენ წაიღებ, სინდისის ხმა მზადაა, სახეზე რომელიმე ცხოველის დაკვლის სისხლიანი ვიდეო აგაფაროს და გაგახსენოს, რომ ადამიანი ყველაზე სასტიკი არსებაა, შენ კი ლეშისმჭამელი ხარ.

5. Wannabe სწორი ადამიანები (ანუ დაახლოებით არშემდგარი ზედა კატეგორია) - "ვაპირებ ვეგეტარიანელი გავხდე, ალბათ იანვრიდან დავიწყებ, ოღონდ 15 იანვრიდან. მანამდე ახალი წლებია და საცივზე/გოჭზე თავს ვერ შევიკავებ". მათ ძალიან უნდათ, რომ თანამედროვე საზოგადოებისთვის კაი ტიპები იყვნენ, რაც თავისთავად გულისხმობს ცხოველთა სიყვარულს. მაგრამ არ გამოსდით, იმიტომ რომ ყველანაირი ცხოველი უყვართ, მათ შორის, მწვადის ან ქაბაბის სახით.

6. ელიტური მჭამელები - მათთვის მნიშვნელოვანია, ვის მიერ ან სად არის მომზადებული კერძი და რამდენად ჯანსაღი და ხარისხიანი ინგრედიენტებია გამოყენებული. შეუძლიათ, ქოთნის ლობიოში სოლიდური თანხა გადაიხადონ, თუ ეს ლობიო პრესტიჟულ რესტორანშია მომზადებული და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გემრიელი იქნება. შესაძლოა, უკეთესი ლობიო მცხეთაში იყოს, მაგრამ იქ პლებეებთან ერთად ხომ არ დასხდებიან?

7. უცხოეთში ნაჭამები - ისინი შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ აღნიშნონ სად რა აქვთ ნაჭამი. სოციალურ ქსელში უცხოეთში მყოფ ფრენდს ჩექინზე აუცილებლად მიუწერენ: "ამა და ამ რესტორანში ხბოს ხორცი ნაღებით და სატაცურით ჭამე აუცილებლად, მერე გადადი XY რესტორანში და ყავა გოგრის და დარიჩინის არომატით დააყოლე, მერე ამა და ამ ქუჩაზე გაიარე და ამა და ამ საფუნთუშესთან ღრმად შეისუნთქე იქიდან გამომავალი სურნელი, აი მაშინ შეიგრძნობ ნამდვილ პრაღას (აქ ჩასვით ნებისმიერი სხვა პოპულარული ქალაქი)!" მოკლედ, ისინი საერთოდ არ გეკითხებიან, რა გიყვარს, დიდად არც იმას დაგიდევენ, რასაც მოგწერენ, შეჭამ თუ არა. მთავარია, აღნიშნეს, რომ ამ ქალაქში თავადაც ნამყოფები არიან და უჭამიათ.

8. შინაური შეფები - ისინი ამზადებენ სახლში. შეიძლება არც ისე კარგად, შეიძლება არც ისე ბევრს. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია, რომ მუდმივად გვახსენებენ ამის შესახებ პირადად, ფეისბუქზე, ინსტაგრამზე.. ჩვენ მუდმივად ვისმენთ მათი მომზადებული კერძების ისტორიებს, განსაკუთრებით, სადმე რესტორანში ყოფნისას, ყველა კერძს თან ახლავს მათი კომენტარები, თუ როგორ კარგად, ან უკეთესადაც კი ამზადებენ ისინი ამ კერძს. ისინი ცდილობენ, თავიანთი გამოცდილება ხალხში გაავრცელონ და დაუღალავად გვასწავლიან რეცეპტებს: შემწვარი ქათმის ფილე ბროკოლით, სტაფილოთი, ბულგარულით და ხახვით, რომლის რეცეპტიც თავად სათაურშია, მაგრამ მაინც დაუღალავად, დაწვრილებით აღგვიწერენ თითოეულ საფეხურს.

9. პეროფობები - ყველა მეტ-ნაკლებად ძვირადღირებულ რესტორანზე მოსაზრება აქვთ რომ "ეგ ადგილია პეროა! "საკმარისი პერო არ მაქვს, რომ მანდ წამოვიდე." სინამდვილეში საქმე უფრო ფულის, ვიდრე პეროს არქონაშია. მათთვის ყველა ადგილი, სადაც კერძის მაქსიმალური ღირებულება 10-15 ლარს სცდება "პეროა" და მუდმივად დაცინვით მოიხსენიებენ.

10. ინსტა-ადამიანები - ისინი დაუღალავად იღებენ კერძის ფოტოებს ათასი რაკურსით, თითო რაკურსის რამდენიმე ფოტოს, მანამ, სანამ კერძი არ გაცივდება. გაგიმართლათ, თუ კერძი საერთო არ არის და მხოლოდ მათ ეკუთვნით, თორემ სხვაგვარად მოცდა მოგიწევდათ - ისინი ერთი ლუკმის აღების ნებასაც კი არ დაგრთავენ, სანამ გადაღებას არ მოათავებენ. შემდეგ კი გადაღებული ათასი ფოტოდან ის ერთადერთი შეირჩევა, რომელსაც ინსტაგრამზე მოხვედრის ბედნიერება ელოდება. ფილტრების დამღლელი შერჩევის შემდეგ კი ფოტო სააშკარაოზე უამრავი ჰეშთეგით გამოდის.