Thursday, November 13, 2014

ინფორმაცია - სასარგებლო თუ საზიანო?

  ბოლო პერიოდია, ძალიან გულმავიწყი გავხდი. მიჭირს ადამიანების თუ ფაქტების დამახსოვრება. მავიწყდება რა დავგეგმე შემდეგი დღისთვის. დიდი ძალისხმევა მჭირდება ერთ კონკრეტულ მოვლენაზე კონცენტრირებისთვის და ყურადღების დეფიციტი მაქვს.

   ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ, ჩემი მეხსიერება იდეალურ მდგომარეობაში იყო.  აბსოლუტურად ყველა ადამიანი მამახსოვრდებოდა, ვისაც შევხვდებოდი. თვეების შემდეგ, მეორედ რომ მენახა ესა თუ ის კონკრეტული პიროვნება, სრული სიზუსტით აღვიდგენდი, როდის და სად ვნახე პირველად, რა ერქვა და რა თემაზე ვისაუბრეთ გაცნობისას. ამისთვის არანაირი ძალდატანება არ იყო საჭირო და ხშირად მაღიზიანებდა კიდეც ასეთი კარგი მახსოვრობა, ვინაიდან ბევრ ადამიანს მე არ ვახსოვდი და ერთი-ორჯერ უხერხულ მდგომარეობაშიც აღმოვჩნდი ამის გამო (ახლა რას არ მივცემდი, იმდროინდელი გონების მესამედი მაინც რომ დამიბრუნდებოდეს).

      2 წელი ისეთ სამსახურში ვიმუშავე, სადაც სტრესი მუდმივი თანმდევი იყო. ეს პრობლემებიც მას შედეგ დამეწყო. ზუსტად 1 წელი გავიდა, რაც ამ სამსახურს თავი დავანებე. ვიფიქრე, რომ ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში ჩადგებოდა და ძველი მეხსიერების უმეტესი ნაწილი მაინც აღმიდგებოდა. სამწუხაროდ, პირიქით ხდება და ნელ-ნელა უკვე მაშფოთებს ჩემი დაბნეულობა და გულმავიწყობა.


    რა არის სავარაუდო მიზეზები?


  •   წინა სამსახურის ნარჩენი მოვლენები, რომლებიც დიდი შანსია, ცხოვრების ბოლომდე გამყვეს.
  • თანამედროვე ცხოვრების თანხმლები მუდმივი სტრესული მდგომარეობა.
  • დასვენების ნაკლებობა (ბოლოს შარშან სექტემბერში დავისვენე).
  • ინფორმაციის სიჭარბე.

   ამ პოსტში მინდა უკანასკნელზე გავამახვილო ყურადღება.

  დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციას ვიღებთ. საიდანაც უმეტესი ნაწილი არასაჭიროა. სამსახურში ვკითხულობთ უამრავ მეილს, ვისმენთ ისტორიებს თანამშრომლებზე, მათ ოჯახის წევრებსა თუ სხვა, მესამე პირებზე, რომლებსაც ძირითადად არ ვიცნობთ. ინტერნეტში ვკითხულობთ უამრავ არასაჭირო ნიუსს და ა.შ
 
  ტვინში, როგორც დიდი მოცულობის ფოლდერში, ყველა ეს ინფორმაცია იყრება და მეტ-ნაკლებად ხარისხდება. ნაწილი ღრმად განლაგდება და შესაბამისად, მომავალში მათი გახსენება უფრო რთულია.
  მაგალითად, წარმოვიდგინოთ ექსელი, სადაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციაა ჩაწერილი. დავუშვათ, ჩვენ ვსერჩავთ სიტყვებს - რომელია ესპანეთის დედაქალაქი? თუ ეს ინფორმაცია ღრმადაა შენახული, შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს ძებნის პროცესი და საათების, ან დღეების მერე ამოგვიგდოს გონებაში პასუხი. მაგრამ თუ სერჩში ჩავწერთ სიტყვას "მადრიდი", ეგრევე ამოვარდება ინფორმაცია, რომ ესაა ესპანეთის დედაქალაქი. ანუ, მზად მიწოდებული ინფორმაცია უკვე ადვილი მოსაძებნია. თუმცა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, მოძებნოს, რომელია ესპანეთის დედაქალაქი.
  ამ ფოლდერში, რომელსაც უამრავი ინფორმაციის დატევა შეუძლია, რაც უფრო მეტია ინფორმაცია, მით უფრო რთულია საჭირო მონაცემების დასერჩვა.

  ინფორმაციის სიჭარბეს მე  21-ე საუკუნის სინდრომსაც ვუწოდებ, რომელიც ნევროზული მდგომარეობის წინაპირობა შეიძლება გახდეს. კარგი იქნებოდა, ჩემს ამ მოსაზრებას სხვადასხვა კვლევა და სტატისტიკური მონაცემებიც უმაგრებდეს ზურგს, მაგრამ სამწუხაროდ ამდენი რესურსი და დრო ამ ეტაპზე არ მაქვს.

  განსაკუთრებულად საყურადღებოა სოციალური ქსელები. სადაც დღის განმავლობაში ათასი ჯურის ინფორმაცია თავსდება. ძალაუნებურად, ტვინი ყველაფერს ასკრინშოტებს და ინახავს. ერთი შეხედვით, თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ წარმოიდგინეთ, თვეების და წლების განმავლობაში რამდენი ყოვლად უსარგებლო ამბავი მიედინება და გროვდება ჩვენს გონებაში, რომელსაც ისედაც არ აკლია მსგავსი ბალასტები სხვა წყაროებიდან.

  ასეთი მცირე ექსპერიმენტი ჩავატარე გუშინწინ: საღამოს დავჯექი და გავიხსენე, რომ იმ დღეს ფეისბუქზე 75 წუთი გავატარე - 15 წუთი დილით, სახლში, ყავის სმისას და  1 საათი სამსახურში. მართალია, სამსახურში სრული 1 საათი არ დამითმია, მაგრამ რამდენიმე წუთში ერთხელ განახლებების ნახვა უკვე საკმარისია რომ მინიმუმ იმ 1 საათში მომხდარი ყველა სიახლე მენახა. საღამოს, ყველა ინფორმაცია (რის გახსენებაც 2-3 წუთში შევძელი) რაც იმ დღეს ფეისბუქზე ვნახე და დამამახსოვრდა, ექსელში ჩავწერე და რიცხვობრივად ავსახე (ინფორმაციაში იგულისხმება ყველაფერი - დაშეარებული ლინკი, პროფილის ფოტოს ცვლილება და ა.შ).

  შედეგი ასეთია: გამახსენდა 29 არასაჭირო და 2 საჭირო ნიუსი. ამ ორიდან ერთი ჩემი დაშეარებული ლინკი იყო. საჭირო ინფორმაციაში იმიტომ შევიყვანე, რომ მე თვითონ დავინტერესდი და დავაშეარე.

   საკმაოდ ბევრია, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა დღეებში ბევრად მეტ დროს ვატარებ სოციალურ ქსელებში და შესაბამისად, მიღებული ინფორმაციის მოცულობაც მეტია.

   რა გადაწყვეტილება მივიღე?

 - მაქსიმალურად შევამცირო სოციალური ქსელების მოხმარება ყოველდღიურობაში. 

  როგორ?

  -   სამსახურში ყველა სოც.ქსელი დაბლოკილია და შუადღისას 2 საათით ირთვება მხოლოდ. მობილურში ინტერნეტს სპეციალურად არ ვრთავ, მუდმივად ფეისბუქზე რომ არ ვიჯდე.  შევეცდები საღამოს სახლიდან მაქსიმალურად გვიან შევიდე ფეისბუქზე და მთელი ნიუსფიდის სქროლვის ნაცვლად, პირდაპირ ჩემთვის საინტერესო ადამიანების პროფილზე გადავიდე და იქ ვნახო, რა აქტივობა ჰქონდათ მათ.

 მთავარი მიზანია - მაქსიმალურად შევამცირო არასაჭირო ინფორმაციის მიღება.

    ფეისბუქის გაუქმება სისულელედ მეჩვენება, ადამიანებთან კომუნიკაციის ძალიან საჭირო წყაროა და თან, გაუქმებიდან 1 კვირაში იგივე აქტივობით დავუბრუნდები, როგორც უმეტესობა აკეთებს ამგვარი მცდელობების შემდეგ.

    ჯერჯერობით, ეს 2 დღეა, საკმაოდ კარგი შედეგი მაქვს. საღამოს სახლში მოვდივარ, მშვიდად ვკითხულობ წიგნებს, ვმეცადინეობ მაგისტრატურაში და დროც საკმარისი მრჩება. იმედი მაქვს რომ ამ ბალანსს მომავალშიც შევინარჩუნებ.

  წარმატება მისურვეთ :)

Sunday, October 12, 2014

საუზმის კლუბი

  "გაახსენდა დილის საუზმე სახლში, ომამდე. დედა ცისფერ და თეთრ უჯრედებიან სუფრას გადაუფარებდა ხოლმე მაგიდაზე და ყავასთან ერთად ყოველთვის ჰქონდათ თაფლი, ფუნთუშები და ცხელი რძე. იადონი გალობდა და ზაფხულობით მზე აშუქებდა ფანჯარაზე მდგარ ნემსიწვერებს. ხშირად ხელში გასრესდა ხოლმე ამ ყვავილის მუქ მწვანე ფოთოლს, იყნოსდა მის უცხოსა და მძაფრ სურნელს და უცხო ქვეყნებზე იწყებდა ფიქრს.."
                       
  -  ერიხ მარია რემარკი, ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა.


  ეს ჩემი საყვარელი საუზმის ეპიზოდია. 

      საუზმობთ დილით? ჩემ გარშემო უმეტესობა ამბობს რომ - არა. არ ვიცი სხვა ქვეყნებში ამ მხრივ სტატისტიკა როგორია, მაგრამ ჩვენთან ბევრი დილას მხოლოდ ყავით იწყებს (გამოგიტყდებით, რომ მათი ძალიან მშურს, კუჭი ასეთი ფუფუნების საშუალებას რომ აძლევს). ჩემთვის საუზმე წმინდათაწმინდა აქტია, რიტუალი. მართალია ამ რიტუალს გადარბენით ვასრულებ, მაგრამ ბოლო წლებში თითზე ჩამოსათვლელი დღეები მახსენდება, როცა არ მისაუზმია.

   ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი სტატია ვნახე მსგავს თემაზე - რას მიირთმევენ საუზმეზე სხვადასხვა ქვეყნის ბავშვები, რამდენ საკვებს ჭამენ დღის განმავლობაში სხვადასხვა ეროვნების ოჯახები და ა.შ

  გადავწყვიტე, ჩემი მეგობრებისთვის მეთხოვა, თავიანთი საუზმის ფოტოები გამოეგზავნათ. ზოგიერთმა ასევე საკუთარი ისტორია მომიყვა, რომელიც ამ კონკრეტულ ფოტოსთან, ან რომელიმე სხვა საუზმესთან იყო დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობრები ბევრს მოგზაურობენ, ან სულაც, ცხოვრობენ საზღვარგარეთ.  ამიტომ  ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან ბევრი საუზმე დამიგროვდა.

    მოემზადეთ, წინ იმდენი კარგი ფოტო და ამბავი გელოდებათ, მშურს, რომ პირველად გიწევთ წაკითხვა. იმედია, ნასაუზმები ხართ  :)
 


  ანა ილურიძე. Travessa da Portuguesa, ლისაბონი, პორტუგალია. 2014 წელი, მაისი.

   "ლისაბონის ერთი ბედნიერი დილის ან უფრო შუადღის მარა ნამდვილად საუზმის ფოტოს მოგაშველებ - მანგო, ყველი, ბეკონი, გახუხული პური და ვაშლის ღვეზელი."

                 ___________________________________________________________ 

ლეა ბაკურიძე, 1 წლის და 10 თვის, ბათუმი, 2014
   
 მარი კორინთელი (ლეას დედა):

  "ერთი საუზმე მახსოვს. ლეა იყო სადღაც ათი დღის, სახლში მარტო ვიყავით მე და ლეა. ეგ ხო გუდურა იყო თავიდან და მე დავასწარი ადგომა, წყნარად მოვიმზადე საუზმე, შევალაგე სკამზე ფეხები, მოვიდგი რადიოძიძა. უცებ რადიოძიძაში მაგის კრუტუნი გავიგე, ტირილი კი არა, უაზრო ბგერები, რაღაცას ღუღუნებდა და სუნთქავდა. აი, ვერ აღვწერ, რა ვიგრძენი. არ წამოვმდგარვარ, ცოტა ხანს ვიჯექი სამზარეულოში, დეკემბრის მზიანი დილა იყო, მე ცოტა მციოდა შიშველ ფეხებზე და ჩემი სამზარეულო სავსე იყო ლეას უაზრო ღუღუნით და რაღაცნაირად მივხვდი, რომ არც ბევრი ფული მჭირდებოდა, არც წარმატება და არც არაფერი, რადიოძიძადან ისმოდა ყველაფერი, რაც იმ მომენტში ჩემთვის იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი."

                  ___________________________________________________________



   ჯემა ბეჟანიძე, 
  
  თბილისი, ოქტომბერი 2014

 "ჩემი საუზმის არსებობა-არარსებობა დამოკიდებულია იმაზე, რომელ საათზე შევძლებ საწოლიდან ადგომას და რამდენად მეჩქარება სამსახურში, ამიტომ, როგორც წესი, სასაუზმოდ უკვე მზა პროდუქტები მაქვს მომარაგებული ხოლმე."
                                    

                ___________________________________________________________
 



  შორენა ტატიშვილი, სანტორინი, საბერძნეთი. სექტემბერი, 2013 წელი.

   "ეს იყო პირველი ჩვენი საუზმე საბერძნეთში, უკვე გამოძინებულ–დასვენებულზე რომ შევიგრძენით იქაურობის არაამქვეყნიური სილამაზე, როცა გვინდოდა მაშინ რომ ავდექით და რომ გამოვიზლაზნეთ აუზთან და ვთხოვეთ იმ ოჯახს საუზმე, მოგვიტანეს ეს. რა არის მანდ, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ისე გემრიელად იჭმეოდა რომ.."

                   ___________________________________________________________
 

  სალომე ბენიძე, თბილისი, სექტემბერი, 2013.

  "ჩემი ყველაზე კარგი საუზმეების შესახებ მოგიყვე?  ვილნიუსში რომ ვცხოვრობდი, ზამთარში, ძაან რომ ციოდა, დილაობით ჩემი იტალიელი მეგობრები ხუხავდნენ პურს  და ადუღებდნენ მოკას და მთელ სართულზე იდგა მოკას, ტოსტების და დამდნარი კარაქის სუნი.  ჰოდა, დილით რომ გამოვდიოდი, ხალათით, გარეთ თოვდა და ციოდა, ვისხედით სამზარეულოში და ვსვამდით მოკას და ვჭამდით კარაქიან ტოსტებს..  ის მოკას მადუღარა ახლა ჩემთანა, მაჩუქეს."

  
სალომე, აგვისტო 2014
                  

                 ___________________________________________________________




ივანე ცქიტიშვილი, თბილისი, 2014

                  ___________________________________________________________


ნატა კოჭლაშვილი, თბილისი, ოქტომბერი 2014.


                        












               
                 ___________________________________________________________ 


მარიამ გიგუაშვილი, გრანადა, ესპანეთი, 5 აგვისტო 2014.

  "ანდალუსიური ლორიანი და ყველიანი ომლეტია. ესპანეთში მიმტანები ისე გემსახურებიან, თითქოს შენს გარდა ათასი საქმე აქვთ კიდევ გასაკეთებელი, თუმცა შენ იმდენად განსაკუთრებულად მიგიჩნიეს, რომ რამდენიმე წუთით ყველაფერი გვერდზე გადადეს და ახლა შენ წინ დგანან სრულ მზადყოფნაში თავიანთი სამხრეთული ღიმილით. არადა მართლა ეგრეა, მარტო ჩემს მაგიდას გადააფარეს თხელი ლურჯი ქაღალდის სუფრა..."

 
პოტსდამერ პლატცი, ბერლინი, დეკემბერი, 2012

 - ამ ფოტოზე თუ გაქვს რამე ისტორია?
 - არა ისეთი ისტორია არაფერი აქვს, ელენე იჯდა ჩემს გვერდით და ხატავდა.

                  ___________________________________________________________

  
დავით ბახსოლიანი, ყელიწადის ტბა, სექტემბერი 2013. 

                 ___________________________________________________________





ნათია ფერაძე,  თბილისი, 10 ოქტომბერი, 2014

   
                 ___________________________________________________________



  თამარ გოგოხია, პეტერბურგი, 2014.

                  ___________________________________________________________


თამთა ჭალიძე, თბილისი, ოქტომბერი 2014.

 "ჩემი ჯანსაღი საუზმე, რომლის გაკეთებასაც 2-3 წუთი უნდა - ბანანი, უცხიმო ხაჭო, რძე, გერკულესი, ვანილი.  ვაბლენდერებ. ცოტა თხილს ვუშვები ხანდახან. ძალიან ტკბილიც არ გამოდის და სწრფად კეთდება/იჭმევა. მე სულ მაგვიანდება დილით და მისწრებაა ეს, მსუყეა და კარგად განაყრებს."

                 ___________________________________________________________



  გიორგი კარანაძე, თბილისი, ოქტომბერი 2014.


"ეს ჩემი საყვარელი ჭიქაა, წარწერა: I love you like a hobbit loves second breakfast."

                  ___________________________________________________________


 პერწკლი, დიკლო, თუშეთი, 2012.

  "თუშეთია ეს, დიკლო, მესაზღვრეების ბლოკპოსტი, სიცივე. მაგათ ვესტუმრეთ, ჰქონდათ გაგუზგუზებული შეშის ღუმელი, თავისი გამომცხვარი პურები და იქაური ჩაი, რომელზეც უარი ვთქვით და ყავა დაგვალევინეს. დურბინდი დავითრიე და ეს ფოტო გადავიღე."  

                  ___________________________________________________________
 

  მათე მაყაშვილი, რადებოილი, გერმანია, აგვისტო 2014.


  "საუზმედ გვქონდა თაფლი, კარაქი, ყველი, შოკოლადი, კაკაო, ყავა, შემწვარი შაშხი კვერცხთან ერთად, ხლოპიები და რძე."

                 ___________________________________________________________



  ანა გიგუაშვილი, ოქსფორდი, ინგლისი, ოქტომბერი 2014.

  "ოქსფორდული დილები რაღცნაირია, მყუდრო და ძალიან დილაადრიანად იწყება. თუ თორნიკე დილით ჩემ გაღვიძებამდე არ გადის სახლიდან, მაშინ ერთად ვსაუზმობთ. თუ არადა, თორნიკე უნივერსიტეტში სვამს ყავას, მე კიდევ თუ ცუდი ამინდი არაა და სახლში არ მირჩევნია ყოფნა, გავდივარ ველოსიპედით სტარბაქსში ან კოსტასთან და იქ მივირთმევ რა თქმა უნდა ამერიკანოს : ) ამ დროს ოქსფორდის ქუჩების და სახლების თვალიერება ყველაზე მყუდრო და ბედნიერი საქმიანობაა."

                  ___________________________________________________________


  ლელა ბულისკერია, თბილისი, ოქტომბერი 2014.

   "ჩემი აზრით საუკეთესო საუზმე იცი რომელია? კარგად გამოძინებულზე რომ მიირთმევ აი ეგ."

                  ___________________________________________________________



  კედი, თბილისი, ოქტომბერი 2014.

  "ნევერლენდის დაკარგული ბიჭები საუზმობის რიტუალს არ ასრულებენ. ისინი დგებიან, თვალებს იფშვნეტენ და ჰოპ! უკვე კუნძულის სხვადასხვა მხარეს არიან. მე მათ მაგივრად ვუსვამ პურს კარაქს, ვაკეთებ ყველიან ბუტერბროდებს, ვწვავ ყიყლიყოს და სანამ სხვებს გაეღვიძებათ, მაგიდის თავში მარტო ვჯდები და ცხელი კაკაოს ჭიქაზე ხელებს ვითბობ. ვითომ მათ მოსვლას ვუცდი.

                  ___________________________________________________________
 


   ნატა ობოლაძე, სტამბული, თურქეთი. ოქტომბერი 2014

                  ___________________________________________________________


   ნინო სოხაძე, Café  Granja La Pallaresa, ბარსელონა, ესპანეთი. სექტემბერი 2014.

 " ფოტოზე ჩუროსია, ესპანური ტკბილეული, რომელსაც მიირთმევენ შოკოლადთან ერთად. ეს საუზმე ძალიან გემრიელი და განსაკუთრებული იყო. ბოლო დილას, ბარსელონაში მარტო ბოდიალისას, შევედი ამ პატარა კაფეში. შესვლისთანავე შემომეგება შუახნის ბაბუ, ღიმილით. თავისუფალი ადგილის მოძებნაში დამეხმარა. კაფეს მომსახურე პერსონალი, სულ ესპანელი ბაბუებისგან შედგებოდა, რომლებიც ღიმილიანი სახეებით დაუღალავად დაფუსფუსებდნენ მაგიდებს შორის... ეს იყო ალბათ ყველაზე გემრიელი და ესპანური საუზმე, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, გარდა იმისა, რომ ყველაფერი საოცრად გემრიელი იყო, ამ პატარა და უბრალო კაფეს სიმყუდროვემ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე."

                                                                     
                 ___________________________________________________________

                                                                  * * *

   ჩემი პირადი საუზმეების გახსენებისას, ძალიან გამიჭირდა ერთი რომელიმეს გამოყოფა; მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ყველაზე კარგი დილები ჩემი მეგობრების - ანას და მარის სახლში მქონია.

   მარი ისეთ სიმღერას ჩართავდა, რომელიც ზუსტად იმ დილისთვის იყო განკუთვნილი. სამივე მათ მზიან სამზარეულოში დავსხდებოდით, ვსვამდით ფინჯან ყავას, ვლაპარაკობდით ათას რამეზე და გეფიცებით, დრო უფრო ნელა გადიოდა, ვიდრე სხვა დროს. ამიტომ ყველაფერს ვასწრებდით - ცხელი ყავის ხვრეპასაც და ლაპარაკსაც. იმ დილებში მნიშვნელოვანი უფრო მეტად განწყობა იყო და არა საუზმის რაციონი.

ანას და მარის სახლი, თბილისი, 2011 წელი.

Tuesday, October 7, 2014

კვირის ფოტო


 Twiggy at Disneyland during her first visit to the U.S., 1967.

   LIFE-ს რომ უამრავი სხვადასხვა ცნობილი ადამიანის თუ მოვლენის ამსახველი ფოტოების დიდი საგანძური აქვს, ალბათ არავისთვისაა ახალი. ცოტა ხნის წინ შევედი მათ ვებ გვერდზე, ვათვალიერებდი მომღერლების, მსახიობების იშვიათ სურათებს და ყველაზე მეტად მაინც ეს ფოტო დამამახსოვრდა, როგორ ჭამს პირმოთხუპნული ტვიგი ნაყინს დისნეილენდში. თავისი ცნობილი, ტუშით აპრეხილი წამწამები კი დაბლა აქვს დახრილი.
 
   ყველა გოგოშია რაღაც განსაკუთრებული, უბრალოდ ამას აღმოჩენა ჭირდება. ყველაზე ლამაზები კი მაშინ არიან, როცა მთელი გულით არიან დაკავებული ნაყინის ჭამით :)  
 

Monday, September 8, 2014

პატარა [მსუქანი] პრინცი

   სამეფო ოჯახი არასდროს მიყვარდა. არა, უფრო ოჯახი კი არა, მათ მიმართ მედიის დამოკიდებულება არ მეხატებოდა გულზე.  ქეით მიდლტონის დას, პიპასაც კი, უამრავი პაპარაცი რომ დასდევდა და მისი ჩაცმულობის ყველა დეტალს ცალკე სტატია ეძღვნებოდა. პროტესტის ნიშნად, ყველა ავითვალწუნე და ყველა ნიუსს, რომელიც მათ ეხებოდა, თვალს ვარიდებდი.



   ეს ყველაფერი მანამ, სანამ ქვეყანას სასაცილო, მსუქანი არსება - ჯორჯი მოევლინებოდა. მისმა დაბადებამ, რა თქმა უნდა პრესის ყურადღება გააასმაგა. თუმცა, სადღა დაგიდევდით ჩემს პროტესტს, სადაც კი ვარდისფერლოყება პრინცს მოვკრავდი თვალს, ყველა ამბავს ვკითხულობდი. მერე შევამჩნიე, რომ ქეით მიდლტონი ძალიან დახვეწილი გემოვნების გოგო ყოფილა. არც განსაკუთრებულად პომპეზურად იცვამდა, მაგრამ არც ერთ სტილში, მაგალითად, როგორც დედოფალი ელიზაბეტი, რომლის პიჯაკი და ქვედაბოლო უკვე მომაბეზრებელზე მომაბეზრებელი გახდა.

ეს outfit ხშირად აცვია და ძალიან მომწონს

   ქეითს ყოველთვის ისე აცვია, რომ გაიფიქრებ, ასე თავისუფლად ჩაიცვამდი მეგობართან ფინჯან ყავაზე, ან რომელიმე სხვა, ყოველდღიურ შეხვედრაზე. ცხადია, ყველაფერს ისე  გვაწვდიან, რომ პრინცის მეუღლე კეთილი და უზადო გამოჩნდეს, თუმცა ფოტოებს რომ ვაკვირდები, ქეითი მაინც საკმაოდ უშუალო და კარგი გოგო მგონია. აი ისეთი, ქუჩაში შემთხვევით თუ შემოგხვდა, შეიძლება გაჩერდეს და გკითხოს, თუ სად შეიძინე ეს ლამაზი სანდლები. კარგით, ცოტა გადავაჭარბე. მაგრამ ქეითით ერთობ მოხიბლული ვარ და უკვე ჯორჯის გარეშეც მაინტერესებს :)

 დღეს სოც.ქსელები ახალი ამბით აჭრელდა - ქეითი მეორე ბავშვზეა ორსულად და მალე ქვეყანას მეორე ფერხორციანი გუნდა მოევლინება. იმედია, ისიც ჯორჯივით კარგი იქნება :)



  შეხედეთ, როგორი დიდებული ბავშვია. ამ დროს ალბათ დიდების მოსაწყენ საუბარს უსმენს და ერთი სული აქვს, როდის წაიყვანენ სახლში და საყვარელ ფაფას აჭმევენ.

პ.ს
 ქეითის სტილზე საქებარ პოსტს ცალკე დავწერ :)

Tuesday, July 15, 2014

Fernweh

     Bored Panda-ზე ერთი სტატია ვნახე, სიტყვებზე, რომლებიც სხვა ენებზე პირდაპირ არ ითარგმნება.

      ბევრი საინტერესო სიტყვა იყო (რომლებიც ზემოთ მოცემულ ლინკში შეგიძლიათ თავადაც ნახოთ), მაგრამ ერთი განსაკუთრებით მომეწონა.

  Fernweh (გერმანული) - feeling homesick for a place you have never been to. 

   ორი ქალაქი გამახსენდა. მათი იმდენი ფოტო მაქვს ნანახი, უკვე მგონია, რომ ნამყოფი ვარ და ხანდახან საშინლად მენატრება.


დუბროვნიკი



 ყველაზე ლურჯზღვიანი და  წითელკრამიტებიანი ქალაქი.




  ბრიუგე



  ყველას უყვარს ბრიუგე (ყველას თუ არა, იმათ მაინც, ვისაც ეს ფილმი უნახავს).



 თქვენ თუ გაქვთ ასეთი ადგილები?

 ფოტოები: დუბროვნიკი, ბრიუგე

Saturday, July 5, 2014

Batumi



 * * *

თურმე, ზოგჯერ როგორი მონატრება იცის ამ ქალაქმა : )

 

By me


By me



Photos: 1 2 3 4 5

Thursday, June 26, 2014

ზაფხული

  კირსტენ დანსტის გარეგნობა არასდროს მომწონდა. მაგრამ W Magazine–ში მისი ბოლო ფოტოსესია ვნახე და ისეთი კარგია, შეიძლება აზრი შევიცვალო. ამ საქმეში სოფია კოპოლას ხელიც ურევია, ნომრის რედაქტირებაზე ისიც იყო სპეციალური მიწვევით.


   ფოტოებში ნამდვილი ზაფხული დგას, ცივ ლიმონათიანი, სწრაფად შეჭმული ნაყინებიანი და საღამოობით ჩახუთულ ჰაერიანი ზაფხული. რაც კირსტენის დამსახურებაცაა, თავის მაცდური ღიმილით და ნათელი თვალებით.





Sunday, June 22, 2014

კინო ზღვისპირა ქალაქში, ანუ ცოტა რამ ბათუმის კინოფესტივალის შესახებ

     ძალიან დიდი ხანია, არაფერი დამიწერია, მაგრამ ახლა ისეთი ამბავი მაქვს, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! განსაკუთრებით კი ბლოგერებს დაგაინტერესებთ.
 
   დღეს ბათუმის კინოფესტივალის პეიჯზე ბლოგერებისთვის საკონკურსო ფორმა განთავსდა. ამ ლინკზე თუ გადახვალთ, ყველა ბლოგერს შეგიძლიათ შეავსოთ და დაელოდოთ სექტემბერს.

შარშანდელი ბიაფის სტენდი

  ძალიან კარგი შესაძლებლობაა, მიიღოთ ახალი გამოცდილება, ნახოთ საინტერესო ფილმები, გაიცნოთ ამ ფილმების რეჟისორები (ყველა არა, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ერთი მათგანი მაინც ჩამოყავთ ორგანიზატორებს), ისიამოვნოთ სექტემბრის ბათუმით (რომელიც ამ პერიოდში ყველაზე ლამაზია), გაიცნოთ ახალი ადამიანები და ყოველი დღე დატვირთული გქონდეთ ათასი სასიამოვნო საქმიანობით.

   მათთვის, ვისაც არ სმენია ამ ღონისძიების შესახებ, ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომ ბათუმის კინოფესტივალი ყოველწლიურად, სექტემბერში იმართება, სადაც წარმოდგენილია შემდეგი კონკურსები:

  •  საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი
  • დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი
  •  მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი

  ასევე იმართება ვორკშოპები, მასტერკლასები და შეხვედრები კონკურსში მონაწილე ფილმების რეჟისორებთან.

   ვისაც ბლოგი არ გაქვთ, ასევე გირჩევთ, რომ ფესტივალზე წახვიდეთ. წინა წლებში დასწრება უფასო იყო, უბრალოდ წინასწარ ჩაწერაა საჭირო და საშუალება მოგეცემათ, ყველა სეანსს დაესწროთ. რაც უფრო ბევრი მაყურებელი იქნება, მით უფრო განვითარდება და გაიზრდება ფესტივალი.


   ამიტომ, თუ გსურთ, საკუთარი კანის ფესტივალი გვქონდეს და უფრო დიდი მასშტაბები დაიპყროს ბათუმის კინოფესტივალმა, აუცილებლად გაეშურეთ 14-21 სექტემბერს ბათუმში და გაატარეთ ძალიან საინტერესო ერთი კვირა.

   სიახლეებს შეგიძლიათ ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე მიადევნოთ თვალყური - BIAFF 2014, სადაც მოგვიანებით განთავსდება კონკურსში მონაწილე ფილმების სია და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.

Sunday, May 25, 2014

And we mean to go on, and on and on..

  მადრიდის რეალი აგერ უკვე მე-14 წელია, მიყვარს. რაული-მორიენტესის დუეტით დაწყებული და კასილასის გუშინდელი უთავბოლო შეცდომებით დამთავრებული.
 
  რაც არ უნდა იყოს, ქვინის ის სიმღერა, დღეს მადრიდის რეალის გულშემატკივრებისთვის ჟღერს და ჩემპიონები ჩვენ ვართ, მეგობარო.
 




  ეს ვიდეო ბონუსად:




Thursday, May 22, 2014

Bon Appétit!

     პირველად როცა აღმოვაჩინე, რომ ყველა ადამიანი არ იღებდა სიამოვნებას ჭამისგან, დიდი ელდა მეცა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ვიღაცისთვის ჭამა მხოლოდ ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენდა. თურმე ასეთი ბევრი არსებობს და რა სამწუხაროა, რომ ისინი ვერასდროს გაიგებენ, რას ნიშნავს გემრიელი საჭმლის პირველი ლუკმისგან მიღებული სიამოვნება.


    ჩემი ერთ-ერთი ოცნება გაგიმხილოთ? მინდა, ერთხელ გემრიელი საღამო გავმართო, ჯულია ჩაილდის რეცეპტების მიხედვით მოვამზადო კერძები და მეგობრებს გავუმასპინძლდე. მივირთმევთ გემრიელ კერძებს, გვექნება წითელი ღვინო და ბევრს ვიცინებთ. დარწმუნებული ვარ, მსურველი ბევრი იქნება :)

 თქვენ გიყვართ გემრიელად ჭამა?


ფოტო: 1 2