Thursday, November 13, 2014

ინფორმაცია - სასარგებლო თუ საზიანო?

  ბოლო პერიოდია, ძალიან გულმავიწყი გავხდი. მიჭირს ადამიანების თუ ფაქტების დამახსოვრება. მავიწყდება რა დავგეგმე შემდეგი დღისთვის. დიდი ძალისხმევა მჭირდება ერთ კონკრეტულ მოვლენაზე კონცენტრირებისთვის და ყურადღების დეფიციტი მაქვს.

   ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ, ჩემი მეხსიერება იდეალურ მდგომარეობაში იყო.  აბსოლუტურად ყველა ადამიანი მამახსოვრდებოდა, ვისაც შევხვდებოდი. თვეების შემდეგ, მეორედ რომ მენახა ესა თუ ის კონკრეტული პიროვნება, სრული სიზუსტით აღვიდგენდი, როდის და სად ვნახე პირველად, რა ერქვა და რა თემაზე ვისაუბრეთ გაცნობისას. ამისთვის არანაირი ძალდატანება არ იყო საჭირო და ხშირად მაღიზიანებდა კიდეც ასეთი კარგი მახსოვრობა, ვინაიდან ბევრ ადამიანს მე არ ვახსოვდი და ერთი-ორჯერ უხერხულ მდგომარეობაშიც აღმოვჩნდი ამის გამო (ახლა რას არ მივცემდი, იმდროინდელი გონების მესამედი მაინც რომ დამიბრუნდებოდეს).

      2 წელი ისეთ სამსახურში ვიმუშავე, სადაც სტრესი მუდმივი თანმდევი იყო. ეს პრობლემებიც მას შედეგ დამეწყო. ზუსტად 1 წელი გავიდა, რაც ამ სამსახურს თავი დავანებე. ვიფიქრე, რომ ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში ჩადგებოდა და ძველი მეხსიერების უმეტესი ნაწილი მაინც აღმიდგებოდა. სამწუხაროდ, პირიქით ხდება და ნელ-ნელა უკვე მაშფოთებს ჩემი დაბნეულობა და გულმავიწყობა.


    რა არის სავარაუდო მიზეზები?


  •   წინა სამსახურის ნარჩენი მოვლენები, რომლებიც დიდი შანსია, ცხოვრების ბოლომდე გამყვეს.
  • თანამედროვე ცხოვრების თანხმლები მუდმივი სტრესული მდგომარეობა.
  • დასვენების ნაკლებობა (ბოლოს შარშან სექტემბერში დავისვენე).
  • ინფორმაციის სიჭარბე.

   ამ პოსტში მინდა უკანასკნელზე გავამახვილო ყურადღება.

  დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციას ვიღებთ. საიდანაც უმეტესი ნაწილი არასაჭიროა. სამსახურში ვკითხულობთ უამრავ მეილს, ვისმენთ ისტორიებს თანამშრომლებზე, მათ ოჯახის წევრებსა თუ სხვა, მესამე პირებზე, რომლებსაც ძირითადად არ ვიცნობთ. ინტერნეტში ვკითხულობთ უამრავ არასაჭირო ნიუსს და ა.შ
 
  ტვინში, როგორც დიდი მოცულობის ფოლდერში, ყველა ეს ინფორმაცია იყრება და მეტ-ნაკლებად ხარისხდება. ნაწილი ღრმად განლაგდება და შესაბამისად, მომავალში მათი გახსენება უფრო რთულია.
  მაგალითად, წარმოვიდგინოთ ექსელი, სადაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციაა ჩაწერილი. დავუშვათ, ჩვენ ვსერჩავთ სიტყვებს - რომელია ესპანეთის დედაქალაქი? თუ ეს ინფორმაცია ღრმადაა შენახული, შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს ძებნის პროცესი და საათების, ან დღეების მერე ამოგვიგდოს გონებაში პასუხი. მაგრამ თუ სერჩში ჩავწერთ სიტყვას "მადრიდი", ეგრევე ამოვარდება ინფორმაცია, რომ ესაა ესპანეთის დედაქალაქი. ანუ, მზად მიწოდებული ინფორმაცია უკვე ადვილი მოსაძებნია. თუმცა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, მოძებნოს, რომელია ესპანეთის დედაქალაქი.
  ამ ფოლდერში, რომელსაც უამრავი ინფორმაციის დატევა შეუძლია, რაც უფრო მეტია ინფორმაცია, მით უფრო რთულია საჭირო მონაცემების დასერჩვა.

  ინფორმაციის სიჭარბეს მე  21-ე საუკუნის სინდრომსაც ვუწოდებ, რომელიც ნევროზული მდგომარეობის წინაპირობა შეიძლება გახდეს. კარგი იქნებოდა, ჩემს ამ მოსაზრებას სხვადასხვა კვლევა და სტატისტიკური მონაცემებიც უმაგრებდეს ზურგს, მაგრამ სამწუხაროდ ამდენი რესურსი და დრო ამ ეტაპზე არ მაქვს.

  განსაკუთრებულად საყურადღებოა სოციალური ქსელები. სადაც დღის განმავლობაში ათასი ჯურის ინფორმაცია თავსდება. ძალაუნებურად, ტვინი ყველაფერს ასკრინშოტებს და ინახავს. ერთი შეხედვით, თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ წარმოიდგინეთ, თვეების და წლების განმავლობაში რამდენი ყოვლად უსარგებლო ამბავი მიედინება და გროვდება ჩვენს გონებაში, რომელსაც ისედაც არ აკლია მსგავსი ბალასტები სხვა წყაროებიდან.

  ასეთი მცირე ექსპერიმენტი ჩავატარე გუშინწინ: საღამოს დავჯექი და გავიხსენე, რომ იმ დღეს ფეისბუქზე 75 წუთი გავატარე - 15 წუთი დილით, სახლში, ყავის სმისას და  1 საათი სამსახურში. მართალია, სამსახურში სრული 1 საათი არ დამითმია, მაგრამ რამდენიმე წუთში ერთხელ განახლებების ნახვა უკვე საკმარისია რომ მინიმუმ იმ 1 საათში მომხდარი ყველა სიახლე მენახა. საღამოს, ყველა ინფორმაცია (რის გახსენებაც 2-3 წუთში შევძელი) რაც იმ დღეს ფეისბუქზე ვნახე და დამამახსოვრდა, ექსელში ჩავწერე და რიცხვობრივად ავსახე (ინფორმაციაში იგულისხმება ყველაფერი - დაშეარებული ლინკი, პროფილის ფოტოს ცვლილება და ა.შ).

  შედეგი ასეთია: გამახსენდა 29 არასაჭირო და 2 საჭირო ნიუსი. ამ ორიდან ერთი ჩემი დაშეარებული ლინკი იყო. საჭირო ინფორმაციაში იმიტომ შევიყვანე, რომ მე თვითონ დავინტერესდი და დავაშეარე.

   საკმაოდ ბევრია, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა დღეებში ბევრად მეტ დროს ვატარებ სოციალურ ქსელებში და შესაბამისად, მიღებული ინფორმაციის მოცულობაც მეტია.

   რა გადაწყვეტილება მივიღე?

 - მაქსიმალურად შევამცირო სოციალური ქსელების მოხმარება ყოველდღიურობაში. 

  როგორ?

  -   სამსახურში ყველა სოც.ქსელი დაბლოკილია და შუადღისას 2 საათით ირთვება მხოლოდ. მობილურში ინტერნეტს სპეციალურად არ ვრთავ, მუდმივად ფეისბუქზე რომ არ ვიჯდე.  შევეცდები საღამოს სახლიდან მაქსიმალურად გვიან შევიდე ფეისბუქზე და მთელი ნიუსფიდის სქროლვის ნაცვლად, პირდაპირ ჩემთვის საინტერესო ადამიანების პროფილზე გადავიდე და იქ ვნახო, რა აქტივობა ჰქონდათ მათ.

 მთავარი მიზანია - მაქსიმალურად შევამცირო არასაჭირო ინფორმაციის მიღება.

    ფეისბუქის გაუქმება სისულელედ მეჩვენება, ადამიანებთან კომუნიკაციის ძალიან საჭირო წყაროა და თან, გაუქმებიდან 1 კვირაში იგივე აქტივობით დავუბრუნდები, როგორც უმეტესობა აკეთებს ამგვარი მცდელობების შემდეგ.

    ჯერჯერობით, ეს 2 დღეა, საკმაოდ კარგი შედეგი მაქვს. საღამოს სახლში მოვდივარ, მშვიდად ვკითხულობ წიგნებს, ვმეცადინეობ მაგისტრატურაში და დროც საკმარისი მრჩება. იმედი მაქვს რომ ამ ბალანსს მომავალშიც შევინარჩუნებ.

  წარმატება მისურვეთ :)

3 comments:

  1. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა! წარმატებები!
    ეს ინფორმაციის სიჭარბე ყველაზე ძვირფასს, დროს გვართმევს და თან ისე, ვითომ არაფერი.

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა თინიტა ^^ მომავალში შორეულ შედეგებზეც დავწერ :)

      Delete
  2. წარმატებები

    ReplyDelete