Friday, December 20, 2013

Inspiration: Scandinavian Houses

  ინტერიერის დიზაინი ჩემი მრავალფეროვანი (დიახ!) ინტერესებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. ამ სიტყვების ჩემეული გაგებით; რაც იმას გულისხმობს, რომ ხშირად ვათვალიერებ ბლოგებს სახლების დიზაინის შესახებ და ამ ეტაპისთვის უკვე შემიძლია ძალიან ადვილად ამოვიცნო სკანდინავიური ბინები :)

 
    ამ ცივი ქვეყნების ინტერიერისთვის დამახასიათებელია დიდი სივრცე და ფანჯრები,  თეთრი ფონი და ავეჯით ნაკლებად დატვირთული ოთახები. ეს ყველაფერი  კი ერთად საოცარ სიმყუდროვეს ქმნის.



ბეტმენის ნიღაბმა მომნუსხა :)



      ალბათ ასეთ სახლებში ცხოვრობენ ქერათმიანი ბავშვები, მაგალითად, კარლი და პეტერი, რომლებიც თამაშით დაღლილები შეცვივდებიან სამზარეულოში, სადაც დედა მათთვის შემწვარ გუფთებს ამზადებს.




    უარს არ ვიტყოდი ასე მოწყობილიბინაზე თბილისში, თუმცა აუცილებლად დავუმატებდი ფარდებს :) 


Photos: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10  

Wednesday, December 18, 2013

IKEA Christmas

Ikea-ს საოცრად ლამაზი, საშობაო რეკლამა, ზღაპრული სურათებით.




 მე თვალს ვერ ვწყვეტ და რამდენჯერმე გადავათვალიერე უკვე :)




ფოტოები: ikea christmas

Friday, December 13, 2013

Alphadeath

   რამდენიმე დღის წინ შემომხვდა ეს  სახალისო ანბანი, სადაც ანბანის თითოეულ ასოს რომელიმე ხილი ან ბოსტნეული წარმოადგენს. და რაც მთავარია, ისინი აუცილებლად კვდებიან! :)







 ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ!

Tuesday, December 10, 2013

Christmas is All Around - Favorite Holiday Movies

     დეკემბერი რომ დღესასწაულების, უფრო სწორედ კი, წინასადღესასწაულო მზადების თვეა, ალბათ ამიტომაა უმეტესობისთვის საყვარელი. ყველაზე მეტად ამ დროს ვცდილობ, დეტალებში დავინახო ბედნიერება.

    გახსოვთ, რომ გითხარით, ჩემს ჰოლიდეი ფილმებზე უნდა დავწერო-მეთქი?  როგორც იქნა, ჩამოვყალიბდი და წარმოგიდგენთ ჩემს ათეულს (თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს).


1. The Holiday

Photo source
  ძალიან მსუბუქი, მხიარული (და ოდნავ ქალურიც) ფილმი ორ ქალზე, რომლებიც საჭირო დროს "შეხვდებიან"ერთმანეთს ინტერნეტ სივრცეში და დაეხმარებიან ნამდვილი სიყვარულის პოვნაში. ბოლოს კი ყველაფერი შობით, განათებული ფანჯრებით და ბედნიერი სახეებით მთავრდება.


2. Love Actually

Photo source

   დიდად არ მიყვარს რამდენიმე, პარალელური ისტორიები ფილმებში, მაგრამ ეს უპირობო გამონაკლისია, ბრიტანული იუმორით, ბევრი საინტერესო ტიპაჟით და გვარიანი რომანტიკითაც (კირა ნაითლის და ენდრიუ ლინკოლნის წყვილთან ერთად ჩემი ფავორიტები კოლინ ფირტი და ლუსია მონისი, ყველაზე მეტად მათი მონაწილეობით მაღელვებს), და რა თქმა უნდა, ძალიან მძაფრი საშობაო განწყობით.

3. Noel


Photo source

   ყველაზე სევდიანი საშობაო ფილმი, უკვე ნათქვამი მაქვს სხვა ბლოგზე და სხვა დროს. როგორ განსაკუთრებით მარტოსულად გრძნობენ თავს ადამიანები დღესასწაულის პერიოდში და როგორ უნდებათ, მათ გვერდით ახლობელი ადამიანები ჰყავდეთ.
 (ასევე აღსანიშნავია ძალიან კარგი ქასთი და პენელოპე კრუზის ცეცხლოვანი ცეკვა)

4. Serendipity

Photo source

   ფილმი არ არის მთლიანად შობაზე, მაგრამ იწყება და მთავრდება მისით. ძველი, კარგი რომანტიკული კომედია.


5.  The Polar Express


Photo source

  ლამაზი და მთლიანად საშობაო მულტფილმი, ცხელი შოკოლადებით და კარგი საუნტრეკებით.

6. Ирония судьбы, или С лёгким паром!

Photo source

   ყველაზე "ჩვენეული" ახალი წელი. სწორედ ასეთი გვახსოვს ბავშვობიდან, და არა ამერიკული სანტებით და ჯინგლ ბელზებით. აღწერით თავს არ შეგაწყენთ, ალბათ ყველას ერთხელ მაინც გაქვთ ნანახი.

7. Bridget Jones's Diary

Photo source
   ყველა ჰოლიდეიზე და ვიქენდზე სანახავი  და ასევე, ყველა ქალის საყვარელი ფილმი. იწყება შობით და მასში დიდი დოზით არის ზამთარი ( გავიხსენოთ ბოლოს ქუჩაში კოცნის რომანტიკული მომენტი).

8. You've Got Mail

Photo source

   ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო შობაა აქ და ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე კარგი, სასიამოვნო და რომანტიკული ფილმია.

9. Stepmom

Photo source
     "დედინაცვალი" ყოველ ახალ წელს გადიოდა რუსთავი 2-ზე და მეც ყოველ ჩვენებაზე აუცილებლად ვუყურებდი. ცოტა სევდიანი, მაგრამ ძალიან კარგი ფილმია, თავისი ამერიკული შობით და ერთად შეკრებული ადამიანებით.

10. Home Alone და  Home Alone 2: Lost in New York.

Photo source

 დამატებითი აღწერის გაკეთებას არ საჭიროებს ალბათ :)


* * *

  სინამდვილეში, ჩემი ათეული მთლად ათეული არ არის და კიდევ მოიცავს ორიოდე ფილმს.

11. When Harry Met Sally...

Photo source
    კიდევ ერთი კარგი, ძველი (ნუ, ჩემი ბავშვობის) რომანტიკული კომედია. ჰეფი ენდით და ახალი წლით (და ამ ცნობილი სცნენით).


12. Тариф «Новогодний»


   რუსული ძალიან მსუბუქი კომედია, ახალ წელსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.

 13. While You Were Sleeping

Photo source

   სიმართლე რომ გითხრათ, ეს ფილმი დეტალურად აღარ მახსოვს. მახსოვს, რომ ძალიან სასიამოვნო განწყობა დამიტოვა. მაგრამ ალბათ უმეტესობას ნანახი გაქვთ ისედაც და აღწერას აღარ დავიწყებ.

* * *

   ასევე, მინდა ამ სიას დავუმატო How the Grinch Stole Christmas და The Family Man, რომლებიც სხვებზე ნაკლებად მომწონს, მაგრამ ბევრისთვის საყვარელი ფილმებია.

* * *

  გარდა ამისა, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ვოჩლისტი - ფილმები, რომლებიც არ მინახავს და ახალ წლამდე მინდა ვნახო.

1. It's a Wonderful Life

2. A Christmas Carol

3. Miracle on 34th Street

4. Little Women

  გაქვთ რომელიმე ნანახი?  კარგი იქნება, თუ გამოთქვამთ აზრს და მირჩევთ რომელი ვნახო პირველ რიგში.

პ.ს  ასევე, რა ფილმებს დაამატებდით? :)


პ.პ.ს Enjoy with soundtrack


Monday, December 9, 2013

Characters names

   არ გიფიქრიათ, რატომ ჰქვიათ ცნობილ პერსონაჟებს მაინცდამაინც ეს სახელი და არა რომელიმე სხვა? ან როგორ ხდება მთავარი გმირისთვის სახელის შერჩევა?

    მაგალითად, ჩარლზ დიკენსი და ჰენრი ჯეიმსი, წერას ვერ იწყებდნენ, თუ პერსონაჟისთვის სახელი არ ჰქონდათ მოფიქრებული. ისინი წინასწარ ადგენდნენ სახელების სიას, რათა მომავალში გამოეყენებინათ სხვადასხვა გმირისთვის.

     ერთ ვებ გვერდზე, გადავაწყდი ძალიან საინტერესო სიას -  ლიტერატურული პერსონაჟები, რომლებსაც სულ სხვა სახელების დარქმევას უპირებდნენ.

   გენდალფი უნდა ყოფილიყო ბლედორთინი, მაგრამ შემდეგ ტოლკინმა გადაიფიქრა და ეს სახელი გარდაცვლილ მეფეს უწოდა, რომელიც მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები ნაწარმოებში.

   სკარლეტ ო'ჰარას კი თითქმის ბოლო წუთამდე პენსი ეწოდებოდა და წიგნის დაბეჭდვამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაერქვა ცნობილი სახელი.

  ბრემ სტოკერი აპირებდა დრაკულასთვის დაერქმია გრაფი ვამპირი, მაგრამ შემდეგ მიაკვლია, რომ ვლად II-ს  ვლად დრაკულს ეძახდნენ და მაშინვე შეუცვალა სახელი თავის პერსონაჟს.

 არტურ კონან დოილი კი ფიქრობდა, ჰოლმსისთვის შერინგფორდი ეწოდებინა, ხოლო ვატსონისთვის - ორმონდ სექერი.


  პ.ს კიდევ რამდენიმე საინტერესო პერსონაჟზე ინფორმაციას შეგიძლიათ ამ საიტზე გაეცნოთ.

Wednesday, December 4, 2013

Christmas spirit

  ვიცი, რომ საშობაოდ სანახავი ფილმების ათეული მაქვს დასაწერი და ეს ფაქტი საშინლად მიღრღნის გულს.

   სანამ ათეულს შევადგენდე, ეს გულისამაჩუყებელი რეკლამა მინდა გაგიზიაროთ. ნანახიც რომ გქონდეთ, დარწმუნებული ვარ მეორედაც გაგითბობთ გულს :)


Monday, December 2, 2013

დეკემბერი

დეკემბერი დადგა და უკვე ოფიციალურად შეგვიძლია დაველოდოთ თოვლს.
  
ზამთარი
 
   ძალიან მომწონს ეს ილუსტრატორი, ნინო ჩაკვეტაძე. საოცრად კეთილი ნახატები აქვს.


 პ.ს მშვიდობიან კვირას გისურვებთ, შეიძლება ჩამოთოვოს კიდეც :)