ქალაქები რაღაც ერთი ნიშნისა თუ მოვლენის გამო მიყვარდება. შეიძლება ეს იყოს ფილმი ან უბრალო, ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩა.
ბათუმი რამ შეგაყვარაო, რომ მკითხოთ, დაუფიქრებლად გიპასუხებთ რომ - ბიაფმა. კინოფესტივალმა, რომელსაც ბოლოს 2013 წელს დავესწარი.
მას შემდეგ იქ წასვლას ყოველ წელს ვგეგმავდი, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ეს სულ სხვა ამბავია, ახლა წლევანდელ ბიაფზე უნდა მოგიყვეთ.
წლევანდელი, მე-12 ბათუმის კინოფესტივალი, 17-25 სექტემბერს გაიმართება. საკონკურსო ფილმების სიაში 10 ფილმია წარმოდგენილი. ის ფილმები, რომლებმაც განსაკუთრებით დამაინტერესა, გავამუქე და გვერდით კომენტარები მივუწერე:
1. პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი. [ტრეილერი]
2. ჩიტები მღერიან კიგალიში, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი. [ტრეილერი]
3. Claire Obscure, იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი. [ტრეილერი]
4. დედე, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი - ქართული ფილმი სვანეთსა და იქაურ ტრადიციებზე. სავარაუდოდ, მძიმე სანახავი იქნება. [ტრეილერი]
5. ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა - ქალი ქმრის სანახავად მიდის ციხეში, მაგრამ ვერ პოულობს. [ტრეილერი]
6. როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი მოხუცებულთა თავშესაფარში, ალექსანდრე ჰანტი, რუსეთი - ტრეილერმა Everything is illuminated მომაგონა, ფერებიც ლამაზია და რუსული კინოს ესთეტიკა ეტყობა. [ტრეილერი]
7. იუპიტერის მთვარე, კორნელ მუნდრუზო, უნგრეთი/გერმანია - ერთ-ერთ მთავარ როლს მერაბ ნინიძე თამაშობს. თან საიფაია, ასე რომ, I'm in. [ტრეილერი]
8. მეტი, ონურ საილაკ, თურქეთი. [ტრეილერი]
9. წვეულება, სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი - ბრიტანული კინო, კარგი მსახიობებით. [ტრეილერი]
10. აფრენა, მაჰეშ ნარაიანი, ირანი. [ტრეილერი]
ასევე ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ანდრეი ზვიაგინცევის გახმაურებული ფილმი "უსიყვარულო". ჯერ არ მინახავს, ფესტივალს დაველოდები.
ჩვენებები კინოთეატრ "აპოლოში", სასტუმრო “Wyndham” საკონფერენციო დარბაზში და ერას მოედანზე, ღია ცისქვეშ გაიმართება, ფესტივალზე დასწრება წელსაც უფასოა. "აპოლოში" მხოლოდ უფასო ბილეთის აღება მოგიწევთ, რომელიც ადგილების კონტროლისათვის არის საჭირო.
წავიდეთ ბათუმში!
Wednesday, August 30, 2017
Friday, August 18, 2017
კვირის ბოლოს
ხელი აწიეთ ვის გიყვარდათ ბავშვობაში ფილმი "მუმია"? (მე, მე!)
პირველად ბავშობაში, ტელევიზორში ვნახე და მას შემდეგ გამიტაცა. ვიდეოკასეტა ვიყიდე და გამუდმებით ვუყურებდი. შემეძლო ყოველდღე მენახა, ისე, რომ არ მომებზრებოდა.
ვოცნებობდი, ო'კონელთან, ივისა და ჯონათანთან ერთად მეც გადამხდენოდა თავგადასავლები. თუმცა, სამ მთავარ გმირთან ერთად, გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟი მაინც არდეთ ბეი იყო. მეორე ნაწილიც თითქმის იგივენაირად მიყვარს, აი მესამე კი წესიერად ნანახიც არ მაქვს. რეიჩელ ვაიზის გარეშე ეს ფილმი ვერ წარმომიდგენია.
დღეს ფილმი ამ სახალისო სტატიამ გამახსენა. თუ თქვენც გიყვართ მუმია, წაიკითხეთ.
* * *
წუხელ დავასრულე სტრუგაცკების პიკნიკი გზის პირას კითხვა.
შესანიშნავია. ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომლის განწყობაც წიგნის დახურვის შემდეგაც მოგყვება. დილით რომ გავიღვიძე, ჯერ კიდევ მქონდა შემორჩენილი.
* * *
როგორ გადაიღებდა სპაგეტის მომზადების პროცესს ტარანტინო? თუ უფრო ვეს ანდერსონის ესთეტიკა გაინტერესებთ?
როგორ იქნებოდა საჭმლის მომზადების ვიდეოები ამ და კიდევ სხვა რეჟისორების თვალით, შეგიძლიათ ნახოთ აქ.
საინტერესო შაბათ-კვირას გისურვებთ!
Tuesday, August 8, 2017
დაბრუნება
ჰეი, ჰეი! It's been a while, რაც ბოლოს გამოვჩნდი. სინამდვილეში არსად წავსულვარ, ხშირად ვიხედებოდი აქ და ვწუხდი, რომ აღარაფერს ვწერდი.
ორი ძირითადი მიზეზი, რატომ არ ვაქტიურობდი:
1. ამ ბლოგის მიმართულება გაურკვეველი მაქვს. თავიდან უფრო გასართობ და მოკლე პოსტების საწერად შევქმენი და ასეც ვიქცეოდი. მერე აქტივობა შევამცირე, ბოლოს კი მთლიანად სირბილზე გადავრთე.
2. მეორე ბლოგზე ვწერდი (ვწერ) აქტიურად, იქ რამე ვალდებულება არ მაქვს, თუ რაზე უნდა იყოს პოსტები, რასაც მინდა, დავწერ. არც აქ მაქვს, პრინციპში, მაგრამ ყველა თემაზე, რაც თავში გამივლის, წერა არ მინდა.
მინდა, ბლოგს მეორე სიცოცხლე შთავბერო. თემატიკა ისევ ზოგადი იქნება, ანუ ჩემი ინტერესების გარშემო იტრიალებს.
ვეცდები, კვირაში მინიმუმ 1 პოსტი მაინც დავწერო. ყოველი კვირის ბოლოს ამ ერთი პოსტით გაგიზიარებთ ყველაფერ საინტერესოს, რაც კვირის განმავლობაში ინტერნეტში ვნახე.
+ სხვა პოსტები, რომლებიც მომაფიქრდება.
შეხვედრამდე!
Subscribe to:
Posts (Atom)