გუშინ Chef's Table-ის მორიგ ეპიზოდს ვუყურებდი, იაპონელ ქალ შეფ-მზარეულზე, ნიკი ნაკაიამაზე. დასაწყისში მასზე საუბრისას, ერთმა იაპონელმა შეფმა (კაცმა) განაცხადა, პირველად რომ დავინახე, ვიფიქრე რომ ასეთი პატარა (ტანით) გოგო ჩვენს სამზარეულოში ვერ იმუშავებდა და დავცინე კიდეც, ვუთხარი, რომ მზარეულს თამაშობდაო. ამაზე ძალიან გაბრაზდა და მითხრა, რომ ეს თამაში არ არის, მე სერიოზულად ვუდგები საქმესო - იცინოდა ეს კაცი.
ამ დროს კადრი შეიცვალა და თავად ნიკის ინტერვიუ დაიწყო, სადაც ამბობს:
“In Japanese there’s this word called Kuyashii, which is when somebody puts you down or says you can’t do something and you have this burning desire to prove them wrong. Earlier in my career I felt a lot of motivation from that.”
ეს ისეთი შთამაგონებელი იყო! მან თავის მამოძრავებელ ძალად გამოიყენა ის, რასაც დღესდღეობით ვებრძვით, მიზოგინია იქნება თუ სექსიზმი. ეს სიტყვებიც ხომ გამაღიზიანებლად იქცა საზოგადოების ნაწილისთვის, თითქოს, რაღაც იარლიყი გახდა, რომელსაც რაღაცას დაარტყამ და მორჩა, ყველა ისტორია ერთმანეთს ემსგავსება, ყველა ქალის, რომლებიც დაიჩაგრნენ და საბოლოოდ ამ სიტყვებამდე "ჩაგრულ ქალებამდე" დავიდნენ, მათი ამბავი კი მიღმა რჩება.
ნიკიზე მოყვნენ, რომ ერთხელ ერთმა სახელოვანმა ფუდკრიტიკმა, მისი კერძები გასინჯა და აღფრთოვანდა, შეფის სახელი რომ იკითხა და გაიგო, ქალია, patronizing ტონით დაიწყო - აჰ, რა საყვარლობაა ეს საჭმელი, არა?
ასეა, ქალებისგან ელიან რომ საყვარელი არსებები უნდა იყვნენ, რაღაც მოცემულობებში ტირილი დაიწყონ და მშვენიერი თვალები ცრემლებმა დაუნამოთ, სხვა მომენტებში საყვარლად გადაიკისკისონ. კი, ამ კადრების ყურება მართლაც მშვენიერია, რა სჯობს ლამაზი ქალის სიცილის მოსმენას, არა? მაგრამ ქალი რაღაც პერსონაჟი არაა, იმისთვის შექმნილი, რომ სხვების ცხოვრება სასიამოვნო გახადოს და რაღაც ყალიბში ჩაჯდეს.
ახალს არაფერს ვამბობ, ვიცი. უბრალოდ, ხანდახან, ისეთი გამაცოფებელია, როდესაც ყოველდღიურად ეჯახები პატარ-პატარა მომენტებს თავს დამცირებულად გრძნობ. როცა სალაროსთან დგახარ და ვიღაც შუახნის კაცი მოდის და ზედაც კი არ გიყურებს, ისე დადგება შენ წინ და მოლარე პირველი მას გაუტარებს პროდუქტებს. მერე მოდიხარ სახლისკენ, სიბრაზე გახრჩობს რომ იქ არაფერი თქვი, მაგრამ თან ფიქრობ, როდემდე, როდემდე უნდა იბრძოლო და იჩხუბო? იმ და სხვა შუახნის კაცებს ალბათ ერთხელაც კი არ გაუფიქრიათ ცხოვრებაში, რომ პატარა გოგოები მზარეულობანას და მეცნიერობანას არ ვთამაშობთ, სალაროსთან უჩინმაჩინის მოსასხამებით არ ვდაგავართ და უბრალოდ, ამდენი ბრძოლით დავიღალეთ
"კაპიტანი მარველი" გამოვიდა 8 მარტს კინოთეატრებში. ვიღაცებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მიზეზები იცით რა არის? არც საყვარლად გადაიკისკისა, არც ვიღაც მამაკაცს მიუძღვნა გული და ტრაკი არ აქვს საკმარისად აწეული. მათ ტვინში ჩასმულ კოდებში არ მოიძებნა ქალი სუპერგმირის ეს ყალიბი, რომელიც სექსუალურად არ გამოიყურება.
აქამდე სახელი არ დამირქმევია, მაგრამ ჩემი ცხოვრებაში kuyashii იყო ჩემი მამოძრავებელი ძალა მუდამ. მის უკან იდგნენ ის ქალები თუ გოგონები, რომლებთანაც ვაიდენტიფიცირებდი თავს. პეპი იმიტომ მიყვარდა, რომ ფიზიკურად ძლიერი იყო და ყველას აოცებდა, მულანმა მოინდომა და მამაკაცებს გაუთანასწორდა ფიზიკურად, ბელი ჭკვიანი იყო და ბევრს კითხულობდა. მაშინ არც ფემინიზმი ვიცოდი, არც პატრიარქალური სამყაროს არსი მესმოდა. უბრალოდ ჩემი გონებით ვხვდებოდი, რომ რადგან ის გოგონები არსებობდნენ, მეც შემეძლო მათნაირი ვყოფილიყავი, დამემტკიცებინა, რომ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე ჩემგან მოელიან.
ამიტომ, მადლობა ყველა კაცს, რომლებიც პატარას და უმწეოს გვეძახიან და საყვარელ არსებებად აღგვიქვავენ. მადლობა, რომ გგონიათ ვერაფერს მივაღწევთ. თქვენს არსებობასაც ჰქონია რაღაც დანიშნულება - ჩვენს kuyiashii-ს საწვავი ჭირდება.
პ.ს გუშინ კაპიტან მარველზე პოსტის კომენტარებს ვკითხულობდი. ერთი ქალი წერდა, ჩემმა შვილმა, პატარა გოგონამ, ფილმის ნახვის შემდეგ მთხოვა კაპიტანი მარველის ფორმა, ფიგურა მიყიდეო, შემდეგ კვირაში კი მეორედ მივდივართ სანახავადო. ამ კომენტარის წაკითხვისას დავრწმუნდი, რომ მიუხედავად საზოგადოების რაღაც ნაწილის ამ ფილმის მიმართ დიდი სიძულვილისა, ფილმმა თავისი საქმე უკვე გააკეთა - გოგონებს კიდევ ერთი, ახალი გმირი გაუჩინა, ვის ნახვისასაც იფიქრებენ, მეც გადავდგამ მთებს, თუ მოვინდომებო.
მაშინ არც ფემინიზმი ვიცოდი, არც პატრიარქალური სამყაროს არსი მესმოდა. უბრალოდ ჩემი გონებით ვხვდებოდი, რომ რადგან ის გოგონები არსებობდნენ, მეც შემეძლო მათნაირი ვყოფილიყავი, დამემტკიცებინა, რომ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე ჩემგან მოელიან.
ReplyDeleteEXACTLY !!!!
მეც მასეთი ქვეცნობიერი პროტესტი მქონდა სულ. მადლობა დედებს, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე გვასწავლიან, რომ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ და პროფესია გვქონდეს.
ბევრი კაცი (საქართველოს ერთი კუთხიდან განსაკუთრებით) ჩვენს დროშიც ასე ფიქრობს, რომ ქალი კაცის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მისთვის კომფორტის შესაქმნელად არსებობს. დამატებაა და არა ინდივიდი. თავიანთ დებს და ქალიშვილებს უკიჟინებენ, რომ საკუთარი ოჯახი არ შექმნან და ძმებს მოუარონ, რომ ესაა მათი მისია.
ReplyDeleteხო, ზუსტად, ქალს როგორც მეორეხარისხოვან პერსონაჟს აღიქვამენ. როგორი საშინელებაა ამას რომ დაუფიქრდე, რამდენი ქალი ასე გაიზარდა და ცხოვრების ბოლომდე ასე დარჩა :(
Deleteასეა, ქალებისგან ელიან რომ საყვარელი არსებები უნდა იყვნენ, რაღაც მოცემულობებში ტირილი დაიწყონ და მშვენიერი თვალები ცრემლებმა დაუნამოთ, სხვა მომენტებში საყვარლად გადაიკისკისონ. კი, ამ კადრების ყურება მართლაც მშვენიერია, რა სჯობს ლამაზი ქალის სიცილის მოსმენას, არა? მაგრამ ქალი რაღაც პერსონაჟი არაა, იმისთვის შექმნილი, რომ სხვების ცხოვრება სასიამოვნო გახადოს და რაღაც ყალიბში ჩაჯდეს. <<, ამას ვინახავ რომ არ დამავიწყდეს არასოდეს!
ReplyDelete