Sunday, August 19, 2018

საუზმის კლუბი - გაგრძელება

“In Wilson's scale of evaluations breakfast rated just after life itself and ahead of the chance of immortality.”
― Robert A. Heinlein, By His Bootstraps


4 წლის წინ, საუზმეებზე პოსტის დაწერა გადავწყვიტე. ჩემს მეგობრებს ვთხოვე, მათი რომელიმე საუზმის ფოტო გამოეგზავნათ. რამდენიმემ ფოტოს მოკლე ისტორიაც მოაყოლა. პოსტი, მოულოდნელად, იმაზე საინტერესო გამოვიდა, ვიდრე ვგეგმავდი. ეს არ იყო მხოლოდ დღის პირველი საჭმლის ფოტოები, მათ უკან განსაკუთრებული ისტორიები იდგა. მას შემდეგ, ამ პოსტს ხშირად ვკითხულობ და ჩემს ერთგვარ კომფორტ-პოსტად იქცა.

ვიფიქრე, რომ საკმარისი დრო გავიდა და ბევრი საუზმის ისტორია დაგროვდა. ამიტომ კიდევ ერთხელ დავიწყე ძიება. მიღებული ამბების მთელი თავგადასავალი აღმოჩნდა. თითქოს კარგად დაწერილი წიგნი გიჭირავს ხელში და  კითხულობ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლებოდა მწერლები, ან თუნდაც პერსონაჟები ყოფილიყვნენ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ საუზმის კლუბის მეორე ნაწილს! 

____________________________________________________



ია ვეკუა

იმ დროიდან, როდესაც მე და ჩემი ძმა სკოლაში დავდიოდით, დედა კი მუშაობდა, ყველაზე მეტად საბნებისა და ლეიბების სათავსოს სუნი მახსოვს - სუნი, რომელსაც წიწიბურას სურნელი ერთვოდა. სამსახურში წასვლამდე დედა სწორედ აქ ფუთნიდა წიწიბურიან ქვაბს, რათა სკოლიდან დაბრუნებულებს თბილი და კიდევ უფრო აფუებული დაგვხვედროდა. ჩემი ბავშვობის სუნი სწორედ ესაა - საბნებსა და ლეიბებში ჩამარხული წიწიბურას სურნელი. საუზმეზე ამაზე კარგი რამ ალბათ არ არსებობს. დილის ყავა კი სულ სხვა ისტორიაა, სწორედ ის, რომელიც სხვას არ უნდა მოუყვე.


____________________________________________________



სოფი ოგბაიძე

პირველ რიგში, წარმოუდგენელია საუზმე კარგი ყავის გარეშე ❤ ბავშვობიდან მივეჩვიე, რომ საუზმის გარეშე სახლიდან არ უნდა გავიდე, შესაბამისად როგორც არ უნდა მეჩქარებოდეს, კვერცხის მოხარშვას მაინც ყოველთვის ვასწრებ. საუკეთესო საუზმე ჩემთვის კვერცხის და შებოლილი ორაგულის კომბინაციაა, ყავასთან ერთად რა თქმა უნდა ^^ ხშირად ვიკეთებ დილით სხვადასხვა ფაფას, ვჭამ ვაშლს და თხილს. თუმცა განსაკუთრებით მიყვარს სასტუმროში საუზმობა, როცა არაფერი არ გაქვს გასაკეთებელი და შეგიძლია აირჩიო, რა გინდა მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან ❤



____________________________________________________




დემბო ლომიძე

ტიმოთესუბანში ვისვენებდით მე და თათა და იმან საჭმლის კეთება არ იცის, ეგ ტვირთი მე ავიღე ჩემს თავზე, სამაგიეროდ ჭურჭლის დარეცხვა იმას გადავაბარე. ხოდა დილით სანამ თათას ეძინა ხოლმე, ვდგებოდი და მაღაზიაში ნაყიდი მცირე სახეობის პროდუქტებიდან ვცდილობდი რამე გამეკეთებინა. ნუ ერთ-ერთი ესაა, ბეკონი მოუხდებოდა, მაგრამ არ გვქონდა, არც ტოსტერი, ასე რომ პურიც ტაფაზე გავხუხე. ჰაერზე საუზმე კიდე overrated არის, როცა ხედად წინ აშვერილი მთა და ეზოში ჩადგმული სხვა კოტეჯი გაქვს მარტო -_-


____________________________________________________

სოფი ყიფიანი

გამარჯობა მზიანი ლიშბოადან! საუზმე ჩემთვის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ნაწილია, სწორედ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა დილას 8 საათზე უნდა გავიდე სახლიდან თუ უფრო გვიან - საუზმეს ყოველთვის აქვს თავისი დრო განკუთვნილი ჩემს დღის განრიგში. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც გრძელი და გვიანი საუზმეები მიყვარს, როცა შეგიძლია ორი საათი იჯდე, აუღელვებლად მიირთვა, დესერტი დააყოლო, წიგნი წაიკითხო და მუსიკას მოუსმინო. ზუსტად მორიგი ასეთი დღე გამითენდა პორტუგალიაში და გიზიარებთ ❤️
არ დავივიწყოთ - “People who love to eat are always the best people”. - Julia Child


Fun fact: როდესაც სოფუნას საუზმის ფოტოსთვის მივწერე, ზუსტად იმ დროს საუზმობდა და ეს ფოტოც სწორედ იმ ეპიზოდისაა :)

____________________________________________________




ნინო ფერაძე

მოკლედ, საუზმე დღის ყველაზე საყვარელი ნაწილია, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც ვახერხებ, ვარჯიშსა და სამსახურს შორის მოვიტოვო დრო და მშვიდად ვჭამო. მართალია, დარბაზის კაფეში არჩევანი მწირია, მაგრამ კარგი ყავა და ფორთოხლის ფრეში აკომპენსირებს ქათმის სალათს, რომელსაც გულის სიღრმეში პიცას ან მაჭკატებს ვამჯობინებდი.

____________________________________________________



თამუნა მესხი

გაღვიძების მერე ვსვამ წყალს. ბებიაჩემმა მითხრა 15 წლის წინ, დილით უზმოზე წყალი კარგიაო და იმის მერე სულ ვსვამ. 15 წუთის მერე ვჭამ ვაშლს. იოგას მასწავლებლის შეგონებაა და ნახევარი საათის მერე ვაყოლებ იმას, რაც სახლში აღმომაჩნდება. დღეს ეს აღმოჩნდა ცეხვილი პური და ყველი და ზაფხულში ცივი, უშაქრო ყავა. სხვა სეზონებზე - ცხელი უშაქრო ყავა.

____________________________________________________

 მაკუნა ჩინჩალაძე

ბავშვობაში ყველაზე მეტად, სტუმრის მოსვლის მეშინოდა, რადგან მაგიდის გაშლისას, დამატებით ფიცარს იღებდნენ მაგიდის შიდა მხრიდან, საიდანაც ჩემი გადამამლული საუზმეები ცვიოდა - გამხმარი კარაქიანი პურები, დაობებული ყველები, პინკ-პონკის ბურთად გადაქცეული მოხარშული კვერცხის გულები და ა.შ 🙂 იმ დროიდან არაფერი შეცვლილა, დილით ჭამა კვლავ არ შემიძლია. უბრალოდ, საკუთარი ორგანიზმის და სხეულის მოსმენა ვისწავლე. გარემო იმდენად სტრესულია, გადავწყვიტე, ისე მოვექცე ჩემს ორგანიზმს, როგორც მას სურს. შიმშილის გრძნობას, სადღაც, შუადღის ორის ნახევრისთვის ვგრძნობ - ამიტომ მაშინ ვიკვებები პირველად. დილით, გაღვიძებისთანავე კი წინა ღამით დაყენებულ თაფლიან წყალს ვსვამ. ბოლო წელია დაბლენდერებული ხილისა და ბოსტნეულის, ე.წ “სმუზის” აქტიური მომხმარებელი გავხდი. ვაბლენდერებ ყველაფერს, ჟოლოდან დაწყებული, ჭარხლით და ისპანახის ფოთლებით დამთავრებულს.
ვურევ სხავადახვა სახეობის თესლებს - ჩიას, სელის თესლს, ქატოს. მოკლედ ყველაფერს, რაც სასარგებლოა, კარგია, მაგრამ მათი დამოუკიდებლად მიღება რთულია. ზაფხულში ამ ყველაფერს, ნაყინის სახეს ვაძლევ (გაყინულ ხილს და ბოსტნეულს ვაბლენდერებ). მერწმუნეთ, ასეთი გემრიელი, სასარგებლო და ნოყიერი, არაფერი გამისინჯავს მე. რაც მთავარია, ენერგიის დიდი წყაროა ჩემთვის. ყველაზე დიდ წინააღმდეგობას საკუთარ თავთან, კი მაშინ წავაწყდი, როდესაც ჩემი შვილი გავაღვიძე სკოლის პირველ დღეს, სკოლაში წასასვლელად, დავსი მაგიდასთან, დავუდგი წინ საუზმე, მან ამომხედა ზუსტად ჩემი თვალებით, მე შევხედე მაგიდას და აღმოვაჩინე, რომ ჩვენი სასადილო მაგიდა არ იშლება 😉 ან ის იყო განწირული საუზმის საჭმელად, ან მე - ხელუხლებელი საუზმის ასალაგებლად. პირველი ერთი წელი, სულ მე ვიყავი განწირული 🙂

____________________________________________________



მარიამ თადუმაძე

გადავწყვიტე ჩემი საუზმის მეგობარზე მომეყოლა. ეს პატარა კაფე მონმარტრის ტერიტორიაზეა მაგრამ არც ისე ტურისტული. ჩემმა ახლადშეძენილმა პარიზელმა მეგობარმა წამიყვანა. იმ დილით პირველად შევხვდით. ვჭამდი ორაგულის, ანანასის და კვერცხის უცნაურ კომბინაციას, ვუყურებდი პიჯაკებში გამოწყობილ ველოსიპედებზე მოკალათებულ ადამიანებს, რომლებიც სამსახურებში მიიჩქაროდნენ, ჩემსავით დაბნეულ ტურისტებს, მეც რომ ეჭვის თვალით მიყურებდნენ და ჩემს ახლადშეძენილ მეგობარს. ამ საუზმემ კიდევ ისე დაგვაახლოვა, შემდეგი საერთო საუზმე თბილისში-ლოლიტაში გვქონდა. 

"ლოლიტას" საუზმე

____________________________________________________


თამთა ჩხაიძე

ასეთი ფაფებით იწყებოდა ხოლმე ჩემი საუზმე ზაფხულის არდადეგებზე გურიაში. დილის 10-ის ნახევარზე ბებიას გამყინავი ხმა ჩაგვესმოდა, ბაღნებო, ადექით, გაცივდება დილას მისაღებიო, და ვიწყებდით ზლაზვნით ადგომას და ნახევრად თვალდახუჭულები ვჭამდით ცხელ ქაშს. მაშინ ამას ვაპროტესტებდი, ძილი მინდოდა, თამაში მინდოდა, შუაღამით კითხვა მიყვარდა და თვალებს ვეხვეწებოდი, სანამ ბებო ჩემს საძინებლამდე მიაღწევდა, როგორმე გახელილიყო. შარშან ჩემით გამეღვიძა და დედამ დამახვედრა ეს საუზმე აივანზე გამოტანილ პატარა მაგიდაზე და პირველი "კოვზი" რომ წავიღე პირისკენ, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მაკლდა. ბებიის მზერა, სიყვარულით სავსე და კმაყოფილებით, მისი შვილიშვილები რომ ნაყრდებოდნენ გემრიელად და ჯანსაღი პროდუქტით. და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ უკვე დიდი გოგო ვარ. და ბებიის მაშინდელი გამყინავი ხმა საშინლად მენატრებოდა ხოლმე, საუზმის გამზადებას რომ გვამცნობდა. ხოდა თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე ჩემს წინ მჯდომი მისი მზერა და არც გამიაზრებია, ისე შევჭამე ერთი ღრმა თეფში, მაშინ როცა, ბავშვობაში კოვზს ვერტიკალურად ვაყენებდი და ისე ვზომავდი თუ რამდენი იყო დარჩენილი თეფშზე.


____________________________________________________



ლაშა პერტახია

ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, მაგრამ გარემო მაცდურია და გემრიელ "ნაგავზე" უარის თქმა მიჭირს, ამიტომ გადავწყვიტე, რადგან ჩემ განკარგულებაშია, საუზმე მაინც ისეთი იყოს, როგორსაც ბრიტანელი მეცნიერები გვირჩევენ.

____________________________________________________
 

ელენე დარჯანია 

ბოლო 1 წლის განმავლობაში 9 სხვადასხვა ქვეყანაში ვისაუზმე. ძირითადად, განსაკუთრებულ ადგილებში, განსაკუთრებულ ადამიანებთან ერთად. ჯერ ვიფიქრე, რომ, ალბათ, ყველაზე მეტად, ჩემს დასთან, ბერლინის ადრეული ზაფხულის მზიანი დილას მირთმეულ საუზმეზე დავწერდი. მერე ვიფიქრე, ალბათ, აბელთან ერთად, მისი სახლის შიდა ეზოსკენ მიმავალ კიბეზე ნეაპოლიტანური ყავა და პორტუგალიური ნუშის ნამცხვრებია მოსაყოლად საუკეთესო საუზმე. ან როდესაც მშივრები დავრჩით დუბროვნიკში, იმიტომ რომ ავტობუსზე ვაგვიანებდით, ან სუში დილის მატარებელში ბრიუსელიდან კიოლნში. ან ჩვენი ბოლო საუზმე სტამბოლში, როდესაც ჯერ კიდევ ერთმანეთს ვპარავდით საჭმელებს და არ ვიცოდით რომ ეს ჩვენი ბოლო დღეა ერთად. ან ის საუზმე, როდესაც, საუკეთესო მეგობართან ერთად, პროექტის დასასრულებლად მთელი ღამე მუშაობის შემდეგ, კატლეტების საჭმელად წავედით? ან როდესაც მარიმ გუშინ დილით ყავა მომიდუღა, იმიტომ რომ “კაროჩე რა”? ან დედაჩემის ბლინები და მამაჩემის შერჩეული მურაბა? ან ჩემი ძმის გამომცხვარი მჭადები? ან თანამშრომლების გამოყოლილი ყავა და მაფინი, იმიტომ რომ იციან დილით როგორ მშია და ისევ დედლაინი გვაქვს? ჰოდა ვზივარ და ვიღიმი ყველაფერ ამას რომ ვიხსენებ ახლა. მარტო ვარ. დანკინ დონატში. we could be heroes უკრავს, depeche mode-ის შესრულებით. ვსაუზმობ. ცუდი ყავა და ბოსტონ კრემის დონატი. ბოსტონ კრემი - იმიტომ რომ მენატრება კემბრიჯი. იქაური მეგობარი მწერს ახლა. სექტემბერში ათენში წასვლას ვფიქრობთ ერთად. არაბი ბიჭია, რომელიც ჰარვარდში, დილის ყავის რიგში გავიცანი და შემოგვესაუზმა.

 ____________________________________________________

გოგა საფარაშვილი

ჩემთვის საუზმე ბავშვიბასთან ასოცირდება. სკოლაში წასვლამდე მე და ჩემს დას აუცილებლად უნდა დაგველია ჩაი, და კარაქიანი და თაფლიანი პური გვეჭამა. ზამთარში განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ხოლმე ეგ პროცესი, პიტნის ჩაი, ღუმელზე გახუხული შოთის პური, ზედ გამდნარი კარაქი და არომატული თაფლი. ახლა ყოველთვის ვეღარ ვახერხებ საუზმეს. და ძირითადად იმას მივირთმევ დილაობით, რაც მაცივარში მხვდება, მაგრამ ყიყლიყო და სოსისი მაინც მირჩევნია ყველაფერს.


დღევანდელი საუზმეა. კარაქწასმული პურების ტოსტი, ყველით და ლორით. უკეთესად იბრაწება კარაქით.

__________________________________________________


                                                          თამთა ჯაფარიძე

ჩემი აზრით, ეს პოსტი ბევრად ლამაზ ფოტოს იმსახურებს, მაგრამ იმ უგემრიელეს საუზმეებს შორის, რომლებიც მქონია, ყველაზე კარგად მაინც ეს მახსენდება. პატარა შესავალი - პეპი გრძელიწინდა რომ წავიკითხე პირველად, იმის მერე ვოცნებობდი, რომ მარტო მეცხოვრა. რა თქმა უნდა, ვერც პეპის ასაკში და ვერც მერე ვილა ყიყლიყოსნაირი სახლი ვერ ვიშოვე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ავდექი და პატარა ბინა ვიქირავე. ხოდა, ეს ფოტო უბრალოდ მეგობრებისთვის მქონდა გაგზავნილი ჩემი პირველი საუზმის აღსანიშნავად. არაფერი განსაკუთრებული, იმასაც ვერ ვიხსენებ მარცხენა კუთხეში რა მოჩანს (ალბათ, პური და ყველი?), მაგრამ ის შეგრძნება მახსოვს, რომ ძაან ამაყი და ბედნიერი ვიყავი.





_________________________________________________



სალომე ადამია

ამასწინათ მეგობართან საუბრისას მორიგი „ჭეშმარიტება“ წამომცდა, რომ ცხოვრებაში მთავარია გემრიელი საუზმეები, ღამის საუბრები და მხრები - იშვიათად თავის ჩამოსადებად.

და პირველად იყო საუზმე.

მე თუ მკითხავთ, ადამიანები ათვლას საუზმით უნდა ვიწყებდეთ. ყველაზე მეტად ის დილები მიყვარს, როცა თავქუდმოგლეჯილი გაქცევა არ მიწევს და გაღვიძებიდან ორი საათი მაინც მაქვს, საკუთარ თავს დავემარტოხელო სუფთა, დასვენებული და გამოძინებული გონებით. ეს ინტერაქცია რიტუალივითაა, რომელსაც აუცილებლად უშაქრო ქაფქაფა ყავა, ფილა შოკოლადი და შვრიის ფაფა მაწვნითა და სეზონური ხილით ამშვენებს. ამ დროს ვგრძნობ რა მარტივია ბედნიერება, როცა ყავის მძაფრი სუნით გაბრუებული ჰარმონიაში ხარ საკუთარ ფიქრებთან და შეგიძლია, დილის პრესას გაეცნო საყვარელი მუსიკის თანხლებით. ეს უკანასკნელი კი ხშირად ზაფხულის ამოჩემება აღმოჩდება - რიუიჩი საკამოტოს ბოლო ალბომი „async“.
ცხადია, იყო დრო, როცა მეც საუზმეს ძილს ვამჯობინებდი, მაგრამ გერმანული განთიადისადმი ერთგულება და მეგობრების შეგონება დამეხმარა, სულ სხვა მუღამი დამეჭირა დილეულს. მას შემდეგ ბევრი დასამახსოვრებელი საუზმე მქონია სისხამს თერმოსით გუდიაშვილის სკვერში, ალაზნის ველის შემყურეს, ზღვაზე მზის ამოსვლისას თუ ჩემი ფანჯრის რაფაზე მოკალათებულს, მაგრამ ვაღიარებ ეს ზაფხული საინტერესო ხალხთან მსუყე რიჟრაჟებით დახუნძლული გამოდგა. თუ ბერლინში გერმანურლი საუზმის ფონზე საერთაშორისო პოლიტიკას განვიხილავდით, ბუდაპეშტ-ამსტერდამში ეულად მომიწია კაპუჩინოს სმა, მაგრამ ჰააგაში მშვიდობის სასახლის ვერანდაზე ესპრესოსა და ნამცხვრის მირთმევა, რომელიც 1934 წლიდან ერთი რეცეპტით მზადდება, ცოტა მისტიკური იყო. მერე ვენაში მეგობრის სამზარეულოში გვიანი საუზმეებით ვიჯერე გული და კიევის ტყეში ცხელ ყავასა და ჟანგბადს ხარბად დავეწაფე.
ამიტომ მინდა გთხოვოთ, არ წაართვათ საკუთარ თავს დილის სიამოვნება.

__________________________________________________



ნაინო ქაშიბაძე

ჩემი ყოველდღიური საუზმე, ალბათ გაგიკვირდება და, არ შეესაბამება ჩემს მჭამელ იმიჯს. მაგრამ ეს მხოლოდ ვიზუალურად და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ვისაც არ უყვარს შვრიის, ე.წ. ჰერკულესის ფაფა. დილით ვერასოდეს ვასწრებ გრძელი საუზმის რიტუალს, ადრე ვერც უბრალო წახემსებას ვასწრებდი. მაგრამ რამდენიმე წელია ვცდილობ სამუშაო დღეებში, როცა უფრო ადრე ვდგები ყოველთვის ვისაუზმო და ძირითადად ყოველთვის სამსახურში ვსაუზმობ. ჰერკულესი ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა ჩემს რუტინაში. ძალიან მიყვარს პუტკუნა, ყველაზე სქელი ფანტელიანი ჰერკულესი, მოხარშვის მერე ტექსტურა რო იგრძნობა, შვრიის არომატიც შენარჩუნებული რომ აქვს. ჩემი მსუნაგობის დასაკმაყოფილებლად, როცა ჩვეულებრივი ფაფა მბეზრდება ყველის დამატება მიყვარს. თუმცა უბრალოდ მარილიანი და ზეთმოსხმული ჰერკულესიც ძალიან გემრიელია, თუ გემრიელად მოხარშავთ. ბებიაჩემმა მიმაჩვია ფაფების ჭამას, ჰერკულესი უყვარდა და სახლში სულ გვქონდა. მასაც მახსენებს ხოლმე ჩემი დილის შვრიის რიტუალი, თითქოს ისევ ერთად ვსაუზმობთ ❤


____________________________________________________



ლიკა კახაძე

როდესაც დავიწყე ფიქრი განსაკუთრებულად გემრიელ საუზმეზე, რომელიც კი ოდესმე დამიგემოვნებია, უპირობოდ ეს დილა გამახსენდა... და გამახსენდა პირველ რიგში გემოების გამო. სხვაგან არასდროს მინახავს ყველაფერი ასე თანაბრად და წარმოუდგენლად გემრიელი ყოფილიყო. აი, თითქოს, ხომ არაფერი სჩანს განსაკუთრებული, მაგრამ დღემდე ძალიან მკვეთრად მახსოვს თითოეული არომატი. ფოტოს რომ შეხედავთ, ალბათ, იფიქრებთ, რომ საუზმისთვის ცოტა ბევრი მომივიდა, მაგრამ ოდესმე თუ ლვოვში მოხდებით, გპირდებით, ერთადერთი, რაც ჩეკების დანახვისას გაგაკვირვებით, მასზე გამოსახული რიცხვების სიმცირე იქნება :))
აა და ფოტო გადაღებულია 2017 წელს, უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, სექტემბერში.


____________________________________________________



მალინა საჯაია

ბავშვობის ზამთრებში, დილაობით, ახალგამომცხვარი ლავაშის სუნი მაღვიძებდა. პიჟამოთი წამოვხტებოდი, დიდი სისწრაფით ჩავუქროლებდი გაყინულ ოთახებს და “სტალაოში” შევდიოდი, სადაც თბილოდა და შეშის ღუმელში იბრაწებოდა პური, რომელსაც მოგვიანებით ბაბუაჩემის დაკრეფილ-დაყენებულ ჩაისთან ვსვამდით. იყო დღეები, როცა ბაბუა დედას ეტყოდა, “ქიგიოჭვე თი სქან ბლინეფი”/“დააცხვე ის შენი ბლინები” და დედა აცხობდა კრეპებს, რომლებსაც ეგრევე ვჭამდით. დადებდა თეფშზე 1 ცალს, წკაპ და აღარ იყო. ეს დილები ჩემი ბავშვობის სიხარულებია. ახლა, ერთი ანეკდოტისა არ იყოს, დილით ისევ მინდება, დედამ ბლინები დამახვედროს, მერე მახსენდება, რომ მე თვითონ ვარ დედა, ვდგები და ხანდახან ვამზადებ მაჭკატებს (ფანქეიქებს) შვილთან ერთად, რომელსაც ძალიან უყვარს ეს პროცესი. ბლინები ყველა ცდაზე ჩამიფლავდა. ჯერჯერობით. საუზმე სასარგებლოა და მიანიჭეთ საკუთარ თავს ეს სიამოვნება 😊

                 ____________________________________________________


 ჩემს საუზმეებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ახლახან დამკვიდრებული ტრადიცია მახსენდება. მე და ჩემი მეგობრები, ანა და ნატა, ვცდილობთ, შაბათობით სადმე გავიდეთ და ერთად ვისაუზმოთ. ცხადია, ეს ყოველ შაბათს ვერ ხერხდება (ვერც ყოველ მეორე ან მესამე შაბათს), მაგრამ მაინც, ამ გვიანმა, ზანტმა საუზმეებმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ვსაუბრობთ ყველაფერზე - ბავშვების აღზრდიდან დაწყებული, ტომ ჰიდლსტონის სილამაზით დამთავრებული. გეფიცებით, ასეთი ძალდაუტანებელი და გულწრფელი საუბრები ყველაზე დიდი სიმშვიდის მომტანია. ალბათ, საუზმეებს ყველაზე მეტად ეს ხდის იდეალურს, როცა შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ჯდომა და განუსაზღვრელ თემებზე ლაქლაქი შეგიძლია.
სწორედ ერთ-ერთი ამ საუზმის ფოტოს წარმოგიდგენთ:


საუზმე "ხურმაში"




ასევე ძალიან მინდოდა გამეხსენებინა ჩემი ეული საუზმე მექსიკაში. დროის სხვაობის გამო, როგორც წესი, დილაადრიან, 4-5 საათისკენ მეღვიძებოდა და ვეღარ ვიძინებდი. ერთ-ერთ ასეთ დილას, სხვებს ჯერ კიდევ ეძინათ, მე ჩვეულ დროს, ადრიანად გამეღვიძა. დიდხანს ვიცადე, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მარტო ავედი ვერანდაზე სასაუზმოდ. ქინდლი ავიტანე და ჰარი პოტერს ვკითხულობდი.  ახალამოსული მზის სხივები შენობებს ჯერ წითლად ეფინებოდა, მერე კი ოქროსფერი გახდა. ყავას ნელა ვსვამდი და ახალგამომცხვარ ვაფლს ვაყოლებდი და ვგრძნობდი, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყო, აქ და ახლა.
მარცხენა  ფოტო იმ დღესაა გადაღებული, მზის ამოსვლამდე, ქვედა კი - მზის ამოსვლისას.