Wednesday, December 7, 2016

საუკეთესო ბურგერი თბილისში

 თუ თქვენ სიტყვა "ბურგერის" გაგონებისას, პირველი მაკდონალდსის, ვენდისის ან ნებისმიერი სხვა ფასთ ფუდის ბურგერი მოგდით თავში, ეს პოსტი ორმაგი ყურადღებით წაიკითხეთ. მცდარი წარმოდგენებიც დაგენგრევათ და ასევე, ახალ ჭეშმარიტებას ეზიარებით, რომელსაც ნამდვილი, კარგი ბურგერი ჰქვია.

არ ვიცი, საიდან დავიწყო წერა. ბურგერზე ემოციების გარეშე საუბარი მიჭირს. ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან :)  მაგრამ ძალიან შორიდან მომიწევს მოვლა და ამიტომ, პირდაპირ საქმეზე გადავალ.

ამა წლის ზაფხულიდან, მე და ჩემმა მეგობარმა ერთგვარი კვლევა ვაწარმოეთ - მოვიარეთ თბილისში არსებული საკვები დაწესებულებები, რომლებიც მენიუში ბურგერს გვთავაზობდნენ. უფრო სწორედ, სადაც ბურგერი ამ დაწესებულების მთავარი კერძი იყო.
თავიდან ეს ჩანაფიქრი არ გვქონია, მაგრამ იდეა მალევე გაგვიჩნდა და სისრულეში მოვიყვანეთ.

ბურგერებს ვაფასებდით რამდენიმე კომპონენტის მიხედვით, როგორიცაა - ხორცი, პური, სოუსი და გარნირი. ყველა ამ კომპონენტს დავუწერეთ შესაბამისი ქულა (მაქსიმალური  იყო 5) და საბოლოოდ, საშუალო ქულა გამოვიყვანეთ.

ჩვენი ბურგერ-მოგზაურობის შედეგები ასეთია:


 • ბურგერ ჰაუსი

მისამართი: ალ.პუშკინის 25
შეფასება: 5⋆

ბევრი ლაპარაკის გარეშე გეტყვით, რომ ჩვენი უპირობო ფავორიტი ბურგერ ჰაუსი გახდა. როგორც ბურგერში, ასევე გარნირში, ყველაფერი ჰარმონიულადაა შერწყმული. ხორცი - იდეალურად შეზავებული და დამუშავებული. გარნირი ძალიან ჯანსაღი და ამასთან, გემრიელი.
ბურგერ ჰაუსში ორჯერ ვიყავით, პირველად გავსინჯეთ ჩიზბურგერი, მეორედ ბურგერი კვერცხით. ორივე იყო ერთნაირად კარგი.


ჩიზბურგერი

ერთადერთი შენიშვნა რაც მაქვს, ისაა, რომ ხორცის შეწვის დონეს არ გეკითხებიან. არადა, ვფიქრობ, ძალიან საჭიროა ამ დეტალის დაზუსტება. სხვა მხრივ, ნაკლი არ აქვთ :)

ბურგერი კვერცხით


Pipes Burger Joint

მისამართი: ვაშლოვანის 8
შეფასება: 4.2⋆

პაიპსის ბურგერიც ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტ ქულას იმსახურებდა, უბრალოდ, ორი ადამიანის შეფასებიდან საშუალო ასეთი გამოვიდა :)
ხორცი აქვს ძალიან კარგი და არ ჩამოუვარდება ბურგერ ჰაუსისას.
არ მოგვეწონა მათი სოუსი, ჩვეულებრივი, ნაყიდი კეტჩუპის გემო ჰქონდა. სამაგიეროდ, შეკვეთისას გეკითხებიან, ხორცის მომზადების როგორი დონე გსურს, რაც ძალიან მომწონს (თუმცა, ერთ-ერთი მისვლისას მედიუმი ვუთხარი და თითქმის rare მომიტანეს, რისი ჭამაც ძალიან გამიჭირდა, ფაქტობრივად უმი ხორცი იყო).

პირველი მისვლისას გავსინჯე ბურგერი (რომლი სახელიც, სამწუხაროდ აღარ მახსოვს)   ძალიან გემრიელი სოუსით, მაგრამ სოუსს იმდენად ბევრი პილპილი ჰქონდა, რომ სულ პილპილის გემოზე იყო წასული და ამიტომ სხვა ინგრედიენტები (მათ შორის ხორციც) "დაიჩაგრა".


ბურგერი პილპილის სოუსით

პაიპსში რასაც ვაღმერთებ, არის ხახვის ჯემი. აბსოლუტური შედევრია! საშინლად უხდება ხორცს. მეორე მისვლისას ჩიზბურგერი შევუკვეთე და მართალია, ამ ბურგერში სტანდარტულად ხახვის ჯემი არ შედიოდა, მაგრამ შემომთავაზეს, რომ დამიმატებდნენ და კიდევ ერთხელ ვეზიარე ამ საოცრებას.

ჩიზბურგერი


  ბურგიო

მისამართი: ამაღლების 8
შეფასება: 4.2⋆

ბურგიო ძალიან პატარა და საყვარელი საბურგერეა.
აქვთ ერთი მთავარი ბურგერი და ასევე, ყოველკვირეულად სხვადასხვა ტიპის Special ბურგერს გვთავაზობენ. ჩვენ როდესაც ვიყავით, კვირის ბურგერის ერთ-ერთი ინგრედიენტი კარალიოკი იყო და ამიტომ ეგრევე უარი ვთქვით :) ჩვეულებრივი, მუდმივი ბურგერი შევუკვეთეთ.
აი, რატომღაც, დიდი მოლოდინებით მივდიოდი და ძალიან მინდოდა, კარგი გამომდგარიყო. ამიტომ, ძალიან გამიხარდა, რომ სრულად გამიმართლდა ეს მოლოდინები - ბურგერი აღმოჩნდა ძალიან კარგი.
მთავარი ინგრედიენტი, ხორცი, კარგად შეზავებული და უგემრიელესია. ბურგერში იყენებენ თავიანთ მომზადებულ ბეკონს, რომელიც საშინლად გემრიელია. ასევე, გარნირი, ფრი, უფრო სქელ ნაჭრებადაა დაჭრილი, ვიდრე სტანდარტული ფრი. მოჰყვება სოუსი, რომელიც არის ხალაპენიოთი და ძალიან უხდება ფრის.


ბურგიოს ბურგერი

 მოკლედ, ყველაფერი კარგი აქვთ. იმედია, გაფართოვდებიან, სივრცე საკმაოდ პატარაა.
ეს იმდენად პრობლემური არ იყო, რამდენადაც გამწოვის არარსებობა (ან ცუდი მუშაობა). ჩვენი ბურგერების მზადების პროცესი სრულად აისახა ჩემს თმასა და ტანსაცმელზე. მთლიანად გაიჟღინთა შემწვარი ხორცის სუნით და არც გზად განიავდა, ტრანსპორტშიც იგივე სუნით ვიჯექი :)


რესპუბლიკა გრილ ბარი

მისამართი: პავლე ინგოროყვას 19
შეფასება: 3.75⋆

რესპუბლიკა გრილ ბარი საბურგერე არაა, მაგრამ რამდენიმე სახის ბურგერი აქვთ. აქაურ ბურგერს ისეთი გარნირი მოყვება, რომ თავად ბურგერსაც ფარავს. არ ვიცი, ეს გარნირის სასარგებლოდ  მეტყველებს თუ ბურგერის საზიანოდ :) გარნირების არჩევანიც საკმაოდ დიდია. მე ორივე მისვლისას გარნირად ბოსტნეული გრილზე ავიღე, რომელიც არის სასწაული რამ.  ხის სოკოს გემო არის უბრალოდ ღვთაებრივი. გარნირს ასევე მოჰყვება სოუსი, რომლის რამდენიმე ვარიანტი აქვთ. მე გავსინჯე სოკოს სოუსი და მწვანილის სოუსი, ორივე ძალიან კარგია და მდიდარია გემოებით.
პირველ ჯერზე გავსინჯე სტეიკ-ბურგერი, მეორედ - ჩიზბურგერი. ზუსტად არ ვიცი, რატომ არ გადავირიე მათ ბურგერზე. ცუდი ნამდვილად არ არის, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ გრილის არომატზეა წასული ყველაფერი და სავარაუდოდ, ეს მიშლიდა ხელს გემოების აღქმაში.

ჩიზბურგერი


ბურგერ ბარი

მისამართი: ფალიაშვილის 32ა / ყაზბეგის გამზ.15
შეფასება: 2.3

 ბურგერ ბარი სრული იმედგაცრუება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბურგერების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი აქაა, არც ერთი მათგანი ღირს იქ მისვლად. ვერ ვიტყვი, რომ საშინელი ბურგერია და არ იჭმება. მაგრამ თუ კარგი ბურგერის ჭამა გინდა, ბურგერ ბარში ნამდვილად არ უნდა მიხვიდე, როცა არსებობს სხვა, ბევრად კარგი (ზემოთ ჩამოთვლილი) საბურგერეები. ხორცი ძალიან ნეიტრალური გემოთი იყო, ინდივიდუალიზმს მოკლებული. სოუსს მძაფრად დაჰკრავდა მაიონეზის გემო.

ჩიზბურგერი

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბურგერეა, უამრავი სხვა კერძის არჩევანი აქვთ, სუპებიდან დაწყებული, სტეიკით დამთავრებული.


Black Dog Bar

მისამართი: ლადო ასათიანის 33
შეფასება: 2.5

Black Dog Bar ამ ზაფხულს გაიხსნა. ვინაიდან თავიანთ ფეისბუქის ფეიჯზე ბურგერს აქტიურ რეკლამას უკეთებდნენ, ამიტომ წავედით. თუმცა მოლოდინი არ გაგვიმართლდა. მე განსაკუთრებით იმედგაცრუებული დავრჩი, ბურგერის ხორცი იყო ცუდი, გემოთი ძალიან ჰგავდა ქაბაბს და არაფრით ჯდებოდა ბურგერის ესთეტიკაში :) ერთადერთი, რაც მომეწონა, იყო ფრი, ძალიან კარგად შეზავებული სუნელებით. სხვა მხრივ, აქ ბურგერის საჭმელად წასვლა არ ღირს. თუმცა გარემო ძალიან კარგია, პერსონალი - ღიმილიანი და მეგობრული. მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად მშვენიერი ადგილია.

ფოტო ხარისხით ვერ დაიკვეხნის :)

Wednesday, November 30, 2016

ანიკობიდან პეპობამდე

  ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა და ჰგავდა ყველა სხვა, 90-იანი წლების ქართველი ბავშვისას - თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ეზოში, სხვადასხვა თამაშობებში ჩართული ვატარებდი (მაშინ კერძო სახლში ვცხოვრობდით). მეზობლის ბავშვები ხშირად ვიკრიბებოდით ქუჩაში და ათასგვარ თამაშს ვთამაშობდით, ფეხბურთიდან დაწყებული, წრეში ბურთით დამთავრებული. ყველა ფიზიკურ აქტივობასთან იყო დაკავშირებული. მე კიდევ არც ერთ თამაშში ვბრწყინავდი. მეტიც, ძალიან სუსტი ვიყავი.

 როდესაც თამაშის დაწყებამდე ორ ჯგუფად ვიყოფოდით და არჩევანი და არადანი ბავშვების არჩევას იწყებდნენ, არასდროს ვყოფილვარ პირველი არჩევანი. არც მეორე. სულ ბოლო ვარიანტად დარჩენისგან ჩემი ე.წ დაქალები მიხსნიდნენ ხოლმე, ერთ-ერთი ყოველთვის იყო არჩევანი ან არადანი და მანამდე მირჩევდა, სანამ ბოლო დავრჩებოდი. მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიცოდი, რომ ამაო იყო ჩემი გუნდში ყოფნა და სასარგებლოს მაინც ვერაფერს გავაკეთებდი.
მაგალითად, ფრენბურთის თამაშისას, ყოველთვის განაპირას ვიდექი, ბადესთან. ბურთი ჩემამდე ძალიან იშვიათად მოდიოდა. ყოველ ასეთ მომენტზე, ბურთი რომ მოფრინავდა, წამის მეასედში წარმოვიდგენდი, როგორ ავხტებოდი, ძლიერად დავარტყამდი ხელს, ბადის მეორე მხარეს გადავაგდებდი, თან ისეთი ტრაექტორიით, რომ მეტოქეს აღების შანსს არ დავუტოვებდი. მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. ბურთი ჩემამდე თუ აღწევდა, უთუოდ ძირს ეცემოდა, ან ბადეს ხვდებოდა. ჩემს მეხსიერებაში ახლაც სამარცხვინო ლაქებად არის დარჩენილი ყველა ასეთი ჩაფლავებული მომენტი.

ასეთივე ვიყავი ნებისმიერ სხვა თამაშში - წრეში ბურთში პირველივე სროლაზე ვიჭრებოდი, რეზინობანაში მეორე კლასს ვერ ვცდებოდი, უფრო ზევით ერთი ახტომაც კი მიჭირდა. როგორ ძალიან, გულით მინდოდა, ძლიერი ვყოფილიყავი. მაგრამ რაღაცნაირად თავს დავაჯერე, რომ ეგ ჩემი საქმე არ იყო და არასდროს გამომივიდოდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ხელი ჩავიქნიე და ჩემს სისუსტეს შევეგუე.

 ხელი ჩავიქნიე იმ დრომდე, სანამ 28 წლის არ გავხდი და მივხვდი, რომ არასდროს არის გვიან. ხომ პათეტიკურად გეჩვენებათ ამას რომ კითხულობთ - "არასდროს არის გვიან" მაგრამ მართლა ასეა. აი ეგ პათეტიკურობა მოაშორეთ და ისე წაიკითხეთ. უბრალოდ წაიკითხეთ და იცოდეთ, თუ თვლით, რომ გვიანია ჯიმზე სიარული, გვიანია ბალერინობა (აი ესეც კი არ არის გვიან) მაშინ მართლა გვიანი იქნება. და პირიქით - თუ იფიქრებთ, რომ არაფერია დაგვიანებული, არც იქნება. უბრალოდ, მაინცდამაინც ბალერინობა თუ გინდათ, სავარაუდოდ ბევრად მეტი შრომის ჩადება დაგჭირდებათ, ვიდრე 5 წლის ბავშვებს. მაგრამ საბოლოოდ ეგრე გამოდის, რომ ფიზიკური აქტივობისთვის ყოველთვის ხარ მზად, თუ გინდა, რომ რაღაც დაიწყო. ასევე შეგახსენებთ ერთ-ერთ წინა პოსტის შეგონებას, რომ თუ რაღაცის გაკეთება არ გინდა, ყოველთვის არსებობს მიზეზები, რომ შენი უმოქმედობა გაამართლო. 

იმას ვამბობდი, რომ 28 წლის ასაკში, ვაღიარე, რომ სუსტი ვარ. ბავშვობიდან საკუთარ თავთან სულ ვიქადნებოდი, რომ ოდესმე ძლიერი ვიქნებოდი და ეს "ოდესმე" არასდროს დადგა. როდესაც თანამშრომლები დამცინოდნენ, სამსახურში ლიფტით რომ არ ვსარგებლობდი და კიბეებით ავდიოდი, ოთახში კი აქოშინებული შევდიოდი, ღირსი ვიყავი. იმიტომ არა, რომ დასაცინი ვიყავი. იმიტომ, რომ ვქოშინებდი.

  ვაღიარე, რომ სუსტი ვარ და დივანიდან ავდექი. გარეთ გავედი და სირბილი დავიწყე.

  ჯერ რამდენიმე თვე გავიდა. მაგრამ ახლა, ზოგჯერ, ფიზიკური აქტივობის მაგალითადაც მომიხსენიებენ ხოლმე - "შენ ხომ დარბიხარ, ამიტომ ახლა არ დაიღლებოდი" "შენ ხომ ვარჯიშობ და არ გაგიჭირდება". რა თქმა უნდა, რამდენიმე თვეში სასწაული არ მოხდა და ათლეტი არ გავმხდარვარ. მაგრამ ამ შემთხვევით წამოსროლილ ფრაზებზე, როცა მოულოდნელად, ვიღაცაზე ძლიერი აღმოვჩნდი, მინდება, ჩემს ბავშვობაში დავბრუნდე და პატარა ნატალიას ვუთხრა - you just hang in there, არც ისეთი სუსტი აღმოჩნდი, როგორიც გეგონა. შეიძლება პეპივით ძლიერი გოგო ვერ გამოხვედი, ვერც მულანივით მაგარი ხარ, ბიჭებს რომ გადაასწრო ყველაფერში. შეიძლება before და after ფოტოებშიც კი არ გამოჩნდეს, როგორი შედეგი გაქვს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მე ვხედავ, ვგრძნობ ამ შედეგს ყოველდღე. ვგრძნობ კიბეებზე ასვლისას. ვგრძნობ ფეხით რაღაც მანძილის გავლისას. ვგრძნობ თუნდაც სირბილისას, როცა გული ყელში მებჯინება. რა თქმა უნდა, სირბილი ისეთი იოლი არ გახდა, როგორც როკის ბოლო ნაწილშია, ბუმბულივით რომ არბის კიბეებზე. მაგრამ მაშინაც კი, როცა სუნთქვა მიხშირდება და არათანაბარი მიხდება, ვხვდები, რომ არ გავჩერდები და შემიძლია, სირბილი გავაგრძელო. მთავარი ეგ შეგრძნებაა, რომ კიდევ შეგიძლია.

  ამასობაში, ოქტომბერში თბილისიმარათონზე 10 კმ ვირბინე. მინდოდა, ამ რბენაზე ბევრად მეტი მეწერა. მაგრამ ძალიან რთულია, მარათონის ატმოსფერო ასე, წერილობით გადმოსცე. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ყველაზე კარგი, კეთილი და ერთიანი ღონისძიებაა, რაც კი მინახავს. ანუ აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ თბილისიმარათონს, ზოგადად მარათონებს.


აქ ვირბინე ბევრად უკეთ, ვიდრე ყაზბეგის მარათონზე. მანძილი მეტი იყო, მაგრამ უფრო ჭკვიანურად ვირბინე.

ლესელიძის აღმართს რომ არბიხარ (არ ვიცი, "არბიხარ" უნდა უწოდო თუ არა იმ ქმედებას, ქვაფენილიან აღმართზე, ქოშინით და დაღლილი კუნთებით აბობღებას რომ ცდილობ) და ხვდები, რომ მაგრად გაიჭედე (აქ უფრო ცუდი ჟარგონის გამოყენებაც შეიძლებოდა), მთელი 9 კმ ეცადე, სუნთქვა არეგულირე, ერთ ტემპში სირბილს ლამობდი და ვითომ გამოგდიოდა და უცებ ორი დიდი დაბრკოლება - აღმართი და ქვაფენილი ერთად გხვდება. ეს კარგი, ლამაზი ქუჩა, რომლის ჩამოსეირნება ყოველთვის გიყვარდა, ახლა მორდორის მთასავით არის აღმართული შენ წინაშე და აუცილებლად უნდა აიარო (მეტიც, აირბინო). არც სემი გყავს გვერდით რომ აგათრიოს, შენით უნდა ახვიდე. თან რაღაცნაირად გიტყდება (ეს ჟარგონი საჭიროა, თავი ვერ ავარიდე), სიარულზე ხომ არ გადახვალ, აქამდე სირბილით (მეტ-ნაკლებად) მოსულხარ და ეჭიდები, მაგრამ ეგრევე ნებდები და აპირებ სიარული დაიწყო.
 სიარულის დაწყება კი უარესი აღმოჩნდა, ბევრად უფრო გამიჭირდა. ამიტომ საბოლოოდ ისევ შესაბრალის ძუნძულზე გადავედი. ამ დროს მოულოდნელად პლეილისტში "როკის" საუნდტრეკი, Gonna fly now დაიწყო. აი ეგ იყო, ჩემო მეგობრებო, pure, natural high. ფრთები შევისხი და ძუნძული განვაგრძე (უფრო სწრაფ სირბილს ვერანაირი მუსიკა ვერ მაიძულებდა, სამწუხაროდ)! მუსიკის მიწურულს აღმართიც ავიარე და თავისუფლების მოედანზე გავივაკე. ზედაპირიც სწორი გახდა, სირბილიც გაადვილდა და ამ დროს უცებ გავაცნობიერე, რომ ფინიშამდე ძალიან, ძალიან ცოტა იყო დარჩენილი. ამ შეგრძნების აღწერაც ძალიან რთულია, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ, როცა როკის საუნდტრეკის ფონზე თავისუფლებაზე მირბიხარ, ყველაფერმა კარგად ჩაიარია, იცი, რომ სადაცაა ფინიში გამოჩნდება და მიზანს მიაღწიე, მართლა გგონია, რომ gonna fly now :) [თუმცა ამჯერად ჭკვიანურად მოვიქეცი და გიჟივით არ გავიქეცი, იმიტომ რომ ფინიშამდე არც ეგეთი ცოტა იყო დარჩენილი და ბოლოს სიარულით მისვლა მომიწევდა].

 ამ დროს ფინიშიც გამოჩნდა. ღმერთო, ახლაც კი ენდორფინები გამომეყოფა, რომ მახსენდება. როგორი მარტივია ამ განცდის მათთვის ახსნა, ვისაც გამოუცდია და პირიქით, როგორი რთულია მათ გააგებინო, ვისაც არ ურბენია.


Thursday, November 10, 2016

"No" seems to be the hardest word

 რაზე არ შეგიძლიათ უარის თქმა?

მითხარით, რა პასუხი მოგივათ თავში პირველად.

მე - პიცა.

Photo by me

Sunday, October 2, 2016

Dear maybe, we're done

  სირბილის დაწყება ადვილია, ძალიან ადვილი. უბრალოდ უნდა ადგე, გახვიდე გარეთ, ნაბიჯები გადადგა და ეგაა - დარბიხარ. მაგრამ შემდგომ გაგრძელება, სტაბილურად და პროგრესულად სირბილი ბევრად უფრო რთულია. წინა პოსტს რომ ვკითხულობ, ვხვდები, რამდენი რამ შეიცვალა. თუნდაც ის, რომ პირველმა ეიფორიამ გაიარა. სირბილი მარტო ნაბიჯების სწრაფი გადადგმა აღარ არის და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გახდა ჩემთვის.
 
 რაც მეტს დავრბივარ, უფრო გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც ერთჯერადი არაა და მიხედვა ჭირდება, თუ სირბილის გაგრძელება მინდა. აქ ჩამოვწერ, რომელი პრობლემა აღმოჩნდა სისტემატური და როგორ ვებრძვი:

1. ქოშინი და ადვილად დაღლა - სირბილის დაწყებიდან ძალიან მალევე მეწყებოდა ქოშინი და იძულებული ვხდებოდი, გავჩერებულიყავი და სიარულზე გადავსულიყავი. ამიტომ მუდმივად სირბილი-სიარულის რეჟიმში ვიყავი. ინტერნეტში ძრომიალის და უფრო გამოცდილ ადამიანებთან საუბრის შემდეგ, ვისწავლე, რომ მთავარია თანაბრად ისუნთქო. ბევრგან ეწერა, რომ 3-3 რიტმში უნდა ისუნთქო (3 ნაბიჯის განმავლობაში ჩასუნთქვა და 3 ნაბიჯის განმავლობაში - ამოსუნთქვა). ასევე შესაძლებელია 3-2 რიტმში სუნთქვა, ვინაიდან ამოსუნთქვა უფრო ხანმოკლეა. არ გვირჩევდნენ 2-2 რიტმში სუნთქვას, ამ დროს დატვირთვა ყოველთვის ერთსა და იმავე ფეხზე მოდის და ტრავმის რისკი იზრდება. მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან გამიჭირდა ნაბიჯების და სუნთქვის სინქრონი. ერთხელ, სამსახურში შესვენებაზე მაღაზიაში რომ ჩავედი, ვეცადე გამევარჯიშა, მაგრამ როცა ვჩერდებოდი (მაგალითად ხაჭოს ყიდვისას), სუნთქვასაც ვაჩერებდი :D ამიტომ გადავიფიქრე და ამ ეტაპზე ეს პრობლემა კიდევ მიდგას. უბრალოდ, სირბილის დროს ვცდილობ, რომ სუნთქვა თანაბარ რიტმში იყოს. სულ ცოტა პროგრესი მაქვს. მომავალში მოიმატებს, იმედია.

2. ძუნძული (Jogging) - ანუ მაქსიმალურად ნელა ძუნძული, ძალიან ნელა. არაფრით გამომდის. სიარულიც სწრაფი მიყვარს და ეს მითუმეტეს მკლავს, თან რომ უნდა ვირბინო, მაგრამ ნელა ვაკეთო. არადა ძალიან მინდა, რომ ერთი სირბილი შეუსვენებლად ვირბინო, ანუ სირბილი-ძუნძული რეჟიმში. მაგრამ ამ ეტაპზე კვლავ სირბილი-სიარულის რეჟიმში ვარ.
 Update: ბოლოს ტემპო ვირბინე და ძუნძული გამომივიდა, yay!

3. მუცლის ჭვალი - ბავშვობაში, სირბილისას, ხომ დაგდგომიათ ჭვალი? ხან მარცხნივ და ხან - მარჯვნივ. დიდობაშიც ასეა. ამ პრობლემის მოგვარების ძიებისას, ინტერნეტში ერთ სტატიას წავაწყდი, სადაც ავტორი წერდა რომ ერთი მეთოდის შესახებ, რომელიც ყოველთვის ამართლებდა.
მეთოდი ასეთია: თუ სირბილისას ჭვალი დაგადგა, ყოველი ჩასუნთქვა უნდა გააკეთო ჭვალის საპირისპირო მხარეს ფეხის დადგმისას. ანუ, თუ მარცხენა მხარეს გაქვს ჭვალი , ჩასუნთქვა დაამთხვიე მარჯვენა ფეხის დადგმას, თუ მარჯვენა მხარეს - მარცხენა ფეხის დადგმას. მე სამჯერ მომიწია ცდა და სამივეჯერ გაამართლა.

4. მუცლის ტკივილი - ეს ჩემი პირადი პრობლემაა. ძალიან ხშირად, სირბილის დროს, მთლიანად მუცელი მტკივდება (ჭვალი კიდევ სხვა რამეა). ზოგადად საჭმლის მომნელებელი სისტემა ჩემი სუსტი მხარეა და ყოველთვის პრობლემებს მიქმნის, მათ შორის სირბილის დროსაც. ამ პრობლემას ჯერჯერობით გაჭირვებით ვებრძვი, core-ის ვარჯიშებით.
  Core (ქართულად ვერ ვთარგმნე) - დაახლოებით იგივეა რაც ტორსი და მოიცავს ზურგის, მუცლის და მენჯის კუნთებს. ამიტომ Core-ის ვარჯიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ყველა მორბენლისთვის.
  ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად მივხედე Core-ის გაძლიერებას, ძირითადად ვაკეთებ ორ ვარჯიშს:

 - პლანკები (Planks) - Core-ის ვარჯიშებს შორის პირველ ადგილზეა, მგონი. შესასრულებლად მარტივია და არანაირ აღჭურვილობას არ მოითხოვს.  ჩემი მაქსიმუმი ჯერჯერობით წუთი და 15 წამია.

Planks

 - სუპერმენის პოზა - ასევე ძალიან ადვილია და კუნთებს კარგად ჭიმავს. ამ პოზას პლანკების მერე ვაკეთებ ხოლმე და დაახლოებით 40 წამი ვძლებ მხოლოდ.

Superman

  მართალია, მუცლის ტკივილი ისევ მაქვს და გუშინდელ სირბილშიც თან მსდევდა სულ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქორის ვარჯიშები დამეხმარება ნელ-ნელა დავძლიო ეს პრობლემა, ან მინიმუმამდე მაინც შევამცირო.

5. სახეზე გაწითლება - ამას ვერაფერს ვშველი. ხანდახან მგონია, რომ ჭინჭრის ციება მეწყება ხოლმე, ისეთი აჭრელებული ვარ. საშველი არც არსებობს, როგორც ხანგრძლივი და ამაო სერჩვის შემდეგ გავიგე.

 და ბოლოს, ყველაზე კარგი მეთოდი საკუთარ შიშებთან და სისუსტეებთან ბრძოლის, არის საკუთარი თავის გამოცდა. შესაბამისი მაგალითით ავხსნი: 4 სექტემბერს ყაზბეგის მარათონი იყო. მარათონის და ნახევარმარათონის გარდა, ასევე ჰქონდათ სამოყვარულო, 8 კმ-იანი გარბენი. ძალიან დიდხანს ვიყოყმანე, სანამ დავრეგისტრირდებოდი. ვთვლიდი, რომ მზად არ ვიყავი. აქამდე ჩემი მაქსიმუმი მხოლოდ 6 კმ იყო და მითუმეტეს, ახალ პირობებში (მთა, სიცივე და ა.შ), არ ვიყავი დარწმუნებული, რომ სირბილს შევძლებდი. უკვე გადაფიქრებული მქონდა, როცა ლაშამ, ჩემმა მეგობარმა, მითხრა რომ წავსულიყავი და ადგილზე შემეფასებინა, მართლა ვერ შევძლებდი თუ არა (მადლობა მას) და წავედი.

  ნამდვილად ძალიან გამიჭირდა, თუმცა არა ისე, როგორც მეგონა, რომ გამიჭირდებოდა. ამ მარათონმა დამარწმუნა, რომ არსირბილს ყოველთვის სირბილი სჯობს. შესაძლებლობების მაქსიმუმის განსაზღვრა და ის, თუ როგორ ეგუები ახალ პირობებს, ბევრად უფრო მოტივირებულს გხდის. 8 კმ-იან დისტანციაზე ბევრი აღმართ-დაღმართი იყო. აღმართების და ასევე ასფალტთან შეუგუებლობის გამო, თავიდანვე მუცელი ამტკივდა, ვერც სიჩქარე დავარეგულირე და ამიტომ ძირითადად ვიჩანჩალე.
მთავარი ისაა, რომ დავინახე, რა კომპონენტებში მიჭირდა.
 
ესეც ლამაზი სერთიფიკატი:




შემდეგი თბილისის მარათონი იქნება.

Tuesday, September 27, 2016

1 კვირა - 3 რეჟისორი

 ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ სერიალების გადამკიდე, ფილმებს ვეღარ უყურებს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. სანამ ფილმს ავარჩევ, იმდენი დრო მჭირდება, რომ ამ პერიოდში რამდენიმე გამზადებული სერიალი მახსენდება ხოლმე. საბოლოოდ, ფილმების ძებნით ვიღლები და ისევ სერიალს ვრთავ.
 ამიტომ გადავწყვიტე, რომ (ცივი) შემოდგომა საუკეთესო დროა კარგი ფილმების სანახავად. ამის შესახებ პოსტის დაწერა კი კიდევ უფრო დამეხმარება, რომ რაც შეიძლება მალე და განსაზღვრულ დროში ვნახო კონკრეტული რეჟისორების ფილმები.

 მოკლედ, მართალია ორშაბათი არაა, მაგრამ ვფიქრობ, სამშაბათიც არაა ურიგო დღე რეჟისორების კვირეულის დასაწყებად.

  პირველი კვირისთვის კლასიკური რეჟისორები ავარჩიე. კვირის ბოლომდე, თითოეული რეჟისორის 3-3 ფილმს ვნახავ. ფილმების შერჩევისას უკვე ნანახი ფილმები გამოირიცხა, ამიტომ თუ ფიქრობთ, რომ უკეთესი სამეული უნდა შემერჩია, სავარაუდოდ ის ფილმები უკვე ნანახი მაქვს.

მოკლედ, პირველი სია ასე გამოიყურება:


1) სტენლი კუბრიკი

 ფართოდ დახუჭული თვალები (Eyes Wide Shut)

 ბარი ლინდონი (Barry Lyndon)

 სპარტაკი (Spartacus)


2) ფედერიკო ფელინი

 კაბირიის ღამეები (Nights of Cabiria)

 რვა ნახევარი (8½)

 გზა (La Strada)


3) ალფრედ ჰიჩკოკი

 ვერტიგო (Vertigo)

 დაიჭირო ქურდი (To Catch a Thief)

 ჩიტები (The Birds)


თუ ფილმებთან (ან რეჟისორებთან) დაკავშირებით რამე კომენტარის გაკეთება გსურთ, feel free to do it :)

Monday, July 25, 2016

მაგრად ვარ, დავრბივარ

 ჯერ კიდევ 6 თვის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, ძაღლებით სავსე (well, ვაჭარბებ) სტადიონზე ირბენო, არაფრით  დავიჯერებდი.

 მე და სპორტულ ცხოვრებას დიდი ხანია, on and off relationship გვაქვს. ბავშვობაში, როდესაც "კავკასიაზე" სინდი კროუფორდის ვარჯიშები გადიოდა, სკამს მოვიდგამდი და დაბეჯითებით ვიმეორებდი ყველა მოძრაობას. მერე, როცა უკვე გადაცემები აღარ გადიოდა, მე თვითონ მიჩნდებოდა სურვილი, მევარჯიშა. მომწონდა, კუნთები რომ ტონუსში იყო. მაგრამ ამას ძალიან იშვიათად, ძირითადად ზაფხულში ვაკეთებდი. თუმცა დღეს, როცა საკმაოდ აქტიურად ვვარჯიშობ (ნუ, კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც), ვხვდები, რომ ბავშვობიდან ფიზიკური აქტივობის  ეს ცოტ-ცოტა შეპარება, რაღაცნაირად დამეხმარა, რომ უფრო მოქნილი გავმხდარიყავი.

 სირბილამდე უფრო რთულად მივედი. ბავშვობაში, ფიზიკურ აქტივობებში ჩემი ერთადერთი "ნიჭი" სწრაფი სირბილი იყო. სხვა არაფერი გამომდიოდა. ამიტომ, განსაკუთრებული ხალისით ისეთ თამაშობებში ვერთვებოდი, სადაც ძირითადად სირბილი იყო საჭირო.  სოფელში, აღმადაღმა რომ დავდიოდით მთელი დღეები, როცა მინდორში გავრბოდი, ქარი სახეში მცემდა და ყურებში წუილი მესმოდა, ვხვდებოდი, რომ იყო რაღაც ამაში, თავისუფლების და ეიფორიის შემცველი, მაგრამ მაინც, სირბილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი.

  ყველაფერი შარშან დაიწყო, როდესაც კახეთში Wings for Life-ის საყოველთაო რბენაში მივიღე მონაწილეობა. მაშინ ჯიპიაიში ვმუშაობდი და კორპორტიულად წავედით, კომპანიის სახელით. ალბათ უფრო ამიტომ გადავწყვიტე ამ ღონისძიებაში ჩართვა, ვიდრე სირბილის გამო.



   სტარტთან უამრავი ადამიანი ვიდექით, ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებდა - გვერბინა მათთვის, ვისაც არ შეეძლო. ზუსტად იმ დროს, მსოფლიოს მრავალ წერტილში, ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმავე მიზნით იდგნენ სტარტის ხაზთან და ეს ერთიანობის შეგრძნება განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო.

 ნიშანი რომ მოგვცეს, ხალხი ნელ-ნელა დაიძრა და პირველი ნაბიჯები გადავდგი, მერე ტემპს მოვუმატე, უცებ ვიგრძენი, რომ ეს ის იყო - სრული გასხივოსნება.  გულში ვიმეორებდი - "აქამდე სად ვიყავი, აქამდე სად ვიყავი..". მივრბოდი, მერე მივდიოდი, ისევ მივრბოდი, უფრო მეტს მივდიოდი, ვქოშინებდი, სუნთქვა უკიდურესად მიჭირდა, ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას ლამის ერთდროულად ვაკეთებდი, გულს ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდა, მეგონა სადაცაა ამომივარდებოდა, მაგრამ არაფერი იყო იმაზე კარგი და მშვენიერი, ვიდრე წინსვლა, თუნდაც ასეთი ძალისხმევით. ყველაფერი თავის ადგილზე იყო -  მე მაგრად ვიყავი, დავრბოდი.
 საბოლოოდ, 5 კმ ვირბინე/ვიარე. რომ ვბრუნდებოდი, საკუთარ თავს დაბეჯითებით შევპირდი, რომ აუცილებლად ხშირად ვირბენდი, როგორც მარათონებზე, ასევე ჩემთვის, ინდივიდუალურად და შემდეგ წელს ბევრად მომზადებული დავბრუნდებოდი.



    პირობის სისრულეში მოყვანა არც ისე იოლი გამოდგა. ქალაქში დაბრუნებისას, ყოველდღიურობა რომ შთანგთქავს - სამსახური, სწავლა, მეგობრები, ათას მიზეზს ეძებ, რომ არ ირბინო. ასეთი მიზეზები ყოველთვის არსებობს, თუ მათი პოვნა გსურს.
 ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისე მოხდა, რომ წლევანდელ Wings for Life-ზეც მოუმზადებელი წავედი. სახლში ცოტ-ცოტას ვვარჯიშობდი, რომ კუნთები მომემზადებინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სირბილის დაწყებასთან ერთად, მუცლის მარცხენა მხარეს ტკივილი დამეწყო და არათუ ძუნძული, სიარულიც კი მიჭირდა. თუმცა შარშანდელი შედეგი მაინც გავაუმჯობესე და 6 კმ ვირბინე.  თბილისში საშინლად დაღლილი დავბრუნდი, ყველა კუნთი მტკიოდა, საწოლამდე ძლივს მივაღწიე.
    შემდეგ დღეს დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა, კიდევ მერბინა. ვიცოდი, რომ  კუნთებს ძალა ჯერ ბოლომდე აღდგენილი არ ექნებოდა და კარგი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ მაინც ჩავედი  სტადიონზე და ვირბინე. ვირბინე ცოტა, მაგრამ სურვილი მოვიკალი.
 მას შემდეგ მივხვდი, სირბილი ისევე მჭირდებოდა, ისევე მინდებოდა, როგორც წყალი ან გემრიელი ნამცხვარი.

  ახლაც, ყოველი სირბილის შემდეგ, დაქანცული, გაოფლილი და აქოშინებული, სახლისკენ რომ მივდივარ, ვფიქრობ, ნუთუ ეს ისევ მომინდება, ისევ ჩავიცვამ, ჩავალ სტადიონზე და ამ ყველაფერს ისევ დავიმართებ? და ჰო, შემდეგ დღეს ისევ მინდება ჩავიდე, გავწითლდე და გავიოფლო, სუნთქვა შემეკრას და რაღაც მომენტში მეგონოს, რომ სტადიონის მეორე ბოლომდე ვერ გავაღწევ.

 გარბენილ კილომეტრებს ნაიკის აპლიკაციით ვითვლი - Nike+ Running.  გული სიხარულით მევსება, როცა ვუყურებ, ყოველ შემდეგ რბენაზე როგორ უმჯობესდება შედეგი. თავიდან 1.5 კმ-ით დავიწყე, ახლა 5-ზე ვარ ასული. ხომ დიდი არაფერია, 5 კმ, მაგრამ როცა საკუთარი ოფლით აღწევ, როცა ნაბიჯ-ნაბიჯ (Literally!) მოხვედი აქამდე, დამიჯერეთ, შეუდარებელი გრძნობაა. გამარჯვების, მიზნის მიღწევის და უბრალოდ, კაიფის გრძნობა.

 ამბობენ, რომ დღეს სირბილი მოდურად იქცა. თუმცა, რამდენჯერაც ხმამაღლა ვახსენებ, ძირითადად, დაცინვის ობიექტი ვხდები ხოლმე "შენ რა უნდა ირბინო, ასეთმა გოგომ ("ასეთში" გამხდარი იგულისხმება)", "3 კმ ბევრი გგონია?" და ა.შ
 დიახ, 3 კმ ბევრია, როცა თავიდან იწყებ და შესაძლებელია, ადამიანი მარტო გახდომის მიზნით არ ვარჯიშობდეს.

 ვცდილობ, მეტი ინფორმაცია მოვიძიო სწორად სირბილთან დაკავშირებით და საკმაოდ ბევრ სტატიას ვკითხულობ, მაგრამ ჯერჯერობით სწორი სუნთქვა ვერ ვისწავლე :) იმედი მაქვს, ამასაც მალე შევძლებ და შემდეგ გამოცდილებას გაგიზიარებთ.

   და ბოლოს, რამდენი რჩევა და გამოცდილებაც არ უნდა წაიკითხოთ, როგორი კარგი და სასარგებლოა სირბილი, სანამ თავად არ გამოცდით, ვერ მიხვდებით როგორია ეს ყველაზე ხელმისაწვდომი და სასარგებლო ნარკოტიკი.