რამდენიმე დღეა ამ პოსტის ფანჯარას ვხსნი და ვფიქრობ, როგორ დავიწყო.
პირველ რიგში, ალბათ ყიჟინით - Wings for Life საქართველოში ბრუნდება! ვინც არ იცის, რატომ ვყიჟინებ: წელს საქართველო ამოიღეს ამ რბენიდან, მაგრამ შემდეგ კეთილი ადამიანების ჩარევით, რედ ბულის ეს ივენთი კვლავ დაგვიბრუნდა.
(ვინც საერთოდ არ იცის, რა არის Wings for life - დააჭირეთ აქ)
ვერ აღვწერ, როგორი დიდი გულისწყვეტა იყო, როცა 2017 წლის ივენთზე რეგისტრაციები დაიწყო და ლოკაციებს შორის საქართველო ვეღარ ვიპოვე. მითუმეტეს ვერ აღვწერ, რა დამემართა, როცა გავიგე, რომ საქართველო ისევ დაემატებოდა ივენთის ლოკაციებს (ამ ორ მოვლენას შორის რამდენიმე თვიანი შუალედი იყო). ჰო, კარგი, ვაღიარებ - ვიტირე.
საქართველოში არც ისე ბევრი რბენა იმართება ხოლმე, მაგრამ მათ შორისაც სხვა ყველგან, მხოლოდ მორბენლები იღებენ მონაწილეობას ("მორბენლებში" ვგულისხმობ ხალხს, ვინც ხშირად და სტაბილურად დარბის). Wings for Life ალბათ ერთადერთი რბენაა ჩვენთან, რომელიც აერთიანებს ყველას, განურჩევლად ყველაფრისა - სპორტსმენებს, მორბენლებს, ქაუჩ ფოთეითოებს და ა.შ
ქაუჩ ფოთეითოზე გამახსენდა, მეც ამ უკანასკნელის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვიყავი, როცა 2015 წელს კახეთში ძალიან ამაყად გავემართე Wings for life-ზე სარბენად და ვამბობდი, მთავარია მონდომება და ძალიან ბევრს ვირბენ-მეთქი. რა თქმა უნდა, პირველივე კილომეტრზე მივხვდი, რომ მონდომებაზე უფრო მთავარი ფიზიკური მომზადება, გამძლეობა და სწორი სირბილი იყო, რომელთაგან მე არც ერთი გამაჩნდა.
ამიტომ მიყვარს განსაკუთრებულად Wings for Life - ამ ივენთის წყალობით, ქაუჩ ფოთეითოდან მორბენლად ვიქეცი.
ჰო, კარგი, ვაჭარბებ, მორბენალი არ ვარ. უფრო სწორად, დამწყები მორბენალი ვარ.
ნუ, დამწყებზე ცოტა მეტი.
დღეს ვფიქრობდი, მაინც რა არის მთავარი მიზეზი, რატომაც მიყვარს სირბილი-მეთქი. ნუ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ბლა ბლა ბლა-ს გარდა.
ჰოდა მივხვდი - შეჯიბრის გამო. პირველ რიგში რაც გაიფიქრეთ, ამას არ ვგულისხმობ. სირბილისას სხვებს არ ეჯიბრები, არავის გასწრებას ცდილობ. შეჯიბრი ყოველთვის საკუთარ თავთან გაქვს - დღეს რამდენს შევძლებ, ვიქნები თუ არა უკეთესი, ვიდრე გუშინდელი მე?
ხან გუშინდელ მეზე უკეთესი ხარ, ხან კი ისეც ხდება, რომ პირველივე კილომეტრზე იკეცები.
მაგრამ მაინც, ამაზე აზარტული და საკაიფო (აქ სლენგს არ ვგულისხმობ, პირდაპირი მნიშვნელობით კაიფია) არაფერია (გემრიელი პიცის უზარმაზარი ნაჭერიც კი).
ხოდა, არ დაიზაროთ, ახლავე შედით ამ ლინკზე და დარეგისტრირდით. რეგისტრაციის საფასური 30 ლარია და ეს თანხა მთლიანად ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებს ხმარდება.