ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა და ჰგავდა ყველა სხვა, 90-იანი წლების ქართველი ბავშვისას - თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ეზოში, სხვადასხვა თამაშობებში ჩართული ვატარებდი (მაშინ კერძო სახლში ვცხოვრობდით). მეზობლის ბავშვები ხშირად ვიკრიბებოდით ქუჩაში და ათასგვარ თამაშს ვთამაშობდით, ფეხბურთიდან დაწყებული, წრეში ბურთით დამთავრებული. ყველა ფიზიკურ აქტივობასთან იყო დაკავშირებული. მე კიდევ არც ერთ თამაშში ვბრწყინავდი. მეტიც, ძალიან სუსტი ვიყავი.
როდესაც თამაშის დაწყებამდე ორ ჯგუფად ვიყოფოდით და არჩევანი და არადანი ბავშვების არჩევას იწყებდნენ, არასდროს ვყოფილვარ პირველი არჩევანი. არც მეორე. სულ ბოლო ვარიანტად დარჩენისგან ჩემი ე.წ დაქალები მიხსნიდნენ ხოლმე, ერთ-ერთი ყოველთვის იყო არჩევანი ან არადანი და მანამდე მირჩევდა, სანამ ბოლო დავრჩებოდი. მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიცოდი, რომ ამაო იყო ჩემი გუნდში ყოფნა და სასარგებლოს მაინც ვერაფერს გავაკეთებდი.
მაგალითად, ფრენბურთის თამაშისას, ყოველთვის განაპირას ვიდექი, ბადესთან. ბურთი ჩემამდე ძალიან იშვიათად მოდიოდა. ყოველ ასეთ მომენტზე, ბურთი რომ მოფრინავდა, წამის მეასედში წარმოვიდგენდი, როგორ ავხტებოდი, ძლიერად დავარტყამდი ხელს, ბადის მეორე მხარეს გადავაგდებდი, თან ისეთი ტრაექტორიით, რომ მეტოქეს აღების შანსს არ დავუტოვებდი. მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. ბურთი ჩემამდე თუ აღწევდა, უთუოდ ძირს ეცემოდა, ან ბადეს ხვდებოდა. ჩემს მეხსიერებაში ახლაც სამარცხვინო ლაქებად არის დარჩენილი ყველა ასეთი ჩაფლავებული მომენტი.
ასეთივე ვიყავი ნებისმიერ სხვა თამაშში - წრეში ბურთში პირველივე სროლაზე ვიჭრებოდი, რეზინობანაში მეორე კლასს ვერ ვცდებოდი, უფრო ზევით ერთი ახტომაც კი მიჭირდა. როგორ ძალიან, გულით მინდოდა, ძლიერი ვყოფილიყავი. მაგრამ რაღაცნაირად თავს დავაჯერე, რომ ეგ ჩემი საქმე არ იყო და არასდროს გამომივიდოდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ხელი ჩავიქნიე და ჩემს სისუსტეს შევეგუე.
ხელი ჩავიქნიე იმ დრომდე, სანამ 28 წლის არ გავხდი და მივხვდი, რომ არასდროს არის გვიან. ხომ პათეტიკურად გეჩვენებათ ამას რომ კითხულობთ - "არასდროს არის გვიან" მაგრამ მართლა ასეა. აი ეგ პათეტიკურობა მოაშორეთ და ისე წაიკითხეთ. უბრალოდ წაიკითხეთ და იცოდეთ, თუ თვლით, რომ გვიანია ჯიმზე სიარული, გვიანია ბალერინობა (აი ესეც კი არ არის გვიან) მაშინ მართლა გვიანი იქნება. და პირიქით - თუ იფიქრებთ, რომ არაფერია დაგვიანებული, არც იქნება. უბრალოდ, მაინცდამაინც ბალერინობა თუ გინდათ, სავარაუდოდ ბევრად მეტი შრომის ჩადება დაგჭირდებათ, ვიდრე 5 წლის ბავშვებს. მაგრამ საბოლოოდ ეგრე გამოდის, რომ ფიზიკური აქტივობისთვის ყოველთვის ხარ მზად, თუ გინდა, რომ რაღაც დაიწყო. ასევე შეგახსენებთ ერთ-ერთ წინა პოსტის შეგონებას, რომ თუ რაღაცის გაკეთება არ გინდა, ყოველთვის არსებობს მიზეზები, რომ შენი უმოქმედობა გაამართლო.
იმას ვამბობდი, რომ 28 წლის ასაკში, ვაღიარე, რომ სუსტი ვარ. ბავშვობიდან საკუთარ თავთან სულ ვიქადნებოდი, რომ ოდესმე ძლიერი ვიქნებოდი და ეს "ოდესმე" არასდროს დადგა. როდესაც თანამშრომლები დამცინოდნენ, სამსახურში ლიფტით რომ არ ვსარგებლობდი და კიბეებით ავდიოდი, ოთახში კი აქოშინებული შევდიოდი, ღირსი ვიყავი. იმიტომ არა, რომ დასაცინი ვიყავი. იმიტომ, რომ ვქოშინებდი.
ვაღიარე, რომ სუსტი ვარ და დივანიდან ავდექი. გარეთ გავედი და სირბილი დავიწყე.
ჯერ რამდენიმე თვე გავიდა. მაგრამ ახლა, ზოგჯერ, ფიზიკური აქტივობის მაგალითადაც მომიხსენიებენ ხოლმე - "შენ ხომ დარბიხარ, ამიტომ ახლა არ დაიღლებოდი" "შენ ხომ ვარჯიშობ და არ გაგიჭირდება". რა თქმა უნდა, რამდენიმე თვეში სასწაული არ მოხდა და ათლეტი არ გავმხდარვარ. მაგრამ ამ შემთხვევით წამოსროლილ ფრაზებზე, როცა მოულოდნელად, ვიღაცაზე ძლიერი აღმოვჩნდი, მინდება, ჩემს ბავშვობაში დავბრუნდე და პატარა ნატალიას ვუთხრა - you just hang in there, არც ისეთი სუსტი აღმოჩნდი, როგორიც გეგონა. შეიძლება პეპივით ძლიერი გოგო ვერ გამოხვედი, ვერც მულანივით მაგარი ხარ, ბიჭებს რომ გადაასწრო ყველაფერში. შეიძლება before და after ფოტოებშიც კი არ გამოჩნდეს, როგორი შედეგი გაქვს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მე ვხედავ, ვგრძნობ ამ შედეგს ყოველდღე. ვგრძნობ კიბეებზე ასვლისას. ვგრძნობ ფეხით რაღაც მანძილის გავლისას. ვგრძნობ თუნდაც სირბილისას, როცა გული ყელში მებჯინება. რა თქმა უნდა, სირბილი ისეთი იოლი არ გახდა, როგორც როკის ბოლო ნაწილშია, ბუმბულივით რომ არბის კიბეებზე. მაგრამ მაშინაც კი, როცა სუნთქვა მიხშირდება და არათანაბარი მიხდება, ვხვდები, რომ არ გავჩერდები და შემიძლია, სირბილი გავაგრძელო. მთავარი ეგ შეგრძნებაა, რომ კიდევ შეგიძლია.
ამასობაში, ოქტომბერში თბილისიმარათონზე 10 კმ ვირბინე. მინდოდა, ამ რბენაზე ბევრად მეტი მეწერა. მაგრამ ძალიან რთულია, მარათონის ატმოსფერო ასე, წერილობით გადმოსცე. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ყველაზე კარგი, კეთილი და ერთიანი ღონისძიებაა, რაც კი მინახავს. ანუ აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ თბილისიმარათონს, ზოგადად მარათონებს.
აქ ვირბინე ბევრად უკეთ, ვიდრე ყაზბეგის მარათონზე. მანძილი მეტი იყო, მაგრამ უფრო ჭკვიანურად ვირბინე.
ლესელიძის აღმართს რომ არბიხარ (არ ვიცი, "არბიხარ" უნდა უწოდო თუ არა იმ ქმედებას, ქვაფენილიან აღმართზე, ქოშინით და დაღლილი კუნთებით აბობღებას რომ ცდილობ) და ხვდები, რომ მაგრად გაიჭედე (აქ უფრო ცუდი ჟარგონის გამოყენებაც შეიძლებოდა), მთელი 9 კმ ეცადე, სუნთქვა არეგულირე, ერთ ტემპში სირბილს ლამობდი და ვითომ გამოგდიოდა და უცებ ორი დიდი დაბრკოლება - აღმართი და ქვაფენილი ერთად გხვდება. ეს კარგი, ლამაზი ქუჩა, რომლის ჩამოსეირნება ყოველთვის გიყვარდა, ახლა მორდორის მთასავით არის აღმართული შენ წინაშე და აუცილებლად უნდა აიარო (მეტიც, აირბინო). არც სემი გყავს გვერდით რომ აგათრიოს, შენით უნდა ახვიდე. თან რაღაცნაირად გიტყდება (ეს ჟარგონი საჭიროა, თავი ვერ ავარიდე), სიარულზე ხომ არ გადახვალ, აქამდე სირბილით (მეტ-ნაკლებად) მოსულხარ და ეჭიდები, მაგრამ ეგრევე ნებდები და აპირებ სიარული დაიწყო.
სიარულის დაწყება კი უარესი აღმოჩნდა, ბევრად უფრო გამიჭირდა. ამიტომ საბოლოოდ ისევ შესაბრალის ძუნძულზე გადავედი. ამ დროს მოულოდნელად პლეილისტში "როკის" საუნდტრეკი, Gonna fly now დაიწყო. აი ეგ იყო, ჩემო მეგობრებო, pure, natural high. ფრთები შევისხი და ძუნძული განვაგრძე (უფრო სწრაფ სირბილს ვერანაირი მუსიკა ვერ მაიძულებდა, სამწუხაროდ)! მუსიკის მიწურულს აღმართიც ავიარე და თავისუფლების მოედანზე გავივაკე. ზედაპირიც სწორი გახდა, სირბილიც გაადვილდა და ამ დროს უცებ გავაცნობიერე, რომ ფინიშამდე ძალიან, ძალიან ცოტა იყო დარჩენილი. ამ შეგრძნების აღწერაც ძალიან რთულია, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ, როცა როკის საუნდტრეკის ფონზე თავისუფლებაზე მირბიხარ, ყველაფერმა კარგად ჩაიარია, იცი, რომ სადაცაა ფინიში გამოჩნდება და მიზანს მიაღწიე, მართლა გგონია, რომ gonna fly now :) [თუმცა ამჯერად ჭკვიანურად მოვიქეცი და გიჟივით არ გავიქეცი, იმიტომ რომ ფინიშამდე არც ეგეთი ცოტა იყო დარჩენილი და ბოლოს სიარულით მისვლა მომიწევდა].
ამ დროს ფინიშიც გამოჩნდა. ღმერთო, ახლაც კი ენდორფინები გამომეყოფა, რომ მახსენდება. როგორი მარტივია ამ განცდის მათთვის ახსნა, ვისაც გამოუცდია და პირიქით, როგორი რთულია მათ გააგებინო, ვისაც არ ურბენია.