Monday, July 25, 2016

მაგრად ვარ, დავრბივარ

 ჯერ კიდევ 6 თვის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, ძაღლებით სავსე (well, ვაჭარბებ) სტადიონზე ირბენო, არაფრით  დავიჯერებდი.

 მე და სპორტულ ცხოვრებას დიდი ხანია, on and off relationship გვაქვს. ბავშვობაში, როდესაც "კავკასიაზე" სინდი კროუფორდის ვარჯიშები გადიოდა, სკამს მოვიდგამდი და დაბეჯითებით ვიმეორებდი ყველა მოძრაობას. მერე, როცა უკვე გადაცემები აღარ გადიოდა, მე თვითონ მიჩნდებოდა სურვილი, მევარჯიშა. მომწონდა, კუნთები რომ ტონუსში იყო. მაგრამ ამას ძალიან იშვიათად, ძირითადად ზაფხულში ვაკეთებდი. თუმცა დღეს, როცა საკმაოდ აქტიურად ვვარჯიშობ (ნუ, კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც), ვხვდები, რომ ბავშვობიდან ფიზიკური აქტივობის  ეს ცოტ-ცოტა შეპარება, რაღაცნაირად დამეხმარა, რომ უფრო მოქნილი გავმხდარიყავი.

 სირბილამდე უფრო რთულად მივედი. ბავშვობაში, ფიზიკურ აქტივობებში ჩემი ერთადერთი "ნიჭი" სწრაფი სირბილი იყო. სხვა არაფერი გამომდიოდა. ამიტომ, განსაკუთრებული ხალისით ისეთ თამაშობებში ვერთვებოდი, სადაც ძირითადად სირბილი იყო საჭირო.  სოფელში, აღმადაღმა რომ დავდიოდით მთელი დღეები, როცა მინდორში გავრბოდი, ქარი სახეში მცემდა და ყურებში წუილი მესმოდა, ვხვდებოდი, რომ იყო რაღაც ამაში, თავისუფლების და ეიფორიის შემცველი, მაგრამ მაინც, სირბილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი.

  ყველაფერი შარშან დაიწყო, როდესაც კახეთში Wings for Life-ის საყოველთაო რბენაში მივიღე მონაწილეობა. მაშინ ჯიპიაიში ვმუშაობდი და კორპორტიულად წავედით, კომპანიის სახელით. ალბათ უფრო ამიტომ გადავწყვიტე ამ ღონისძიებაში ჩართვა, ვიდრე სირბილის გამო.



   სტარტთან უამრავი ადამიანი ვიდექით, ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებდა - გვერბინა მათთვის, ვისაც არ შეეძლო. ზუსტად იმ დროს, მსოფლიოს მრავალ წერტილში, ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმავე მიზნით იდგნენ სტარტის ხაზთან და ეს ერთიანობის შეგრძნება განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო.

 ნიშანი რომ მოგვცეს, ხალხი ნელ-ნელა დაიძრა და პირველი ნაბიჯები გადავდგი, მერე ტემპს მოვუმატე, უცებ ვიგრძენი, რომ ეს ის იყო - სრული გასხივოსნება.  გულში ვიმეორებდი - "აქამდე სად ვიყავი, აქამდე სად ვიყავი..". მივრბოდი, მერე მივდიოდი, ისევ მივრბოდი, უფრო მეტს მივდიოდი, ვქოშინებდი, სუნთქვა უკიდურესად მიჭირდა, ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას ლამის ერთდროულად ვაკეთებდი, გულს ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდა, მეგონა სადაცაა ამომივარდებოდა, მაგრამ არაფერი იყო იმაზე კარგი და მშვენიერი, ვიდრე წინსვლა, თუნდაც ასეთი ძალისხმევით. ყველაფერი თავის ადგილზე იყო -  მე მაგრად ვიყავი, დავრბოდი.
 საბოლოოდ, 5 კმ ვირბინე/ვიარე. რომ ვბრუნდებოდი, საკუთარ თავს დაბეჯითებით შევპირდი, რომ აუცილებლად ხშირად ვირბენდი, როგორც მარათონებზე, ასევე ჩემთვის, ინდივიდუალურად და შემდეგ წელს ბევრად მომზადებული დავბრუნდებოდი.



    პირობის სისრულეში მოყვანა არც ისე იოლი გამოდგა. ქალაქში დაბრუნებისას, ყოველდღიურობა რომ შთანგთქავს - სამსახური, სწავლა, მეგობრები, ათას მიზეზს ეძებ, რომ არ ირბინო. ასეთი მიზეზები ყოველთვის არსებობს, თუ მათი პოვნა გსურს.
 ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისე მოხდა, რომ წლევანდელ Wings for Life-ზეც მოუმზადებელი წავედი. სახლში ცოტ-ცოტას ვვარჯიშობდი, რომ კუნთები მომემზადებინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სირბილის დაწყებასთან ერთად, მუცლის მარცხენა მხარეს ტკივილი დამეწყო და არათუ ძუნძული, სიარულიც კი მიჭირდა. თუმცა შარშანდელი შედეგი მაინც გავაუმჯობესე და 6 კმ ვირბინე.  თბილისში საშინლად დაღლილი დავბრუნდი, ყველა კუნთი მტკიოდა, საწოლამდე ძლივს მივაღწიე.
    შემდეგ დღეს დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა, კიდევ მერბინა. ვიცოდი, რომ  კუნთებს ძალა ჯერ ბოლომდე აღდგენილი არ ექნებოდა და კარგი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ მაინც ჩავედი  სტადიონზე და ვირბინე. ვირბინე ცოტა, მაგრამ სურვილი მოვიკალი.
 მას შემდეგ მივხვდი, სირბილი ისევე მჭირდებოდა, ისევე მინდებოდა, როგორც წყალი ან გემრიელი ნამცხვარი.

  ახლაც, ყოველი სირბილის შემდეგ, დაქანცული, გაოფლილი და აქოშინებული, სახლისკენ რომ მივდივარ, ვფიქრობ, ნუთუ ეს ისევ მომინდება, ისევ ჩავიცვამ, ჩავალ სტადიონზე და ამ ყველაფერს ისევ დავიმართებ? და ჰო, შემდეგ დღეს ისევ მინდება ჩავიდე, გავწითლდე და გავიოფლო, სუნთქვა შემეკრას და რაღაც მომენტში მეგონოს, რომ სტადიონის მეორე ბოლომდე ვერ გავაღწევ.

 გარბენილ კილომეტრებს ნაიკის აპლიკაციით ვითვლი - Nike+ Running.  გული სიხარულით მევსება, როცა ვუყურებ, ყოველ შემდეგ რბენაზე როგორ უმჯობესდება შედეგი. თავიდან 1.5 კმ-ით დავიწყე, ახლა 5-ზე ვარ ასული. ხომ დიდი არაფერია, 5 კმ, მაგრამ როცა საკუთარი ოფლით აღწევ, როცა ნაბიჯ-ნაბიჯ (Literally!) მოხვედი აქამდე, დამიჯერეთ, შეუდარებელი გრძნობაა. გამარჯვების, მიზნის მიღწევის და უბრალოდ, კაიფის გრძნობა.

 ამბობენ, რომ დღეს სირბილი მოდურად იქცა. თუმცა, რამდენჯერაც ხმამაღლა ვახსენებ, ძირითადად, დაცინვის ობიექტი ვხდები ხოლმე "შენ რა უნდა ირბინო, ასეთმა გოგომ ("ასეთში" გამხდარი იგულისხმება)", "3 კმ ბევრი გგონია?" და ა.შ
 დიახ, 3 კმ ბევრია, როცა თავიდან იწყებ და შესაძლებელია, ადამიანი მარტო გახდომის მიზნით არ ვარჯიშობდეს.

 ვცდილობ, მეტი ინფორმაცია მოვიძიო სწორად სირბილთან დაკავშირებით და საკმაოდ ბევრ სტატიას ვკითხულობ, მაგრამ ჯერჯერობით სწორი სუნთქვა ვერ ვისწავლე :) იმედი მაქვს, ამასაც მალე შევძლებ და შემდეგ გამოცდილებას გაგიზიარებთ.

   და ბოლოს, რამდენი რჩევა და გამოცდილებაც არ უნდა წაიკითხოთ, როგორი კარგი და სასარგებლოა სირბილი, სანამ თავად არ გამოცდით, ვერ მიხვდებით როგორია ეს ყველაზე ხელმისაწვდომი და სასარგებლო ნარკოტიკი.