უკვე 3 წელი გახდა, რაც სადაზღვევო სფეროში ვმუშაობ. ეს არ არის ძალიან დიდი დრო, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ გაიგო ხალხის ძირითადი მოსაზრება დაზღვევაზე: უმეტესობა (ინტელექტის და განათლების დონისგან დამოუკიდებლად) თვლის, რომ დაზღვევა ორიენტირებულია ადამიანების მოტყუებაზე, ცდილობს ყველას უთხრას უარი, სამაგიეროდ გაჭირვებული ხალხისგან ყოველთვიურად მიიღოს თანხა და ამ დროს, დაზღვევის თანამშრომლები, ფეხი ფეხზე გადადებულები სხედან და სიგარეტს აბოლებენ, ან ყავას სვამენ.
ამაში განსაკუთრებით ბოლო კვირებში დავრწმუნდი, როცა ერთ-ერთ ბანკს ტრენინგს ვუტარებდით, კონკრეტულ სადაზღვევო პრდუქტზე. იმის მიუხედავად, რომ მონაწილეები ბოლომდე ჩავახედეთ სადაზღვევო სპეციფიკაში, ავუხსენით დაზღვევის მექანიზმი, რას მოიცავს კონტრაქტის პირობები, რამდენიმე დღის წინ, ტრენინგის მიწურულს, ერთ-ერთმა მონაწილემ დასკვნა გამოიტანა: "ესე იგი, სადაზღვევო კომპანია ორიენტირებულია, რომ დაზღვეულს რამე გამოუძებნოს და უარი უთხრას, ხომ?" აქ გავჩერდი. აზრი აღარ აქვს, რამე დაუმტკიცო ადამიანს, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ სადაზღვევო კომპანია თაღლითი და მატყუარაა. უბრალოდ, მას აზრს ვერ შეუცვლი. მაგრამ ახლა გადავწყვიტე, იქნებ როგორმე რაღაც წვლილი შევიტანო და იმ და სხვა ყველა ადამიანს, ვისაც ეს რწმენა ღრმად აქვს გამჯდარი, აქედან გავცე პასუხი:
არა, ჩემო მეგობარო, სადაზღვევო კომპანია არც თაღლითია და არც მატყუარა. ცხადია, დაზღვევა არ არის ქველმოქმედება, ყველას რომ ყველაფერი აუნაზღაურდეს, მაგრამ არც ტყუილის და თაღლითობის საფუძველზე მუშაობს.
მაინც, რა არის დაზღვევა?
დაზღვევა არის გარკვეული ტიპის რისკების გადაცემა სხვაზე, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. შედეგად, ის სხვა (ანუ სადაზღვევო კომპანია) ამ რისკებისგან მიღებული ზარალის ფინანსურ ანაზღაურებას იღებს საკუთარ თავზე.
სადაზღვევო კომპანია ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც თავის პირობებს გთავაზობს: რა თანხის სანაცვლოდ აგინაზღაურებს ამ რისკების შედეგად მიყენებულ ზარალს.
ეს ყველაფერი კარგადაა გაწერილი ხელშეკრულებაში, რომელიც დაზღვევის შეძენისას ფორმდება. ხელშეკრულებაში ნათლად წერია, რა შემთხვევები ანაზღაურდება და რა არ ანაზღაურდება. ეს ორი ერთმანეთს ავსებს და რაღაც ცარიელი სივრცე არ რჩება. ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შემთხვევები ფასწარმოქმნის მექანიზმია: რაც უფრო ნაკლებია არაანაზღაურებადი შემთხვევები, მით მეტია ყოველთვიურად გადასახდელი თანხა და პირიქით. ამიტომ, როცა კონკრეტულ დაზღვეულს დაჭირდება დახმარება, შესაბამისი ადამიანები ამ კონტრაქტის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას, ანაზღაურდება თუ არა ეს კონკრეტული შემთხვევა.
ცხადია, არსებობს არატიპური ქეისები, როცა ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია. ასეთ შემთხვევაში ხდება განხილვა, კონსულტაციის გავლა შესაბამის, კომპეტენტურ პირებთან (რომელიც შეიძლება არ იყოს დაზღვევის თანამშრომელი) და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება.
ამიტომ, სანამ დაზღვევას გააფორმებდეთ, სჯობს კარგად გაეცნოთ ხელშეკრულების
პირობებს. თუ თქვენი კონრკეტული მიზნით ეზღვევით, მაგალითად, ჯანმრთელობის
დაზღვევის შემთხვევაში გარკვეული ანალიზების ჩატარება გსურთ, ან ავტომობილს
აზღვევთ რაღაც კონკრეტული შემთხვევებისგან, მონახეთ კონტრაქტში, შედის თუ
არა თქვენთვის სასურველი მომსახურება ანაზღაურებად შემთხვევებში. თუ
კონტრაქტში სასურველი პასუხი ვერ ნახეთ, შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენს აგენტს,
დარეკოთ ცხელ ხაზზე და იქ გაარკვიოთ. ამით თავიდან აიცილებთ შემდგომ
გაურკვევლობებს. აღარ გეგონებათ რომ ტყუილად ყრით ფულს და დაზღვევა არაფერს
ანაზღაურებს.
შემდეგ მიზეზად არ გქონდეთ ის, რომ მენეჯერმა, რომელიც პირობებს გაცნობდათ, რაღაც დაგიმალათ ან მოგატუათ. არავინ არაფერს არ უმალავს. უბრალოდ სადაზღვევო პროდუქტების წარდგენისას ხაზგასმა ხდება, თუ რატომ უნდა იყიდოთ ეს პროდუქტი. თუ თქვენ დაინახეთ საჭიროება, მაშინ იძენთ დაზღვევას. მაგრამ სანამ ხელშეკრულებას გააფორმებდეთ, შეგიძლიათ გადახედოთ პირობებს, ხომ არ არის რაიმე თქვენთვის მიუღებელი? როგორც ზევით აღვნიშნე, პირობებში ეწერება ის შემთხვევებიც, რაც არ ანაზღაურდება.
მაგალითად, თუ თქვენ ნასვამს გიყვართ მანქანით ქუჩებში სიარული, მაშინ უნდა გახსოვდეთ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მომხდარ ავარიას დაზღვევა არ აგინაზღაურებთ და ეს გარკვევით წერია სადაზღვევო პირობებში.
დავუშვათ, კარგად გაეცანით პირობებს და დაეზღვიეთ. დადგა დრო, როცა დაგჭირდათ დაზღვევა, მაგრამ ანაზღაურებაზე უარი გეთქვათ.
არ მოგეწონათ მიღებული გადაწყვეტილება? არ არის საჭირო ხმამაღალი ლანძღვა, ყვირილი, მუქარა ტელეფონის, სოც.ქსელების თუ პირდაპირ, ოფისში მივარდნის საშუალებით. ამით თქვენ არანაირ დამატებით ბონუსს არ იღებთ იმ ადამიანების თვალში, ვინც ანაზღაურებაზე უარი გითხრეს (მეტსაც გეტყვით - პირიქით). სადაზღვევო კომპანიაში არსებობს დეპარტამენტი, სადაც კლიენტების პრეტენზიას განიხილავენ. შეგიძლიათ, ადგეთ, დარეკოთ ცხელ ხაზზე და ოპერატორს, ყოველგვარი წივილ-კივილის და გინების გარეშე (მას ხომ არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, არა?) სთხოვოთ, რომ გსურთ თქვენი უკმაყოფილების დაფიქსირება კომპანიის პასუხთან დაკავშირებით. თქვენი მოსაზრება ზემოთ ნახსენებ დეპარტამენტამდე რამდენიმე წუთში მივა და კიდევ ერთხელ დაექვემდებარება განხილვას. თუ თქვენ არც მათი პასუხი მოგეწონებათ, არც კონტრაქტის პირობები მოგწონს, მაშინ რატომღა ხართ დაზღვეული? უბრალოდ, ადექით და გააუქმეთ ეს დაზღვევა.
დაე, არასდროს დაგჭირდეთ დაზღვევის დახმარება, თუმცა, ვინაიდან არავინ არ ვიცით, რა მოხდება ხვალ ან ზეგ, მაინც ჯობია, ყველას გვქონდეს კიდევ ვიღაცის იმედი, გარდა საკუთარი თავისა.
და ეს ვიღაც ვინ ან რა იქნება, თქვენი გადასაწყვეტია :)
უკვე წლებია დაზღვევა მაქვს, მაგრამ აქამდე გამოყენებული არ მქონდა. ძირითადად იმიტომ რომ ვფიქრობდი დიდ ბიუროკრატიულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული (თან როროგრც წესი პროვაიდერი კლინიკები არ მაწყობდა ხოლმე). ორი კვირის წინ დამჭირდა გამოყენება, თან არაპროვაიდერ კლინიკაში და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. თურმე არც იმდენი საწვალებელია, ერთი ფორმა ასი წავიღე და წამლების ჩეკები მივედი ალდაგში პავლოვზე და ზუსტად 15 წუთში მოვაგვარე ყველაფერი. მართლა არ მეგონა ასე მარტივად თუ იქნებოდა
ReplyDeleteიდეაში, მაინც კარგია დაზღვევა, არ მგონია, რომ ფულის ყრაა. თუმცა, რამდენჯერმე გავბრაზდი კიდეც, როცა ორსულობის სწორად წარმართვისთვის გამოწერილ ძვირიან წამალს უბრალოდ საკვები დანამატი უწოდეს - რაც მცნარეულია, არ ვანაზღაურებთ,ეს დანამატიაო. არადა, აუცილებელი ხომ არაა, აუცილებლად ქიმია დავლიო, წამალი, წამალია,რასაც ექიმი გამოწერს. არ ვიცი, შესაძლოა ,ესეც ეწერა კონტრაქტში.
ReplyDeleteკიდევ არის რაღაც დეტალები,რასაც არ ვეთანხმები, მაგრამ მატყუარა და თაღლითი ნამდვილად არ მგონია :)
მიხარია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო დაზღვევის სარგებელი. ადრე ცოტას ესმოდა დაზღვევის მნიშვნელობა. მე კორპორაციული დაზღვევა მაქვს და ძალიან კომფორტულად ვსარგებლობ. კურაციო ნაშ რადნოი დომ :) : ) :)
ReplyDelete