Wednesday, December 7, 2016

საუკეთესო ბურგერი თბილისში

 თუ თქვენ სიტყვა "ბურგერის" გაგონებისას, პირველი მაკდონალდსის, ვენდისის ან ნებისმიერი სხვა ფასთ ფუდის ბურგერი მოგდით თავში, ეს პოსტი ორმაგი ყურადღებით წაიკითხეთ. მცდარი წარმოდგენებიც დაგენგრევათ და ასევე, ახალ ჭეშმარიტებას ეზიარებით, რომელსაც ნამდვილი, კარგი ბურგერი ჰქვია.

არ ვიცი, საიდან დავიწყო წერა. ბურგერზე ემოციების გარეშე საუბარი მიჭირს. ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან :)  მაგრამ ძალიან შორიდან მომიწევს მოვლა და ამიტომ, პირდაპირ საქმეზე გადავალ.

ამა წლის ზაფხულიდან, მე და ჩემმა მეგობარმა ერთგვარი კვლევა ვაწარმოეთ - მოვიარეთ თბილისში არსებული საკვები დაწესებულებები, რომლებიც მენიუში ბურგერს გვთავაზობდნენ. უფრო სწორედ, სადაც ბურგერი ამ დაწესებულების მთავარი კერძი იყო.
თავიდან ეს ჩანაფიქრი არ გვქონია, მაგრამ იდეა მალევე გაგვიჩნდა და სისრულეში მოვიყვანეთ.

ბურგერებს ვაფასებდით რამდენიმე კომპონენტის მიხედვით, როგორიცაა - ხორცი, პური, სოუსი და გარნირი. ყველა ამ კომპონენტს დავუწერეთ შესაბამისი ქულა (მაქსიმალური  იყო 5) და საბოლოოდ, საშუალო ქულა გამოვიყვანეთ.

ჩვენი ბურგერ-მოგზაურობის შედეგები ასეთია:


 • ბურგერ ჰაუსი

მისამართი: ალ.პუშკინის 25
შეფასება: 5⋆

ბევრი ლაპარაკის გარეშე გეტყვით, რომ ჩვენი უპირობო ფავორიტი ბურგერ ჰაუსი გახდა. როგორც ბურგერში, ასევე გარნირში, ყველაფერი ჰარმონიულადაა შერწყმული. ხორცი - იდეალურად შეზავებული და დამუშავებული. გარნირი ძალიან ჯანსაღი და ამასთან, გემრიელი.
ბურგერ ჰაუსში ორჯერ ვიყავით, პირველად გავსინჯეთ ჩიზბურგერი, მეორედ ბურგერი კვერცხით. ორივე იყო ერთნაირად კარგი.


ჩიზბურგერი

ერთადერთი შენიშვნა რაც მაქვს, ისაა, რომ ხორცის შეწვის დონეს არ გეკითხებიან. არადა, ვფიქრობ, ძალიან საჭიროა ამ დეტალის დაზუსტება. სხვა მხრივ, ნაკლი არ აქვთ :)

ბურგერი კვერცხით


Pipes Burger Joint

მისამართი: ვაშლოვანის 8
შეფასება: 4.2⋆

პაიპსის ბურგერიც ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტ ქულას იმსახურებდა, უბრალოდ, ორი ადამიანის შეფასებიდან საშუალო ასეთი გამოვიდა :)
ხორცი აქვს ძალიან კარგი და არ ჩამოუვარდება ბურგერ ჰაუსისას.
არ მოგვეწონა მათი სოუსი, ჩვეულებრივი, ნაყიდი კეტჩუპის გემო ჰქონდა. სამაგიეროდ, შეკვეთისას გეკითხებიან, ხორცის მომზადების როგორი დონე გსურს, რაც ძალიან მომწონს (თუმცა, ერთ-ერთი მისვლისას მედიუმი ვუთხარი და თითქმის rare მომიტანეს, რისი ჭამაც ძალიან გამიჭირდა, ფაქტობრივად უმი ხორცი იყო).

პირველი მისვლისას გავსინჯე ბურგერი (რომლი სახელიც, სამწუხაროდ აღარ მახსოვს)   ძალიან გემრიელი სოუსით, მაგრამ სოუსს იმდენად ბევრი პილპილი ჰქონდა, რომ სულ პილპილის გემოზე იყო წასული და ამიტომ სხვა ინგრედიენტები (მათ შორის ხორციც) "დაიჩაგრა".


ბურგერი პილპილის სოუსით

პაიპსში რასაც ვაღმერთებ, არის ხახვის ჯემი. აბსოლუტური შედევრია! საშინლად უხდება ხორცს. მეორე მისვლისას ჩიზბურგერი შევუკვეთე და მართალია, ამ ბურგერში სტანდარტულად ხახვის ჯემი არ შედიოდა, მაგრამ შემომთავაზეს, რომ დამიმატებდნენ და კიდევ ერთხელ ვეზიარე ამ საოცრებას.

ჩიზბურგერი


  ბურგიო

მისამართი: ამაღლების 8
შეფასება: 4.2⋆

ბურგიო ძალიან პატარა და საყვარელი საბურგერეა.
აქვთ ერთი მთავარი ბურგერი და ასევე, ყოველკვირეულად სხვადასხვა ტიპის Special ბურგერს გვთავაზობენ. ჩვენ როდესაც ვიყავით, კვირის ბურგერის ერთ-ერთი ინგრედიენტი კარალიოკი იყო და ამიტომ ეგრევე უარი ვთქვით :) ჩვეულებრივი, მუდმივი ბურგერი შევუკვეთეთ.
აი, რატომღაც, დიდი მოლოდინებით მივდიოდი და ძალიან მინდოდა, კარგი გამომდგარიყო. ამიტომ, ძალიან გამიხარდა, რომ სრულად გამიმართლდა ეს მოლოდინები - ბურგერი აღმოჩნდა ძალიან კარგი.
მთავარი ინგრედიენტი, ხორცი, კარგად შეზავებული და უგემრიელესია. ბურგერში იყენებენ თავიანთ მომზადებულ ბეკონს, რომელიც საშინლად გემრიელია. ასევე, გარნირი, ფრი, უფრო სქელ ნაჭრებადაა დაჭრილი, ვიდრე სტანდარტული ფრი. მოჰყვება სოუსი, რომელიც არის ხალაპენიოთი და ძალიან უხდება ფრის.


ბურგიოს ბურგერი

 მოკლედ, ყველაფერი კარგი აქვთ. იმედია, გაფართოვდებიან, სივრცე საკმაოდ პატარაა.
ეს იმდენად პრობლემური არ იყო, რამდენადაც გამწოვის არარსებობა (ან ცუდი მუშაობა). ჩვენი ბურგერების მზადების პროცესი სრულად აისახა ჩემს თმასა და ტანსაცმელზე. მთლიანად გაიჟღინთა შემწვარი ხორცის სუნით და არც გზად განიავდა, ტრანსპორტშიც იგივე სუნით ვიჯექი :)


რესპუბლიკა გრილ ბარი

მისამართი: პავლე ინგოროყვას 19
შეფასება: 3.75⋆

რესპუბლიკა გრილ ბარი საბურგერე არაა, მაგრამ რამდენიმე სახის ბურგერი აქვთ. აქაურ ბურგერს ისეთი გარნირი მოყვება, რომ თავად ბურგერსაც ფარავს. არ ვიცი, ეს გარნირის სასარგებლოდ  მეტყველებს თუ ბურგერის საზიანოდ :) გარნირების არჩევანიც საკმაოდ დიდია. მე ორივე მისვლისას გარნირად ბოსტნეული გრილზე ავიღე, რომელიც არის სასწაული რამ.  ხის სოკოს გემო არის უბრალოდ ღვთაებრივი. გარნირს ასევე მოჰყვება სოუსი, რომლის რამდენიმე ვარიანტი აქვთ. მე გავსინჯე სოკოს სოუსი და მწვანილის სოუსი, ორივე ძალიან კარგია და მდიდარია გემოებით.
პირველ ჯერზე გავსინჯე სტეიკ-ბურგერი, მეორედ - ჩიზბურგერი. ზუსტად არ ვიცი, რატომ არ გადავირიე მათ ბურგერზე. ცუდი ნამდვილად არ არის, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ გრილის არომატზეა წასული ყველაფერი და სავარაუდოდ, ეს მიშლიდა ხელს გემოების აღქმაში.

ჩიზბურგერი


ბურგერ ბარი

მისამართი: ფალიაშვილის 32ა / ყაზბეგის გამზ.15
შეფასება: 2.3

 ბურგერ ბარი სრული იმედგაცრუება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბურგერების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი აქაა, არც ერთი მათგანი ღირს იქ მისვლად. ვერ ვიტყვი, რომ საშინელი ბურგერია და არ იჭმება. მაგრამ თუ კარგი ბურგერის ჭამა გინდა, ბურგერ ბარში ნამდვილად არ უნდა მიხვიდე, როცა არსებობს სხვა, ბევრად კარგი (ზემოთ ჩამოთვლილი) საბურგერეები. ხორცი ძალიან ნეიტრალური გემოთი იყო, ინდივიდუალიზმს მოკლებული. სოუსს მძაფრად დაჰკრავდა მაიონეზის გემო.

ჩიზბურგერი

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბურგერეა, უამრავი სხვა კერძის არჩევანი აქვთ, სუპებიდან დაწყებული, სტეიკით დამთავრებული.


Black Dog Bar

მისამართი: ლადო ასათიანის 33
შეფასება: 2.5

Black Dog Bar ამ ზაფხულს გაიხსნა. ვინაიდან თავიანთ ფეისბუქის ფეიჯზე ბურგერს აქტიურ რეკლამას უკეთებდნენ, ამიტომ წავედით. თუმცა მოლოდინი არ გაგვიმართლდა. მე განსაკუთრებით იმედგაცრუებული დავრჩი, ბურგერის ხორცი იყო ცუდი, გემოთი ძალიან ჰგავდა ქაბაბს და არაფრით ჯდებოდა ბურგერის ესთეტიკაში :) ერთადერთი, რაც მომეწონა, იყო ფრი, ძალიან კარგად შეზავებული სუნელებით. სხვა მხრივ, აქ ბურგერის საჭმელად წასვლა არ ღირს. თუმცა გარემო ძალიან კარგია, პერსონალი - ღიმილიანი და მეგობრული. მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად მშვენიერი ადგილია.

ფოტო ხარისხით ვერ დაიკვეხნის :)

11 comments:

  1. პაიპსს თუ ჯობია, მალე უნდა გავსინჯო ბურგერ ჰაუსი :)))

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, აუცილებლად ^_^ გემოვნების ამბავია, შესაძლოა პაიპსს არ ამჯობინო, მაგრამ აუცილებლად მოგეწონება :)

      Delete
    2. ერთი ხარისხის ხორცია ორივე, ვერ ვიტყვი რომ დიდად უკეთესია ბურგერ ჰაუსი :(

      Delete
  2. natalia ragac minda gtxovo... sopis blogs vegar vkitxulob micers rom avtoris tanxmoba unda rom shevide blogze da iqneb miacvdinot xmaa:)gvanca...

    ReplyDelete
    Replies
    1. გვანცა, მეილს მივწერ და პასუხს გაცნობებ :)

      Delete
  3. ვეთანხმები ყველაფერს თითქმის და ბიგ სმოუქის ბურგერი გასინჯეთ კიდევ, ბელიაშვილზე, ლუდის მოედანის წინ. გადასარევია ჩემი აზრით <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ვერ გადავყლაპე ისეთი ცუდია ეგ

      Delete
    2. მეც მსმენია მაგათი ბურგერის ქება, გავსინჯავ აუცილებლად ^_^

      Delete
  4. ავტორის კვალიფიკაცია მაინტერესებს, რის საფუძველზე აფასებს, ან რა არის yardstick კარგის და ცუდის.

    ReplyDelete
    Replies
    1. წინადადების მეორე ნაწილი ვერ გავიგე :)

      Delete
  5. მხოლოდ ბურგერ ბარში მაქვს ნაჭამი 5 ყველის ბურგერი, ძალიან ბევრი აქეს და სპეციალურად მივედი. რა ვთქვა, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. ბურგერი არ მომეწონა, სახლში უფრო გემრიელს ვამზადებ უბრალო კატლეტით. ცივი ჩაი შემოგვთავაზეს და ძალიან ცუდი იყო. კიდევ მიმტანი ბიჭი იყო საშინლად შემაწუხებელი.

    ReplyDelete